ნეტგაზეთი • RU

გარდაიცვალა 20 წლის სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა – რა გაირკვა საქმეზე

გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა. ბიჭი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა. ეს შემთხვევაში ბათუმში კობალაძის ქუჩაზე, 12 ივნისს მოხდა.

BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ბიჭი, რომელიც ქუჩაში დაშავდა, გუშინწინ გარდაიცვალა.

კობალაძის ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, კომპანია DS გრუპი აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ძელის ჩამოვარდნა კომპანიაში არ უარყვეს 12 ივნისსაც, თუმცა გვითხრეს, რომ „გამოკვლევა იყო საჭირო“.

დღეს, 12 ივლისს, კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელმა, ოთარ ბერიძემ გვითხრა, რომ კომპანიის ბრალეულობა არ დადასტურდა და ბიჭს სავარაუდოდ ძლიერი ქარის გამო დაეცა თავში სამშენებლო ნივთი. სამშენებლო კომპანიაში ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული აქვთ, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ გარკვეულა, რა მოხდა სინამდვილეში.

„ეს არ იყო ძელი, ხის კოჭა იყო, რომელიც 36 კილოგრამს იწონის და ზემოდან კიდევ რკინის არმატურები ეწყო. კამერებშიც ჩანს ეს ყველაფერი, გრიგალი იყო და გადმოვარდა 250 მეტრის მანძილზე,“ – გვითხრა ოთარ ბერიძემ. მისი თქმით, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთი არ იყო სამშენებლო ნარჩენი და ხის კოჭა მე-20 სართულიდან გადმოვარდა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა.

„შეგვამოწმა შრომის ინსპექციამ, მუნიციპალურმა ინსპექციამაც და დადგინდა, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა გათვალისწინებული გვქონდა. ახლა გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის, იმაზე, თუ რა სიმძლავრის გრიგალი იყო იმ დროს, როცა ეს კოჭა გადმოვარდა… ვერ დაადგინეს, ამ სიმძიმის ნივთი როგორ უნდა გადმოვარდნილიყო, როცა გვაქვს სამშენებლო უსაფრთხოების ბადეებიც… ეს იყო უბედური შემთხვევა, ურაგანი იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელი, ოთარ ბერიძე.

ოთარ ბერიძეს ვთხოვეთ ეჩვენებინა მშენებლობაზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, თუმცა მშენებელმა გვითხრა, რომ მას გამოძიების დასრულებამდე ვერ გვაჩვენებს.

„ინციდენტთან დაკავშირებით დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის  პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რა დადგინდა და რა რეაგირება მოჰყვა შემთხვევას, როცა მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა ნივთმა ფეხით მიმავალი 20 წლის ბიჭი იმსხვერპლა?

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან ასევე მოგვწერეს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია „მოკვლევას შრომის ინსპექციასთან და საგამოძიებო უწყებასთან ერთად აწარმოებდა შპს „დიეს ვაით ლაინის“ მიმართ“.

შრომის ინსპექციის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, ხოლო მშენებლობაკობალაძის ქუჩაზე შეჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა კითხვა ქუჩაში ფეხით მიმავალი ბიჭის დაღუპვაზე.

მთავარი ფოტო: მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი ადამიანს თავში მოხვდა. ბათუმი, კობალაძის ქუჩა, 12 ივნისის ფოტო

ამ თემაზე:

სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, სამუშაოდ მიდიოდა – ვინ არის დამნაშავე 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი