ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, აკაკი შანიძის ქუჩაზე, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადარბაზოში შესასვლელი კიბის უჯრედი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, პირველადი დათვალიერებით არ ფიქსირდება საფრთხისშემცველი მდგომარეობა, თუმცა ფოტოებზე, რომლებიც მოქალაქეებმა გამოგვიგზავნეს, ჩანს ბზარები სადარბაზოს კუთხეებში და ასევე, შესასვლელში.
„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შენობის ავარიულობის შეფასების მიზნით განცხადება უკვე გადაიგზავნა. დასკვნის მიღებამდე ბათუმის მერიამ მოსახლეობას შესთავაზა, დროებით ქირით გადაყვანა“ – მოგვწერეს მერიიდან.
დაზიანებულ სადარბაზოში 27 ოჯახი ცხოვრობს. ამ დროისთვის არც ერთი ოჯახი შენობიდან გაყვანილი არ არის.
შემთხვევა გუშინ, 8 თებერვალს, მოხდა.
_____________
მთავარი ფოტო: დაზიანებული კიბე საცხოვრებელ კორპუსში.






