მთავარი,სიახლეები

კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“

23.04.2024 • 3231
კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს დაფაზე დაუტოვეს წარწერა – „არა რუსულ კანონს!“.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც კობახიძეს წარწერა დაუტოვა, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი დათო ჩხობაძეა.

„ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს ყოველ შაბათ დღეს, დილით.

სავარაუდოდ, წაშლიან ამ წარწერებს შაბათამდე, მაგრამ სამართლის სტუდენტები, ვისაც კობახიძე უკითხავს ლექციას, ხვალიდან აპირებენ პეტიციის შედგენას და ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა თსუ-ში.

ჯაბა სამუშია და რექტორატი ალბათ არც ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ გვინდა ამით ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია“- ამბობს დათო ჩხობაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, კობახიძის ლექციაზე სტუდენტებს არ აძლევენ შესაძლებლობას დასვან კრიტიკული კითხვები.

„მოგვისმინეთ სტუდენტებს“, „არა რუსულ კანონს“ – წარწერები, რომელიც კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე დაუტოვეს.

„მას ლექციებზე დაჰყვებიან თანმხლები პირები, დაახლოებით 10-12 ადამიანი, რომლებიც არც თსუ-ს სტუდენტები არიან, არც ზოგადად, სტუდენტები და ცდილობენ აუდიტორიებში ცენზურის დაწესებას, რომ ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხონ კობახიძე.

ეს პირები არიან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული აქტივი“ – ამბობს დათო ჩხობაძე.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე აქტივისტებთან ერთად ლექციებზე გასული წლის საპროტესტო აქციებიდან დადის.

„როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტები დაიწყო, იქიდან მოყოლებული დაჰყვება ეს ხალხი კობახიძეს ლექციებზე.

უნივერსიტეტი არ არის ძალადობის ადგილი, განათლების და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების კერაა, მაგრამ მათ არ სურთ მოისმინონ კრიტიკული შეფასებები და ვინც ამას გაბედავს, ფიზიკურად უსწორდებიან და გაუსწორდნენ კიდეც ჩვენს მეგობარს, ნიკო მანაგაძეს.

ირაკლი კობახიძის რეაქცია კი ამ ძალადობაზე იყო ღიმილი. აი, ეს არის მისი სახე“-ამბობს დათო ჩხობაძე.

გასული წლის მარტის მასობრივი აქციების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ დააბრუნა პარლამენტში განსახილველად უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე პირობა დადო, აღარასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ კანონს.

პირობის დარღვევას საზოგადოება ისევ მასობრივი პროტესტებით გამოეხმაურა. საპროტესტო აქციები თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს პარლამენტის წინ, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

რუსულ კანონს, „ქართული ოცნების“ წევრებმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. საპროტესტო აქციები გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: