ავტორები: გიორგი ლემონჯავა, მიხეილ შარაშიძე
__
როგორ გახდა საქართველოს პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ
შესავალი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკულად მთელი პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის გაუქმების საქმეს განსაკუთრებული სისწრაფით განიხილავს. არ მოიძებნება მეორე საქმე, რომელსაც სასამართლო ამგვარი ენთუზიაზმით მიუდგა. არსებული ტემპით, კანონით დადგენილი ცხრათვიანი ვადის ნაცვლად, სხდომები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მთელი კონსტიტუციური სარჩელის ახსნა-განმარტებას, რაც პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია, ერთ საათზე ოდნავ მეტი მოანდომეს. სასამართლოს პლენუმმა მთელი მისი შეკითხვები მოსარჩელე მხარის მიმართ, რომელიც პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის თითქმის სრული შემადგენლობის გაუქმებას მოითხოვს, არასრულ ერთ სამუშაო დღეში დასვა და პასუხებიც მიიღო.
სასამართლო უარს ამბობს განხილვების თუნდაც ერთი კვირით გადადებაზე და იმის მიუხედავად, რომ წინ კიდევ დიდი დრო აქვს, საქმის მოცულობას იმიზეზებს, რათა ის, რაც შეიძლება სწრაფად ჩახუროს.
პროცესის ამგვარი დინამიკა აჩენს ლოგიკურ შეკითხვას: რატომ ჩქარობს რეჟიმი? მიგვაჩნია, რომ საქმე გვაქვს სასამართლოს მცდელობასთან, „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი ზოგიერთი შინაარსი არაბუნებრივად სწრაფ ტემპში ჩაკარგოს და არ დატოვოს დრო და სივრცე იმ საკითხების საჯარო განხილვისთვის, რომლებიც ფართო საზოგადოებას ზუსტად გააგებინებს, თუ სინამდვილეში რას ითხოვს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან.
ჩვენთვის ცხადია, რომ ივანიშვილის გუნდის სარჩელი რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ეს დოკუმენტი კრემლის ინტერესითაა ნაკარნახევი, რადგან ის პირდაპირ და სწორხაზოვნად იმეორებს „ახალი რეალობების“ შესახებ რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დოქტრინას. ამგვარი დამთხვევა შეუძლებელია, რის დამალვასაც საკონსტიტუციო სასამართლო ასეთი გულმოდგინებით ცდილობს.
რა წერია სარჩელში:
„ქართული ოცნება“ კონსტიტუციურ სარჩელში აღწერს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე მომხდარი ფაქტების გაყალბებულ ვერსიას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს მოვლენათა იმგვარი ჯაჭვის დადასტურებას, რომელიც სრულ თანხვედრაშია რუსეთის პოზიციასთან. კერძოდ, ივანიშვილის გუნდი წარმოაჩენს თითქოს:
- „2004-2008 წლებში საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა საომარ რიტორიკას, ავლენდა მილიტარისტულ მისწრაფებებს, ახორციელებდა კონფრონტაციულ ქმედებებს და კონფლიქტის გაღვივებისკენ მიმართულ ღონისძიებებს“; (კონსტიტუციური სარჩელი N 1979, გვერდი 29)
- 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში ჩაატარა ალტერნატიული არჩევნები, რომლითაც აირჩია სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, რითიც სეპარატისტულ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიანიჭა; (კონსტიტუციური სარჩელი N 1979, გვერდი 30)
- 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რითიც სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები. (კონსტიტუციური სარჩელი N 1979, გვერდი 30-31)
ზემოთ ჩამოთვლილი და რამდენიმე სხვა ყალბი ფაქტის შემაჯამებელ წინადადებად „ქართული ოცნება“ კონსტიტუციურ სარჩელში წერს:
„აღნიშნული მოვლენების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად.“ (კონსტიტუციური სარჩელი N 1979, გვერდი 32)
მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს, უმაღლესი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ძალის მქონე აქტით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტუროს შემდეგი:
- 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოს სახელმწიფო ცდილობდა სამხედრო კონფლიქტის წამოწყებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;
- 2006 წელს საქართველოს სახელმწიფომ ლეგიტიმაცია მიანიჭა ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ სეპარატისტულ არჩევნებს;
- 2007 წელს საქართველოს სახელმწიფომ სამართლებრივად დაადგინა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარი“;
- 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოში შემოჭრის საფუძველი შექმნა;
- რუსეთის ქმედებები იყო არა აგრესიის დამოუკიდებელი აქტი, არამედ, საქართველოს პროვოკაციულ ქცევაზე საპასუხო რეაქცია.
სარჩელის ამ ნაწილში მოყვანილი ფაქტები ყალბია. 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებას ალტერნატიული არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ ჩაუტარებია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სამოქალაქო ორგანიზაციამ „ოსების ხსნის კავშირი“.
2007 წელს საქართველოს ხელისუფლებას 1990 წლის მდგომარეობით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები არ აღუდგენია. 2007 წელს მიღებული „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც საზღვრის რაიმე ფორმით აღდგენასთან კავშირი არ ჰქონია. კანონის მიზანი მისსავე ტექსტში იყო განმარტებული და გულისხმობდა არა ოლქის საზღვრების და, შესაბამისად, ოლქის სტატუსის სამართლებრივ აღდგენას, არამედ, ამ ტერიტორიის სტატუსის განსაზღვრამდე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე შესაბამისი პირობების შესაქმნელად დროებითი სახელმწიფო მმართველობის დაწესებას.
მეტიც, კანონი ძალაში დარჩა 2025 წლის 17 დეკემბრამდე, ე.ი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე ივანიშვილის ხელისუფლება წარადგენდა დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნიშნავდა თანამდებობის პირებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდა ადმინისტრაციის ფუნქციონირებას.
2007 წელს შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია მხოლოდ 2025 წლის 17 დეკემბერს გაუქმდა, ე.ი. თვე-ნახევრის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. აღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილმა ნიადაგი მოამზადა კონსტიტუციური სარჩელის ამ ფორმით წარსადგენად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ სასარჩელო ჩანაწერები იმთავითვე იყო ჩაფიქრებული.
მართალია, სარჩელში მოყვანილი ფაქტები 2008 წლის ომთან და წინარე პერიოდთან დაკავშირებით ყალბია, თუმცა იუველირული სიზუსტით ემთხვევა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში განვითარებულ ანტიქართულ ნარატივებს. ჩვენი დაკვირვების საგანიც სწორედ ეს არის.
რა არის რუსული დოქტრინა „ახალი რეალობების“ შესახებ
“ახალი რეალობები“ არ არის რუსეთის რომელიმე სტრატეგიული დოკუმენტის ოფიციალური დასახელება, ის არის რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმულა, კრემლის პოლიტიკური მიდგომა. დოქტრინა გულისხმობს, რომ სხვა ქვეყნები უნდა შეეგუონ და მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური და ტერიტორიული ცვლილებები, რომლებსაც რუსეთი შეუქცევადად მიიჩნევს, მათ შორის, რუსეთის სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ტერიტორიული ცვლილებები.
საქართველოსთან დაკავშირებით „ახალი რეალობების“ ფორმულა გულისხმობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს იმ საფუძველზე, რომ ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და არა ტერიტორიები, რომელთა დაბრუნება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ კვლავ მოლაპარაკების საგანია.
რუსეთმა იგივე ფორმულირება გამოიყენა უკრაინასთან დაკავშირებით. კერძოდ, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა აღიარონ „ახალი ტერიტორიული რეალობები“, რაც უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის შემდეგ წარმოიშვა. შესაბამისად, რუსეთი მოითხოვს, უკრაინის ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიებისათვის მისთვის სასურველი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას.
„ახალი რეალობების“ მთავარი ამოცანაა დასვას ტოლობის ნიშანი რუსეთის მიერ შექმნილ ფაქტობრივ სიტუაციასა და სამართლებრივ სტატუსს შორის. რუსეთი ამტკიცებს, რომ შეცვლილმა გარემოებებმა უნდა განსაზღვროს სამართლებრივი სტატუსი და საკითხის დიპლომატიური მოგვარება. მარტივად რომ ავხსნათ, რუსეთი ძალადობრივი გზით, თავად ქმნის ახალ რეალობას, რომლის დაკანონებასა და აღიარებას მსხვერპლი სახელმწიფოებისგან და დასავლეთის ქვეყნებისგან მოითხოვს.
„ახალი რეალობების“ დოქტრინა მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ის გაცილებით ფართოა და მოიცავს კრემლის სტრატეგიული ამოცენების ნუსხას გლობალურ პოლიტიკაში. იდელოგიური თვალსაზრისით, დოქტრინის შინაარსი დაფუძნებულია ევგენი პრიმაკოვის კონცეფციაზე „მულტიპოლარული დიპლომატიის“ შესახებ და ვლადიმერ პუტინის 2007 წლის გამოსვლაზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. მათი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია სამი ძირითადი თეზა გამოვკეთოთ:
- საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და ის უნდა აღდგეს თანამედროვე ფორმით;
- რუსეთის სამეზობლო რუსეთის გავლენის სფეროა და მეზობელ ქვეყნებს შეზღუდული სუვერენიტეტი უნდა გააჩნდეთ;
- დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა განსაზღვრონ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთის თანხმობის გარეშე.
„ახალი რეალობების“ დოქტრინას ერთი კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. რამდენადაც ის რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციონირების ერთ-ერთი ფუნდამენტია, მის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით, მონაწილებდნენ ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი მედვედევი, სერგეი ლავროვი, ევგენი პრიმაკოვი, სერგეი კარაგანოვი, ვალერი გერასიმოვი, ხოლო დოქტრინის აღსრულებას უმეტესწილად უზრუნველყოფს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშიშროების საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი, უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სტრუქტურები.
საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის „ახალი რეალობების“ დოქტრინის პოზიციები შემდეგ პუნქტებს ეფუძნება:
- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უდავო საკითხია. რუსეთი მიიჩნევს, რომ 2008 წლის ომმა სამუდამოდ შეცვალა საქართველოს ტერიტორიული საზღვრები. მოსკოვი არ წარმოადგენს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გადაუჭრელ საკითხებს, მათ „პარტნიორ“ სახელმწიფოებად მიიჩნევს და საქართველოს ხელისუფლებისგან მათთან ე.წ. საზღვრების დადგენას ითხოვს;
- ოკუპაციის ჩარჩოს შეცვლა: ქართული მხარე 2008 წლის მოვლენებს აღწერს, როგორც რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა საქართველოზე. რუსეთი კი საკითხს წარმოაჩენს, როგორც კონფლიქტს საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ხოლო საკუთარ როლს კონფლიქტის მომგვარებლად სახავს. 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვის მთავარი პოლიტიკური ნარატივი ეფუძნება მტკიცებას, თითქოს სამხედრო დაპირისპირება საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიწვია, რუსეთი კი იძულებული გახდა დაეცვა ადგილობრივი მოსახლეობა. რუსეთი ამ ინტერპრეტაციას იყენებს როგორც სამხედრო ინტერვენციისთვის, ისე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გასამართლებლად;
- საქართველოს პოლიტიკური და უსაფრთხოების არჩევანი შეზღუდულია. სტრატეგიულ კონტექსტში, რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს საბოლოო ჩამოშორებას დასავლური პოლიტიკური და უსაფრთხოების გაერთიანებებისგან, უპირველესად ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პრევენციას;
- საქართველოს გააჩნია შეზღუდული სუვერენიტეტი, ხოლო რუსეთს დე-ფაქტო ვეტო მეზობელი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას შუეძლია მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, თუმცა სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებულ პოზიციებში რუსეთის ინტერესი გადამწყვეტია.
რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი სიტყვასიტყვით, ციტატებისა და გზავნილების დონეზე ემთხვევა რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინას „ახალი რეალობების“ შესახებ.
მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოებული ყველა სამართლებრივი პროცესი ქართული მხარის წარმატებით დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინოს გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, ქვეყნის სუვერენიტეტთან, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან, შესაბამისად სახელმწიფოებრიობასთან.
რუსეთის ჰიბრიდული ომის ამოცანაა საქართველოს სახელმწიფომ თავად მიიღოს, შეეგუოს და აღიაროს 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი რეალობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება ზუსტად ამგვარი მოქმედება იქნება.
დასკვნა:
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესით ივანიშვილი ასრულებს ამოცანას, რომელიც რუსეთმა 18 წლის განმავლობაში ვერ შეასრულა. ის ცდილობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო ჯარის ყოფნისთვის ლეგალური საფუძვლის შექმნას.
ჩვენი მიზანია ვამხილოთ ეს განზრახვა და სარჩელის შინაარსის შესახებ განგაშის სიგნალი რაც შეიძლება მეტ თანამოქალაქემდე მივიტანოთ, რადგან საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სუვეტენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენივე დასაცავია.
___





