მთავარი,სიახლეები

რა აქვთ და რა სჭირდებათ ხულოში ახალგაზრდებს

02.10.2022 • 1092
რა აქვთ და რა სჭირდებათ ხულოში ახალგაზრდებს

თითქმის ყველა ხულოელი  მოჭიდავის ამბავი, რომლებმაც უკვე მიაღწიეს პატარა თუ დიდ წარმატებას, ხულოს სასპორტო სკოლაში დაიწყო.

ამ სკოლის აღზრდილია 23 წლის ლერი აბულაძეც, რომელიც 12 სექტემბერს ვიცე-მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 63 წონით კატეგორიაში. ლერიმ წელს ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით აპირებს მომზადებას ჯერ ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებისთვის.

ლერი კიდევ ორ ქართველ მოჭიდავესთან ერთად 5-6 ნოემბერს ბაქოში მიემგზავრება საასპარეზოდ – მსოფლიო თასის მოსაპოვებლად.

ლერიმ ჭიდაობა ხულოს სასპორტო სკოლაში ჯერ კიდევ ძალიან პატარამ დაიწყო. ფიქრობს, რომ მისი და სხვა ხულოელი მოჭიდავეების მიღწევები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხულოელ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს. შესაბამისად, ხულოში, მოზარდებს შორის, სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.

ლერის თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში აუცილებლად უნდა აშენდეს სპორტის სასახლე ტურნირების მოსაწყობად, ქართველი თუ უცხოელი მოჭიდავეების შეკრებებისთვის. „ეს ხელს შეუწყობს არამარტო ჭიდაობის, არამედ სპორტის სხვა  სახეობების განვითარებას. გვჭირდება სპორტის სასახლე, სადაც საერთაშორისო ტურნირები ჩატარდება. ეს კარგი იმიტომაც იქნება, რომ მსგავსი სახის შეკრებებზე ბევრი მონაწილე ჩამოვა და გაეცნობა ხულოს“, – გვითხრა ლერიმ.

ლერი აბულაძე

ლერის და მისი მეგობრების ისტორია, რომლებმაც უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიეს, დაბა ხულოს სასპორტო სკოლიდან დაიწყო. ამ სასპორტო სკოლაში  სპორტის 9 სახეობა ისწავლება. როგორც სკოლის დირექტორმა, ავთანდილ აბულაძემ გვითხრა, ყველაზე მოთხოვნადი  სახეობებია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სამთო-სათხილამურო სპორტი.

ავთანდილ აბულაძის თქმით, სკოლის იმ მოსწავლეების ჩათვლით, რომლებიც სხვადასხვა სკოლის ბაზაზე გახსნილ ჯგუფებში სწავლობენ, ჯამში, 370 მოსწავლე ჰყავთ.

სკოლის დირექტორის თქმით, იმისთვის, რომ ხულოს სასპორტო სკოლა კიდევ უფრო განვითარდეს, სჭირდებათ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კეთილმოსაწყობია სასპორტო სკოლის დარბაზი და შენობა.

„დარბაზში ცოტა რემონტია [საჭირო], იატაკია გამოსაცვლელი. იატაკის გამოცვლის შესახებ მივმართეთ მერიას წერილობით და უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამოგიცვლითო. პირადად შევხვდი ხულოს მერს, მერის პირველ მოადგილეს.

შესაცვლელია შტანგა, დასამატებელია ბაგირები – რომ შეიცვლებოდეს, კარგი იქნება.

უმჯობესია, სპორტის სასახლე გაკეთდეს დაბა ხულოში. გამოინახოს სადმე ახალი ტერიტორია ახალი სპორტული კომპლექსის ასაშენებლად“, – გვითხრა ავთანდილმა.

ავთანდილ აბულაძე ამბობს, რომ ხულოდან მოშორებით მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და სპორტის სხვა სახეობებში ვარჯიშის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი სასპორტო სკოლაა, რომელიც დაბა ხულოში მდებარეობს.

„ეს ახალგაზრდები ნამდვილად პერსპექტიულები არიან, მაგრამ ისინი ვერ მონაწილეობენ [სპორტულ] ღონისძიებებში – შესაბამისი პირობები არ აქვთ სოფლებში სპორტული ცხოვრებისთვის.

[ხულოს სასპორტო სკოლაში] ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით უნდა ირიცხებოდნენ ახალგაზრდები, უნდა იყოს ღამის გასათევი სამჯერადი კვებით, ამ სამ მოთხოვნად სახეობისთვის მაინც (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი და სამთო-სათხილამურო სპორტი).

ეს იმისთვის არის საჭირო, რომ, მაგალითად, ღორჯომის, ხიხაძირის, ბაკოს, ფუშრუკაულის, სხალთის პერიფერიული ხეობებიდან მოვიწვიოთ [მოსწავლეები]. ჰქონდეთ ღამის გასათევი… ასე შეიძლება მეტად განვითარებაც“, – ამბობს ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორი.

ავთანდილ აბულაძის აზრით, მუნიციპალიტეტისგან მოშორებით მდებარე სოფლებში ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა თუ სპორტის სხვა სახეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხულოს სასპორტო სკოლას მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის ბაზაზე შექმნილი აქვს სასპორტო ჯგუფები და მიმაგრებული ჰყავს მწვრთნელები, ამ სახეობების შესწავლაში ახალგაზრდები არც ერთი ფორმით არ არიან ჩართულები.

ავთანდილ აბულაძის თქმით, ხულოს სასპორტო სკოლაში სავარჯიშოდ მისვლა მეზობელ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც კი რთულია, რომლებიც მუნიციპალიტეტის ცენტრისგან 3-5 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, არათუ „მაგალითად, 30-50 კილომეტრით დაშორებული ხიხაძირიდან“.

ავთანდილ აბულაძე

ავთანდილი გვიყვება, რომ ხულოში ყოველწლიურად ატარებენ  შეჯიბრს მუნიციპალიტეტის პირველობაზე, რომელშიც პერიფერიულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ მათ არ აქვთ სათანადო პირობები ვარჯიშისთვის, საკუთარი თავის წარმოჩენას მაინც ახერხებენ.

„სოფელ ღორჯომში არის მოსწავლე, რომლის გადმოყვანა და მხარდაჭერა შეიძლებოდა. მას ხულოს სასპორტო სკოლაში 5-6 წელი რომ გაეტარებინა, მონაწილეობა მიეღო შეჯიბრებებში, ნამდვილად შეეძლო დიდი სპორტსმენი გამხდარიყო, მაგრამ პირობები არ აქვს. არც მოსწავლეს აქვს პირობები, მის ოჯახს… ბაზა უნდა არსებობდეს ხულოში კვებით, სადაც 150 მოსწავლე ღამეს გაათევს და ნამდვილად ექნებათ წარმატება“.

ავთანდილ აბულაძის თქმით, ამჟამად ხულოს სასპორტო სკოლის შენობაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 70 მოსწავლე ვარჯიშობს, თუმცა სათანადო პირობებით 100 მოსწავლის დაკმაყოფილებასაც შეძლებდნენ. ხულოში სკოლის ბაზებზე შექმნილ ჯგუფებში გაწევრიანებული მოსწავლეების ჩათვლით ამჟამად ჭიდაობაში სულ 115 ახალგაზრდა ვარჯიშობს. როგორც ავთანდილმა გვითხრა, ყველაზე მეტი მოსწავლე სკოლის ჯგუფებიდან სოფელ დიდაჭარაში ჰყავთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: