მთავარი,სიახლეები

შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

22.03.2016
შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. აღნიშნული საქმის შესახებ ბოლო, უზენაესი სასამართლოს განჩინება „გაზეთ ბათუმელებს“ 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა.

ამ განჩინების მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სამინისტროს საჩივარი, რომელიც ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას. სარჩელის მიხედვით, შს სამინისტროში მიაჩნდათ, რომ მაღალი თანამდებობის პირების პრემიების შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალური ინფორმაციის კატეგორიას. სასამართლომ კი პირიქით, უწყებას ამ ინფორმაციის გასაჯაროება დაავალდებულა.

ამის მიუხედავად, შს სამინისტრომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადააწყვეტილების ნებაყოფილობით აღსრულება არ ისურვა. შესაბამისად, „გაზეთ ბათუმელები“ იძულებული გახდა უწყებისთვის მიემართა სააღსრულებლო ფურცლით. სააღსრულებლო ფურცელი საფოსტო გზავნილის სახით „გაზეთ ბათუმელების“ კანონიერმა წარმომადგენელმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 11 თებერვალს გაუგზავნა შს სამინისტროს.

დღეს, 22 მარტს „გაზეთი ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამცემ სამმართველოს. პასუხი, თუ რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ინფორმაციის მოწოდება „გაზეთმა ბათუმელებმა“ უწყებისგან ვერც ამჯერად მიიღო.

„გაზეთმა ბათუმელებმა“ შს სამინისტროსგან პრემიების შესახებ ინფორმაცია, თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მითითებით, 2013 წლის ბოლოს გამოითხოვა. ინფორმაციის ვერმიღების შემდეგ, 2014 წლის თებერვალს, რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ 2015 წლის 27 თებერვალს მოახერხა და “ბათუმელების” საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – დაავალდებულა პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა. თუმცა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, შს სამინისტრომ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, სადაც სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გასული წლის შემოდგომაზე შს სამინისტროს საჩივრი დასაშვებად არ ცნეს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებმა – ვასილ როინიშვილის, ლევან მუსერიძისა და მაია ვაჩაძის შემადგენლობით.

მთელი ამ წლების განმავლობაში გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს საერთო სასამართლოებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: