მთავარი,სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ვიქნებით ბსუ-ს, აკადემიის, ნავიგაციის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები 

13.04.2024 • 3411
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ვიქნებით ბსუ-ს, აკადემიის, ნავიგაციის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები 

რა არის მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ რუსული კანონით ქვეყანაში? – ვკითხეთ ბსუ-ს სტუდენტს ქეთი პაქსაძეს, რომელიც ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

„ეს უკვე იქნება არა ქვეყანა, არამედ რუსეთის პატარა ოლქი, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება რუსეთს. ამ ქვეყანაში აღარაფერი არ იქნება ევროპული. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ევროპიდან, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც ჩამოგვართვან,“ – გვითხრა ქეთი პაქსაძემ.

ორშაბათს, 15 აპრილს, პარლამენტი რუსული კანონის კომიტეტში განხილვას იწყებს. საპროტესტო აქციას სტუდენტები ორშაბათს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან 2 საათზე დაიწყებენ მოწოდებით: „არა რუსეთს, კი – ევროპას“. სტუდენტების თქმით, აქცია პერმანენტული გახდება, თუ „ქართული ოცნება“ რუსული კანონის განხილვას არ შეწყვეტს.

სტუდენტურ აქციას ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ლექტორები შეუერთდებიან.

ქეთი პაქსაძის დაკვირვებით, ახლა, როცა ის სტუდენტებს ორშაბათის აქციის შესახებ ესაუბრება, მარტივად გასაგებია ყველასთვის, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებს. სტუდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება თავისი დეზინფორმაციული კამპანიით ვერც უფროს თაობას ატყუებს.

„ჯერ იყო და სოციალურმა ქსელმა დაუბლოკა „ოცნებას“ პოსტები, სადაც ისინი ევროპას უპირისპირდებიან, შემდეგ პლაკატებზე გადმოიტანეს ტყუილები, რაც რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოვხიეთ. თითქოს გამჭვირვალობას უწოდებდნენ კანონს, რაც აბსურდია.

პლაკატების ჩამოხევის პროცესში რამდენიმე მოხუცმაც ჩამოიარა, გვკითხეს, რატომ ხევთ, რატომ აკეთებთ ამასო. ავუხსენით, რომ რუსულ კანონს იღებენ ქვეყანაში, რაღა დროს რუსეთია, ვინღა უსმენს რუსეთსო. ძალიან გაგვიხარდა ყველას, ეს რომ გვითხრეს,“ – გვიყვება ქეთი პაქსაძე.

სტუდენტი საპროტესტო აქციაზე ელოდება, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე საზღვაო აკადემიის, ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საზოგადოებას…

„პირადად დავურეკე ლიკა დიასამიძეს, ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, მადლობა გადამიხადა და ტელეფონი გამითიშა. გასულ წელს, როცა გვქონდა აქციები, მაშინ რამდენჯერმე ვახსენე, რომ იქ უნდა ყოფილიყო სტუდენტური თვითმმართველობაც. მაშინ გვიპასუხა, რომ არ გითხოვიათ მოვსულიყავიო.

ახლა პირადადაც შეგვხდა, არა რუსულ კანონსო, მაგრამ თქვენ სულ მაბულინგებთ და მებრძვით, არ, ან ვერ მოვალო.

დიდი იმედი არ გვაქვს თვითმმართველობის, რომ მოვლენ აქციაზე, მასობრივად არც ლექტორებს ველოდებით, მაგრამ სტუდენტები მოგვყვებიან აქტიურად. ისინი გამოცდილი არიან ამ პროცესში, იციან, რასაც ვაპროტესტებთ, იციან, რომ პარტიულობისგან გამიჯნულია ეს პროცესი.

ხელისუფლება იმასაც კი ამბობს, რომ ევროპაშიც არის ასეთი კანონები მიღებულიო, მაგრამ ამის მაგალითი ვერ დაგვისახელა ვერავინ. ეს კანონი რომ რუსულია, დაჟინებული მოქმედებითაც ჩანს – მეორად დაიწყეს იგივე პროცესი. ეს კანონი პირდაპირ გვიკეტავს გზას ევროპისკენ.

დიდი იმედი მაქვს, რომ შევიკრიბებით,“ – უთხრა ქეთი პაქსაძემ „ბათუმელებს“. ის დარწმუნებულია, რომ პროტესტის შემთხვევაში ხელისუფლება რუსული კანონის მიღებას ვეღარ შეძლებს.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: