მთავარი,სიახლეები

როგორ ხდება განქორწინება, როცა ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია – იურისტის რჩევა

27.03.2021 • 5457
როგორ ხდება განქორწინება, როცა ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია – იურისტის რჩევა

როგორ ხდება განქორწინება და ქონების გაყოფა – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამ თემაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს „ბათუმელების“ ახალ რუბრიკაში „იურისტის რჩევები“. კვირაში ერთხელ „ბათუმელების“ იუთუბარხზე თქვენ იურისტის რჩევები შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

ასევე შესაძლებელია, „ბათუმელების“ ფეისბუქ და იუთუბგვერდებზე მოგვწეროთ, თქვენ რომელ საკითხზე გსურთ იურისტისგან რჩევის მიღება.

  • ბატონო გიორგი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როგორ ხდება განქორწინება? 

განქორწინების სამართლებრივი რეგულირება ორ ნაწილად არის წარმოდგენილი. პირველი ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი, როცა ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს შეუძლია მიმართოს იუსტიციის სახლებში განთავსებულ სერვისების განვითარების სააგენტოს და განცხადებით დააფიქსირონ თავიანთი სურვილი განქორწინებასთან დაკავშირებით. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თუკი ვერ ახერხებს ორივე მხარე ერთდროულად მისვლას, შესაძლებლობა აქვთ ცალ-ცალკე გამოცხადდნენ იუსტიციის სახლში.

როცა ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია განქორწინების, ეს უარი ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, როდესაც უარს არსებითი ძალა აქვს. ეს არის ცოლის ორსულობის შემთხვევა, ასევე ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს არა აქვს უფლება მოითხოვოს განქორწინება და არც უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. ეს არის სამართლებრივად დამაბრკოლებელი გარემოება.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ხშირად მხარე აპელირებს უამრავ გარემოებაზე, თუ რის გამო არ სურს მას განქორწინება, თუმცა ეს ვერ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. შესაბამისად, ადამიანს თუ სურს მეუღლესთან განქორწინება, შეუძლია, პირველ ეტაპზე შეთავაზება გაუკეთოს მეუღლეს, რომ მივიდნენ სერვისების განვითარების სააგენტოში, ხოლო თუ უარზეა ერთ-ერთი მხარე, რჩება სასამართლოს გზა.

  • რა დოკუმენტაცია სჭირდება განქორწინებას?

დოკუმენტაციის ჩამონათვალი არ არის ფართო, ეს არის მხოლოდ პირადობის მოწმობა, რომლითაც შეუძლიათ მხარეებს მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს და დააფიქსირონ საკუთარი სურვილი. სასამართლოს შემთხვევაში ცოტა რთული მექანიზმი გვაქვს, ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვა საჭიროებს სპეციალური ფორმის შევსებას, რასაც ხშირ შემთხვევაში იურისტის გარეშე ვერ მოახერხებთ. აქ გარკვეულ გარემოებებს სჭირდება სწორად შევსება, ფაქტების სწორად მითითება იმისათვის, რომ შემდეგ სასამართლომ შეძლოს სამართალწარმოების დაწყება.

სასამართლოსთვის მიმართვის დროს აუცილებელია ქორწინების მოწმობა ორიგინალის სახით. ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როცა ეს დოკუმენტი დაკარგულია, ან არ მოეპოვება მხარეს. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს და რამდენიმე დღეში მიიღებთ მას. შესაბამისად, ქორწინების დოკუმენტის არქონა არ არის შემაფერხებელი ფაქტორი. სასამართლოს სპეციალური ფორმა უნდა შეავსოთ პირადად, ან იურისტის დახმარებით.

თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ასევე ბაჟის გადახდა, რაც არის არანაკლებ 100 ლარი, თუ არ არის ქონებრივი დავა.

თუ ქონებრივი დავაც გაქვთ და მეუღლეებს შორის არსებობს დავა ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, მაშინ სამართალწარმოების ხარჯი იზრდება და ამ შემთხვევაში ბაჟი შეადგენს დავის საგნის არანაკლებ 3 %-ს, ანუ ქონება უნდა შეფასდეს და ამ ღირებულების 3 % უნდა შეიტანოთ წინასწარ. სასამართლოს სპეციალურ ფორმას, რომელსაც შეავსებთ, დაურთავთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და წარადგენთ სასამართლოს კანცელარიაში. ამის შემდეგ თქვენ ამ დოკუმენტაციას უგზავნით მეუღლესაც და იგი ვალდებულია, გიპასუხოთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან თუ სასამართლოც ვერ მოახდენს მხარეთა შერიგებას – ამისთვის სასამართლოს აქვს არაუმეტეს 6 თვე, თუ ამ ვადაში ვერ მოხერხდება მხარეთა შერიგება, სასამართლოს აქვს უფლება მიიღოს მხარეთა განქორწინების გადაწყვეტილება.

  • ვისთან რჩებიან შვილები განქორწინების დროს? 

ჩვენი კანონმდებლობა მშობლის უფლებებს თანაბარწილად განიხილავს, თუმცა სამართალწარმოების დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დედა არის უპირატესობის მქონე, თუ ბავშვი არის მცირეწლოვანი, მეძუძური და საჭიროებს გარკვეულ ყურადღებას. როდესაც მიმდინარეობს დავა, ვისთან იცხოვრებს ბავშვი, ამ შემთხვევაში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. მაგრამ თუ ეს გარემოებები არ გვაქვს, მაშინ საკითხის განხილვა მიმდინარეობს შემდეგი შეფასებით: ვისი სოციალური, ან ოჯახური ფაქტორი ახდენს ბავშვზე განსაკუთრებით დადებით ზეგავლენას? განსაკუთრებით ყურადსაღებია ბავშვის ინტერესები, როცა ბავშვი სწავლობს, დადის სხვადასხვა შემოქმედებით, ან სპორტულ წრეზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, განქორწინების შემდეგ რომელი მშობელი სად აპირებს ცხოვრებას. თუ მშობლები ერთ ქალაქში ცხოვრობენ, აქ უფრო რთულია ინტერესის განსაზღვრა, ვისთან უნდა იყოს ბავშვი.

თუ მშობლები ვერ თანხმდებიან იმაზე, სად იცხოვროს ბავშვმა, ამ შემთხვევაში ერთვება სოციალური სამსახური, რომელიც აფასებს სოციალურ გარემოს და, რა თქმა უნდა, ყოველი დეტალი არის მნიშვნელოვანი დაწყებული იქედან, თუ ვისთან ერთად ცხოვრობს ერთ-ერთი მშობელი, რა სოციალური გარანტიები აქვს მას იმისთვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის ინტერესები. ამ შემთხვევაში ეს არის ინდივიდუალური შეფასების საკითხი და არ არის წინასწარ განსაზღვრული რაიმე კრიტერიუმი. მთავარია, ბავშვმა შეძლოს სოციალურ გარემოსთან ადაპტირება მშობელთა განქორწინების შემდეგ.

  • როგორ ნაწილდება ქონება განქორწინების დროს? 

ქონებრივი დავის დროს მნიშვნელოვანი გარემოებაა, თუ როდის აქვთ შეძენილი ეს ქონება. ჩვენი კანონმდებლობით ორ ნაწილად არის ეს პროცესი გამიჯნული. ეს არის ქორწინებამდე შეძენილი ქონება და ქორწინების შემდეგ მიღებული ქონება. არ გაიყოფა ინდივიდუალური ნივთები და ასევე მემკვიდრეობით მიღებული ქონება.

არსებობს კიდევ ერთი გამონაკლისი: თუ ქორწინების შემდეგ მიღებულ ქონებას მეუღლეები განავითარებენ, გააუმჯობესებენ და დახარჯავენ გარკვეულ ფინანსურ რესურსს, შესაბამისად, ასეთი ქონება შესაძლოა დაექვემდებაროს გაყოფის მოთხოვნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს ამ ქონების გაუმჯობესების პროცესზე.

  • თუ ქონება ქორწინების შემდეგ არის შეძენილი? 

რაც შეეხება ქორწინების შემდეგ შეძენილ მოძრავ, თუ უძრავ ქონებას, კანონის თანახმად ასეთი ქონება არის თანასაკუთრების უფლების მქონე, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა: კანონი აღიარებს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაგრამ ამ თანასაკუთრებას სამართლებრივად სჭირდება მოპოვება, ანუ თქვენი იურისდიქცია რომ გავრცელდეს კონკრეტულ ქონებაზე, თქვენ ამ უფლების რეგისტრაცია უნდა მოახდინოთ უძრავი ქონების შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო მოძრავი ქონების შემთხვევაში, იმ დაწესებულებაში, რომელიც ახდენს მოძრავი ქონების რეგისტრაციას.

სამართლებრივი დავის დროს, ართულებს მდგომარეობს ის, რომ უძრავ ქონებაზე დავას სჭირდება სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა. თუ თქვენ ეს კონკრეტული გარემოება განქორწინების დროს გაფერხებთ, შეგიძლიათ შუამდგომლობით მიმართოთ სასამართლოს და თუ თქვენი სოციალური მდგომარეობა არ გაძლევთ ბაჟის გადახდის შესაძლებლობას, მოითხოვოთ ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, ან ბაჟის გადახდის გადავადება. არსებობს ამის პრეცედენტები და პრაქტიკაც, რომ თუკი სასამართლო დაინახავს თქვენს მძიმე სოციალურ ფაქტორს, ამის შესაძლებლობას სასამართლო მოგცემთ.

რეგისტრირებული განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში თქვენ გაქვთ უფლება თქვენს ყოფილ მეუღლეს წაუყენოთ პრეტენზია ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. სამი წლის გასვლის შემდეგ კი, თქვენი ეს მოთხოვნა ხანდაზმული იქნება და ანულირდება.

  • რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მეუღლეებს შორის ქორწინების ხელშეკრულება არსებობს? 

არსებობს საზოგადოებაში კრიტიკული მიდგომა საქორწინო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეტაპობრივად უკვე ეს პრაქტიკა მკვიდრდება. საქორწინო კონტრაქტი აზღვევს ყველა იმ სამართლებრივი დავის პროვოცირებას, რომელიც განქორწინების შემთხვევაში შესაძლოა მეუღლეებს ჰქონდეთ და ქონებასთან მიმართებით გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს.

საქორწინო ხელშეკრულება იდება მხოლოდ ქონებასთან მიმართებით და ამით არ ხდება ბავშვებთან ურთიერთობების რეგულირება, ან გარკვეული საოჯახო ვალდებულებები. საქორწინო კონტრაქტი იწყებს მოქმედებას განქორწინების შემდეგ. მეუღლეებს აქვთ ხოლმე ხშირად კამათი, ვინ უფრო მეტი დახარჯა გარკვეული ქონების შეძენის, ან მისი გაუმჯობესების კუთხით, ვინ უფრო მეტი შემოიტანა ოჯახში. კანონის მიხედვით, ყურადღება არ ექცევა იმას, ვინ უფრო შემოიტანა ოჯახში, რადგან ქორწინების შემდეგ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანაბარი საკუთრების უფლება.

საქორწინო კონტრაქტის მიხედვით კი, შესაძლებელია ეს თანაბარი საკუთრების უფლება განსხვავებულად მოვაწესრიგოთ. საქორწინო კონტრაქტის პირობები დამოკიდებულია მხარეების ნება-სურვილზე. საქორწინო ხელშეკრულების დადება ხდება ნოტარიუსის მეშვეობით. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება არის ბათილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: