მთავარი,სიახლეები

დავა შვილისთვის – როცა ქალს თურქეთში განქორწინება და საქართველოში დაბრუნება სურს 

20.10.2022 • 5660
დავა შვილისთვის – როცა ქალს თურქეთში განქორწინება და საქართველოში დაბრუნება სურს 

26 წლის ფატმა ცინცაძე 4 წელია მისი 5 წლის შვილის დასაბრუნებლად იბრძვის. ბავშვი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა და ახლა სტამბოლში, მამის სახლში ცხოვრობს.

ფატმა კი საქართველოშია და  მზად არის ნებისმიერი სამუშაო შეასრულოს, იმისათვის, რომ სტამბოლში წასასვლელი ფული მოაგროვოს. მას რეგულარული სამსახური არ აქვს.

„დღეს დილიდან სახლს ვალაგებდი, 80 ლარი ავიღე,“ – ამბობს და იმასაც გვეუბნება, რისთვის სჭირდება ფული. მალე სტამბოლში სასამართლო პროცესი იქნება, სადაც უნდა გადაწყდეს, ვის დარჩება ბავშვი – მამას თუ დედას. ფატმას ჯერ წასასვლელი ფული არ აქვს და ძალიან ეშინია, რომ შეიძლება ვერც შეაგროვოს საჭირო თანხა.

ფატმა თურქეთის მოქალაქეზე 2017 წელს საქართველოში დაქორწინდა. მოგვიანებით წყვილმა ქორწინება გააფორმა თურქეთშიც. წყვილი ბათუმში ცხოვრობდა და ქორწინების დროს დადებული სიტყვიერი შეთანხმებით, მომავალშიც საქართველოში უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება.

ფატმას მონათხრობის თანახმად, მისი ქმარი კაზინოს ხშირი სტუმარი იყო, ამის გამო კი ახალგაზრდა ოჯახში პირველი კონფლიქტი დაიწყო. როცა ბავშვი გაჩნდა, ფატმა ქირას და ოჯახის ხარჯს ვეღარ აუდიოდა. ამიტომ განქორწინება გადაწყვიტა. მათი საერთო შვილი ამ დროს 1 წლის იყო.

„ერთ დღეს მოვიდა ჩემი ქმარი და მითხრა, საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ვნახე, იქ წავალ, ვიმუშავებ, ოღონდ ოჯახი არ დაანგრიოო. მთხოვა, წასვლამდე ბავშვთან ერთად თურქეთში წავსულიყავით ორი კვირით, მის ოჯახთან. შემდეგ ის სამუშაოდ წავიდოდა, მე კი საქართველოში დავბრუნდებოდი,“ – იხსენებს ფატმა.

სტამბოლში ჩასვლისას აღმოჩნდა, რომ მისი ქმარი არც საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და არც საქართველოში დაბრუნებას. ფატმას ჩამოართვა მისი და ბავშვის პირადობა, ასევე, დაუხია მინდობილობა.

„მამამთილმა ასე მითხრა: ბავშვი თუ გინდა, იყავი ბავშვის გვერდით, თუ არა, კარი ღიაა და შეგიძლია წახვიდეო. წასვლისას ადვოკატთან მივალთ, ხელს მოაწერ საბუთს, რომ ბავშვს ვტოვებ მამასთან და ისე მიდიხარო. რა თქმა უნდა, ამაზე უარი ვთქვი და დავრჩი,“ – იხსენებს ფატმა ცინცაძე.

ამ ამბიდან მალევე ფატმას დედას ინფარქტი დაემართა და ის იძულებული გახდა დროებით საქართველოში დაბრუნებულიყო. საქართველოში ჩამოსულმა ადვოკატებს მიმართა, რომლებმაც ჰააგის კონვენციის მიხედვით, ბავშვის გატაცების საქმეზე სასამართლო საქმის წარმოება ურჩიეს.

ჰააგის კონვენცია და ფატმას გადაწყვეტილება

ჰააგის კონვენცია ძალაში 1983 წელს შევიდა და ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტებს მოიცავს.

ჰააგის კონვენციას მიერთებულია თურქეთიც და საქართველოც. ეს ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმია იმისათვის, რომ თუკი რომელიმე მშობელი არამართლზომიერად წაიყვანს ბავშვს, მეორე მშობელმა მისი ქვეყანაში სწრაფად დაბრუნება შეძლოს.

მშობელმა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილი მეორე მშობელმა მეურვეობის უფლების დარღვევით წაიყვანა სხვა ქვეყანაში, შეუძლია მიმართოს იუსტიციის სამინისტროს. საქმეში ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებები ერთვებიან. სასამართლოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ბავშვის დაბრუნების ან არ დაბრუნების შესახებ.

„2018 წელს დავიწყე სასამართლო პროცესი ბავშვის დაბრუნებაზე. საქმე განხილვაზე იყო. სამუშაოზეც შემამოწმეს, სახლიც შემიმოწმეს. ჩემმა ქმარმა იცოდა, რომ წააგებდა სასამართლოს. 2 წლის იყო ბავშვი მაშინ. როცა ჩავედი სტამბოლში სასამართლოზე, მეხვეწა, მემუდარა – ფატმა, სასამართლო არც შენ მოგცემს შვილს, არც მე და თავად წაიყვანსო და მერე იქიდან ვეღარ გამოვიყვანთო.

ახლა თურქული ენაც ვიცი და კანონებშიც გავერკვიე, მაგრამ მაშინ კანონები არ ვიცოდი. ჩემი ქმარი მემუდარებოდა, მოდი, შევრიგდეთო, ჩვენ გამო ბავშვი არ მოიჭყლიტოს და ზაფხულში ერთად ჩავიდეთ სამივე ბათუმშიო. სასამართლოზე ვთქვი შევრიგდით მე და ჩემი ქმარი-მეთქი და უარი ვთქვი სასამართლო განხილვის გაგრძელებაზე.

ახალგაზრდა გოგო იყო მოსამართლე. არასდროს დამავიწყდება, გამომძიებელს უთხრა – ჰააგის კონვენციაზე საქმე პირველად მაქვს აღებული და არ მინდა შეცდომა დავუშვაო,“ – იხსენებს ფატმა.

შეწყვეტილი სასამართლოდან მალევე პანდემია დაიწყო. საზღვრები ჩაიკეტა. ფატმა ქმარს შეურიგდა და ორი წლით დარჩა თურქეთში. ამასობაში ფატმას დედამ კიდევ ერთი ინფარქტი მიიღო, ფატმას კი ისევ მარტო მოუწია საქართველოში დაბრუნება. მისმა ქმარმა პირობა დაარღვია და ბავშვი არ გამოატანა.

ამას მოჰყვა ახალი კონფლიქტი. ცემა, პოლიციაში ჩივილი და ამის გამო ქმრის ოჯახიდან მუქარა.

ფატმა ცინცაძემ ახალი სასამართლო დავა დაიწყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჰააგის კონვენციას ვეღარ გამოიყენებდა, რადგან ვადები გაშვებული იყო, ამასთან პირველ შემთხვევაში თავად შეწყვიტა სასამართლო.

კიდევ ერთი შეცდომა განქორწინების პროცესის დროს დაუშვა: ხელი საქართველოში გააწერა, შედეგად კი თურქეთშიც განქორწინებული აღმოჩნდა და იქ განქორწინებაზე ახალი პროცესი ვეღარ დაიწყო. ახლა ერთადერთი იმედი მეურვეობაზე დავაა.

„საქართველოშიც ვიყავი დაქორწინებული და თურქეთშიც. შეცდომა დავუშვი, არ ვიცოდი, აქ როცა ხელს გააწერ, თურქეთშიც განქორწინებული ხდები. ახლა სასამართლოს მეშვეობით ვაკეთებ განქორწინების დამოწმებას. აქაური საბუთი მიმაქვს თურქეთში, რომ ბავშვის მეურვეობაზე შევიტანო განაცხადი,“ – ამბობს ფატმა.

რა უნდა იცოდეთ, სანამ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დაქორწინდებით

ადვოკატი ლელი ბჟალავა ამბობს, რომ ძირითადი პრობლემები უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ქორწინებისას იმიტომ უჩნდებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ იცნობენ იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეზეც ქორწინდებიან.

ქონებრივი დავის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო როდესაც განქორწინების პროცედურას იწყებს წყვილი, სასამართლო წლები გრძელდება.

„განქორწინება რთული პროცესია თურქეთში. არ ხდება ისე მალე, როგორც ჩვენთან. როდესაც მხარე მიმართავს სასამართლოს და ამბობს, რომ განქორწინება უნდა, შეიძლება 10-15 პროცესი ჩატარდეს, მაგრამ სასამართლომ არ გამოიტანოს გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტაზე.

მქონდა ერთი ქეისი, თურქეთის მოქალაქე კაცი ითხოვდა განქორწინებას, რადგან უნდოდა ხელახლა დაქორწინებულიყო საქართველოს მოქალაქეზე. მისი იმჟამინდელი მეუღლე იყო წინააღმდეგი. ზუსტად სამი წელი დასჭირდა განქორწინების პროცესს, რადგან მეუღლე, რომელთანაც საერთო შვილიც კი არ ჰყავდა, ამბობდა, რომ არ უნდოდა დაშორება. თურქეთში, თუ ქალი ან კაცი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგია, ძალიან რთულია განქორწინების პროცესი.

თან ამ პროცესის წარმოებას სჭირდება ფინანსები, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ქალებს არ აქვთ. მაგალითად, სამოქალაქო საქმეებზე ადვოკატები დაახლოებით 10 ათას ლირას იღებენ. ახლა შეიძლება გაზრდილიცაა ეს თანხა,“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

მისივე თქმით, ხშირად საქართველოს მოქალაქეები დაუცველები არიან იმიტომაც, რომ არ აქვთ მოწესრიგებული საემიგრაციო საბუთები. ამიტომ, ქორწინებამდე აუცილებელია საემიგრაციო სტატუსის მოწესრიგება, კანონით რომ იყო დაცული.

როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლებები

ოჯახები უმეტესად სიყვარულით იქმნება და ქორწინების პირველ თვეებში არავინ გეგმავს განქორწინებას, არც მოსალოდნელ პრობლემებზე ფიქრობს ვინმე. იმისათვის, რომ ქალი ან კაცი სამართლებრივად დაცული იყოს, საჭიროა გაფორმდეს საქორწინო კონტრაქტი.

საქართველოში, ისევე როგორც თურქეთში, საქორწინო ხელშეკრულების დადებას ერთგვარი ტაბუ ადევს და მისი გაფორმება გარკვეულწილად უხერხულიც კია. თუმცა როცა სიყვარული მთავრდება, საქორწინო კონტრაქტი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხდება.

საქორწინო ხელშეკრულება იდება მხოლოდ ქონებასთან მიმართებით და კონტრაქტი არ არეგულირებს ბავშვებთან ურთიერთობას. საქორწინო კონტრაქტი წინასწარ განსაზღვრავს და აწესრიგებს საკუთრების უფლებას. საქორწინო ხელშეკრულების დადება ხდება ნოტარიუსის მეშვეობით. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილია.

ფატმას გეგმები

თუ თურქეთის სასამართლო ფატმას შვილზე მეურვეობას არ დაუბრუნებს, ფატმა აპირებს საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდეს და ბინა იმ ქუჩაზე იქირავოს, სადაც მისი ყოფილი ქმრის ოჯახი ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ეს იქნება ერთადერთი გზა, კავშირი ჰქონდეს საკუთარ შვილთან, სანამ ის სრულწლოვანი გახდება.

„როცა სამუშაოს ვშოულობ, ზოგჯერ 16 საათსაც კი ვმუშაობ დღეში იმისათვის, რომ ფული მოვაგროვო და ჩემს შვილთან ვიყო. შეიძლება მე სასამართლომ მეურვეობა არ მომცეს, მაგრამ ვაპირებ იქვე ახლო ქუჩაზე ვიქირაო ბინა, რომ ჩემი შვილის ნახვის შესაძლებლობა მქონდეს. შეიძლება ღამე ერთად ვერ დავიძინოთ, მაგრამ გვერდით უნდა ვიყო, გვერდით ქუჩაზე, გვერდით სახლში.

ჩემმა ამბავმა მასწავლა, რომ თუ ოჯახში რაღაც ისეთი რამე მოხდა, რასაც ხვდები, რომ მთელი ცხოვრება ვერ აიტან, უნდა წახვიდე. ასეთი ადამიანი ცხოვრებაში არ გამოსწორდება.

სანამ პირველ სასამართლოზე ვიტყოდი, რომ ქმარს ვურიგდებოდი, დედაჩემს ვეუბნებოდი – ახლა კი ვწყვეტ საქმეს სასამართლოში, მაგრამ მეორედ რომ მსგავსი გამიკეთოს ჩემმა მეუღლემ, ხომ ისევ სასამართლოში მექნება საქმე-მეთქი.

ვფიქრობ, შეცდომა მეორედ აღარ უნდა დაუშვა. თუ პრობლემა არ გვარდება, დასაწყისში უნდა გაირკვეს ყველაფერი და ყველა თავის გზაზე წავიდეს.

რასაც მივხვდი, ცხოვრებაში ქმარი რომ გაგიმეტებს, ისე ვერავინ გაგიმეტებს. ყველანაირად შეუძლიათ, რომ გაგიმეტონ“.

განქორწინება თურქეთში

როგორია თურქული კანონმდებლობა, როცა ქალი განქორწინებას გადაწყვეტს? „ბათუმელები“ ამ თემაზე ადვოკატ ისმაილ ჰაკკი ჰათიფოღლუს ესაუბრა. ის საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების სამოქალაქო საქმეებზე მუშაობს.

ადვოკატის თქმით, როდესაც საქართველოს მოქალაქე თურქეთის მოქალაქეზე საქართველოში ქორწინდება, სასურველია ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინონ თურქეთშიც, რადგან ასე შესაძლებელი ხდება ყველა იმ შეღავათით და ბენეფიტით სარგებლობა (სამედიცინო დაზღვევა თუ სხვა სოციალური სერვისები), რაც თურქეთის სახელმწიფოს აქვს საკუთარი მოქალაქეებისთვის.

თუკი დაქორწინებული წყვილი განქორწინებას გადაწყვეტს, საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად, თურქეთშიც ქორწინების შემდეგ დაგროვილი ქონება თანაბრად იყოფა.

არსებობს ორი სახის განქორწინება – შეთანხმებული და შეუთანხმებელი.

„ქორწინების თარიღიდან თუ ერთი წელია გასული, შეიძლება შეთანხმებით განქორწინება. მაგრამ თუ ერთი წელი არაა გასული, სერიოზული მიზეზი უნდა იყოს განქორწინებისთვის, შეთანხმებით ვერ განქორწინდები.

შეუთანხმებელი განქორწინების დროს საქმეს განიხილავს სასამართლო. განქორწინების შემდეგ ქალს ეკუთვნის ალიმენტი. ქალს შეუძლია ორი ალიმენტი მოითხოვოს – თავისთვის და შვილისთვის, თავისთვის ცალკე, საერთო შვილისთვის ცალკე.

თურქეთის კანონმდებლობით, კაცმა ქალს ალიმენტი იქამდე უნდა გადაუხადოს, სანამ მეორედ არ დაქორწინდება ქალი. მაგრამ თუ ქალი არასდროს დაქორწინდა, კაცი ვალდებულია მთელი ცხოვრება უხადოს ალიმენტი.

ახლა მიდის დისკუსია თურქეთის პარლამენტში ამ კანონის ცვლილებაზე, ვადა დაწესდესო – 10-20 წელი, მაგალითად, და არ იყოს სამუდამო, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

ალიმენტის რაოდენობა დამოკიდებულია ქმრის შემოსავალზე. მაგალითად, თუ ქმარს ხელფასი აქვს 10 ათასი ლირა, დაახლოებით ¼ დაინიშნება ალიმენტად ამ ხელფასიდან. რაც შეეხება შვილებს, გოგო შვილი თუ ჰყავს, იქამდე უნდა უხადოს მამამ ალიმენტი შვილს, სანამ ის არ დაქორწინდება. თუ ბიჭია, 18 წლამდე. თუ ბიჭი სწავლობს და სტუდენტია, მაშინ 25 წლამდე არის მამა ვალდებული უხადოს ალიმენტი.

თუ კაცი ალიმენტს არ იხდის, მაშინ მოუწევს ციხეში წასვლა. დაახლოებით 3-4 თვეა სასჯელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ალიმენტის გადახდის ვალდებულება მოეხსნა. ის გროვდება და მაინც გადასახდელია. ხშირად განქორწინების დროს ცოლ-ქმარი თანხმდება: ქალი საკუთარი სურვილით ამბობს უარს პირად ალიმენტზე და მხოლოდ შვილების ითხოვს,“ – გვიხსნის თურქეთში განქორწინების თავისებურებებს ისმაილ ჰაკკი ჰათიფოღლუ.

  • ვის რჩება შვილები, როცა ქმარი თურქეთის მოქალაქეა და ცოლი უცხოელი

თურქული კანონმდებლობა ფურცელზე ქალთა უფლებებს იცავს. სასამართლო დავებისას ქალს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, უპირატესობა აქვს. მაგრამ არსებობს კულტურული ფაქტორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ისმაილ ჰაკკი ჰათიფოღლუს თქმით, თუკი მოსამართლე ხედავს, რომ უცხოელმა დედამ შეიძლება ბავშვი სხვა ქვეყანაში წაიყვანოს, მაშინ შესაძლოა მან გადაწყვეტილება მამის სასარგებლოდ მიიღოს და ბავშვი მამას მიაკუთვნოს.

„თუ განქორწინება შეთანხმებით ხდება, იმ შეთანხმებაში ჩაიწერება შვილი ვისთან უნდა დარჩეს. შეთანხმების გარეშე თუ ხდება განქორწინება და ბავშვი არის 3 წლამდე, მაშინ სასამართლო აუცილებლად დედას მიაკუთვნებს.

თუ ბავშვი 3 წელზე უფრო დიდი ასაკისაა, შეიძლება მოსამართლემ მამას მიაკუთვნოს. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს. ჩართულია ფსიქოლოგი. ბავშვს კითხავენ და მოგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, განქორწინების დროს, მოსამართლე ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას, მამასთან იყოს თუ დედასთან,“ – ამბობს ადვოკატი.

მოქალაქეობის საკითხი

ჯერ კიდევ 20 წლის წინ თურქეთის მოქალაქესთან ქორწინება უცხოელს ავტომატურად ხდიდა თურქეთის მოქალაქეს. ახლა ეს კანონი შეცვლილია. ქორწინებიდან მხოლოდ სამი წლის გასვლის შემდეგ შეუძლია ქორწინებაში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს განაცხადის შეტანა თურქეთის მოქალაქეობაზე.

დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შეინარჩუნოს მოქალაქეობა, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: