მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სტუდენტი: „აქციებს ვიწყებთ, ახალგაზრდების მოტყუება რთულია“

13.04.2024 •
ბათუმელი სტუდენტი: „აქციებს ვიწყებთ, ახალგაზრდების მოტყუება რთულია“

„ვერ უნდა შეგვიზღუდონ ევროპული მომავალი. ევროპულ მომავალს იმსახურებს არამხოლოდ ჩემი თაობა, არამედ თაობები, ვისი სიცოცხლეც ემსხვერპლა თავისუფლებას, საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ვალია 9 აპრილს მებრძოლი ადამიანების გზაზე დავდგეთ. ახალგაზრდები ამას იაზრებენ. მჯერა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ევროპული მომავლისთვის,“ – ამბობს ბათუმელი სტუდენტი მათე ცენტერაძე.

მათე ბსუ-ს სტუდენტია და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ორშაბათს, 15 აპრილს, პარლამენტი რუსული კანონის კომიტეტში განხილვას იწყებს. საპროტესტო აქციას სტუდენტები ორშაბათს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან 2 საათზე დაიწყებენ მოწოდებით: „არა რუსეთს, კი – ევროპას“. მათე ცენტერაძე არ გამორიცხავს სტუდენტების აქცია პერმანენტული გახდეს, თუ „ქართული ოცნება“ რუსული კანონის განხილვას არ შეწყვეტს.

სტუდენტურ აქციას ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ლექტორები შეუერთდებიან.

„ჩვენ გასული წლის მარტშიც ვაჩვენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი,“ – გვიყვება მათე ცენტერაძე. – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება მოატყუა და გადააგდო. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ამას მოჰყვებოდა საპასუხო ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ ისევ დავიცავთ ევროპულ მომავალს.

მთავარია, კარგად გავიაზროთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ – მტერი. თუ ამას ვიაზრებთ, რომ ევროპა ჩვენი მეგობარია, მაშინ მეგობარი პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს კანონი არ არის ევროპული, არც ამერიკული. ეს თავად ირაკლი კობახიძესაც უთხრეს გუშინ შოლცთან შეხვედრის დროს, ალბათ ყველას გახსოვთ მისი სახე, როცა ეს უთხრეს.

„ოცნება“ აგულიანებდა თავის ამომრჩეველს, რომ აი, ევროპელ პარტნიორებს შეხვდებოდა და თითქოს დაუმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ იყო რუსული. საბოლოოდ კი, „ჩავარდნილი ვიზიტის“ შემდეგ უხდება კობახიძეს დაბრუნება საქართველოში.

კანდიდატის სტატუსი, რაც მივიღეთ, არის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ხალხის დამსახურება და ამასაც აღნიშნავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. დღეს ხალხს ისევ გვართმევენ ამ სტატუსს,“ – მიიჩნევს მათე ცენტერაძე.

სტუდენტის თქმით, აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე სტუდენტურ ჯგუფში, რომელსაც კონკრეტული ლექტორები მართავენ, შეუზღუდეს ინფორმაციის გავრცელება სტუდენტური აქციის შესახებ. მათე ცენტერაძე თავს იკავებს დაასახელოს კონკრეტული ლექტორები, რომლებიც კონკრეტული ფეისბუქჯგუფების ადმინისტრატორები არიან. „იმედია, გაიაზრებენ ისინი, რომ ისტორიის არასწორ მხარედ დგანან“, – ამბობს ის.

„არსებობს ჯგუფი, სადაც სტუდენტები არიან გაერთიანებული და სამი დღით დაპაუზდა, მეორე ჯგუფში გვითხრეს, რომ აიკრძალა პოლიტიკური პოსტები, განთავსებული გვქონდა ივენთი აქციაზე და წაგვიშალეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ ეს ცალკე ჯგუფია… ვცდილობთ, ინდივიდუალურად ველაპარაკოთ სტუდენტებს. ვფიქრობ, ახალგაზრდების მოტყუება განსაკუთრებით რთულია, ეს იგრძნობა, როცა სხვებს ვესაუბრები,“ – აღნიშნა მათე ცენტერაძემ „ბათუმელებთან“.

განცხადებაში, რაც სტუდენტებმა 15 აპრილის აქციის შესახებ გაავრცელეს, აღნიშნულია ესეც: „ოცნება გვართმევს დამოუკიდებელ სასამართლოს“.

როგორ უკავშირდება რუსული კანონი სასამართლოს? – სტუდენტების ამ მნიშვნელოვანი აქცენტის შესახებაც ვკითხეთ მათეს.

„ევროპისგან მოშორება და ამ კანონის მიღება გვამსგავსებს რუსეთს, სადაც, ცხადია, ვერ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი სასამართლო არც ახლა გვაქვს – საქართველოს ხელისუფლება და მოსამართლეები გარიგებული არიან ერთმანეთთან, მაგრამ თუ ჩვენ დავშორდებით ევროპას, არც კი გვექნება იმის მოლოდინი, რომ შეიძლება რამე შეიცვალოს.

ეს ყველაზე მეტად გვაღელვებს ახალგაზრდებს“, – გვითხრა მათე ცენტერაძემ.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: