განათლება,მთავარი,სიახლეები

44 687-მა სტუდენტმა სტატუსი შეიჩერა – რას ჰყვებიან სტატუსაღდგენილი სტუდენტები

21.12.2021 • 2642
44 687-მა სტუდენტმა სტატუსი შეიჩერა – რას ჰყვებიან სტატუსაღდგენილი სტუდენტები

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში 44 687-მა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი სხვადასხვა მიზეზით. უწყების ინფორმაციით, იმავე პერიოდში 25 998-მა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი.

უწყების ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლებში:

  • 23 202 სტუდენტს ჰქონდა სტუდენტის სტატუსი წლის განმავლობაში შეჩერებული
  • 13 226-მა სტუდენტმა შეძლო სტატუსის აღდგენა

2020-2021 სასწავლო წლებში:

  • 21 485 სტუდენტს ჰქონდა სტუდენტის სტატუსი წლის განმავლობაში შეჩერებული
  • 12 772-მა სტუდენტმა შეძლო სტატუსის აღდგენა

სტუდენტს სტატუსის შეჩერება რამდენჯერმე შეუძლია.

„ბათუმელები“ ესაუბრა სტუდენტებს, რომლებმაც სტატუსი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში აღიდგინეს. მათი თქმით, ონლაინსწავლებაზე გადასვლამ შესაძლებლობა მისცა, მუშაობის პარალელურად სწავლაც გაეგრძელებინათ.

თამარ ბაუჟაძემ სტუდენტის სტატუსი 5 წლის წინ შეიჩერა. მაგისტრატურაში ჩააბარა, თუმცა მუშაობის პარალელურად სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

„სწავლა რომ გამეგრძელებინა, უნდა შემეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი თბილისში წასვლას, რადგან მჭირდებოდა გარკვეული თანხა. საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, არც იმ ასაკში ვარ, მშობლებს ვთხოვო: „დედა, მამა ბინა მიქირავე ან რაღაც გააკეთე“. შესაბამისად, ვარჩიე დავრჩენილიყავი სამსახურში, დამეგროვებინა თანხა და შემდეგ გამეგრძელებინა სწავლა,“ – ამბობს თამარ ბაუჟაძე.

თამარი სკოლის მასწავლებელია. ამბობს, რომ ისე გავიდა ეს 4 წელი, საკმარისი თანხის შეგროვება ვერ მოახერხა. თუმცა, აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესებში.

„გასულ წელს, როცა პანდემია დაიწყო, ვფიქრობდი სტატუსის აღდგენაზე, მაგრამ იმდენად ბუნდოვანი იყო სიტუაცია, გადაწყვეტილება ვერ მივიღე. დასწრებული ფორმატის შიშიც მქონდა, რადგან მეშინოდა ვირუსის გადადების. წელს უკვე შევიტანე განცხადება, რადგან ვიცოდი, რომ ონლაინ იქნებოდა სწავლა.

სემინარებიც საღამოსაა და ჩემთვის კომფორტულია, რადგან ჩვენ ისეთ საფეხურზე ვსწავლობთ, როცა არჩევანი გაკეთებული გვაქვს და არ ვართ ძიების პროცესში – უნდა ვიყო აქ, სადაც ვსწავლობ თუ არა. უფრო შემოქმედებითია პროცესი, რადგან რასაც ვსწავლობთ, პრაქტიკულ მუშაობასაც ვამდიდრებთ ამ ცოდნით და ვვითარდებით იმ მიმართულებით. ეს ჩვენი არჩევანია,“ – ამბობს თამარი.

თამარის აზრით, ონლაინსწავლება ბევრად უფრო რთული იქნება ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, რადგან ამ საფეხურზე სტუდენტები ჯერ კიდევ ძიების პროცესში არიან და შესაძლოა დისტანციური პროცესი მათზე ნეგატიურად აისახოს.

„შესაძლოა სწავლის ხარისხზეც აისახოს ეს, რადგან თუ არ ხარ ბოლომდე ჩამოყალიბებული და ჯერ კიდევ გიტრიალებს თავში კითხვები: აქ რა მინდოდა, რატომ ვსწავლობ? – მაშინ ბევრად რთულია ონლაინსწავლების პროცესი.

ვფიქრობ, საფეხურს აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგისტრი ან დოქტორანტი აუდიტორიაში რომ არ დადიოდეს, ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ბაკალავრიატის სტუდენტი უნდა იყოს აუდიტორიაში, გამოცადოს სტუდენტობა, გაიცნოს მეგობრები და ასე შემდეგ,“ – გვეუბნება თამარ ბაუჟაძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სემესტრში სწავლა აუდიტორიებში განახლდება? – ვკითხეთ მას.

თამარი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მას არჩევანის გაკეთება სწავლის სასარგებლოდ მოუწევს.

„აწი აღარ ვაპირებ სტატუსის შეჩერებას. ვფიქრობ, მომიწევს რადიკალური ზომების მიღება. ორი ვარიანტი მაქვს – პირველი ის, რომ ბათუმში გადმოვიტანო საბუთები ან ავიღო აკადემიური შვებულება, წავიდე და დავასრულო სწავლა.

თუ დარჩება ჰიბრიდული მოდელი, იქნება იდეალური, რადგან ჩვენ ვმუშაობთ და თან ცოდნის რეალიზებას ვახდენთ. ვფიქრობ, რადგან პანდემიამ მოიტანა ის, რომ ყველაფრის გაციფრულება დაიწყო, ჰიბრიდული მოდელის შენარჩუნება საშუალებას მოგვცემს, გეოგრაფიული ბარიერები მოგვეხსნას და მუშაობის პარალელურად სწავლაც შევძლოთ.

ახლა ვფიქრობ, რამდენი დრო და ფინანსები დამეზოგა ონლაინსწავლებით, ასევე რამდენად ხელმისაწვდომი გახდა გაციფრულებული მასალები, რომლისთვისაც ბიბლიოთეკებში უნდა მერბინა,“ – ამბობს თამარი.

ლედი კიწმარიშვილიც სკოლის მასწავლებელია. მაგისტრატურაზე 2016 წელს ჩააბარა, თუმცა სწავლა ვეღარ გააგრძელა და სტატუსი შეიჩერა. ლედი რუსთავში ცხოვრობს და ამბობს, რომ იმ პერიოდში შვილი შეეძინა, რის გამოც რუსთავიდან თბილისში ყოველდღე სიარულს ვეღარ ახერხებდა.

„2017 წელს მეორე შვილიც შემეძინა და ძალიან რთული აღმოჩნდა აუდიტორიაში სწავლა.  ყველა ლექციას ვერ ვესწრებოდი და ბევრი საგანი დამრჩა. გამოცდებზე პატარა ბავშვით დავდიოდი და აუდიტორიაში მიწევდა მისი გამოკვება.

პანდემიის დროს დავფიქრდი სტატუსის აღდგენაზე. ონლაინსწავლება რომ არ ყოფილიყო, ფაქტობრივად უნივერსიტეტს ვერ დავასრულებდი,“ – გვეუბნება ის.

ლედი ამბობს, რომ მას სწავლის გადასახადის პრობლემა არ ჰქონდა, უფრო დროის მენეჯმენტის პრობლემა იყო, რადგან მცირეწლოვანი შვილების გამო ვერ ახერხებდა სახლიდან ყოველდღე გასვლას.

„სწავლის საფასურის გადახდა ისედაც არ მიწევდა, უფასო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა ახლა მიწევს საფასურის გადახდა ჩატოვებული საგნების გამო.

ჩემთვის კომფორტულია ონლაინსწავლება, რადგან შემიძლია ლექციასაც მოვუსმინო, აქტივობაშიც ჩავერთო და ბავშვსაც დავეხმარო,“ – გვეუბნება ლედი.

მისი აზრით, მაგისტრატურის საფეხურზე ნაკლებად არსებობს უხარისხო სწავლის რისკი, რადგან დღეს საკმარისადაა ტექნოლოგიები განვითარებული და სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ რესურსებზე.

„რაც შეეხება ბაკალავრებს, მეც იმ აზრზე ვარ, რომ მათთვის ონლაინსწავლება მაინც რთულია, რადგან ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ურთიერთობები, შეხვედრები და ალბათ უფრო მტკივნეულად აღიქვამენ დისტანციურ სწავლებას,“ – ამბობს ლედი.

ახლა ის სკოლაშიც მუშაობს და მაგისტრატურის საფეხურსაც მალე დაასრულებს. „რომ არა ონლაინსწავლება, ფაქტობრივად, ვერ შევძლებდი სწავლის გაგრძელებას და დიასახლისად დავრჩებოდი. კარგია, რომ ასე არ მოხდა,“ – გვეუბნება ის.

მოქმედი კანონმდებლობით სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);

სტუდენტს სტატუსის შეჩერება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყანაში აგრძელებს სწავლას, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;

ასევე, სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრში გვითხრეს, ზემოაღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციის ფორმირება განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული მონაცემების საფუძველზე ყველა მითითებული მიზეზის გათვალისწინებით, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების შესახებ.

სტატუსშეჩერებულ სტუდენტს უფლება აქვს გაიაქტიუროს სტატუსი. სტუდენტმა სტატუსი შეიძლება შეიჩეროს რამდენჯერმე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: