განათლება,მთავარი,სიახლეები

შშმ ქალი 34 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – „მინდა, სხვა შშმ ქალებსაც სტიმული მივცე“

30.08.2022 • 1877
შშმ ქალი 34 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – „მინდა, სხვა შშმ ქალებსაც სტიმული მივცე“

დეა ერემაშვილი 34 წლის ასაკში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. დეა შშმ პირია და მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, მან ეროვნულ გამოცდებზე 50-პროცენტიანი გრანტი მაინც აიღო.

როგორც დეამ „ბათუმელებს“ უთხრა, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე პირველად 18 წლის ასაკში ჩააბარა, თუმცა იძულებული გახდა, მესამე კურსიდან სწავლა შეეწყვიტა.

„მაშინ შშმ პირების სწავლას სახელმწიფო არ აფინანსებდა და ხარჯებს ვეღარ გავწვდი პირადი პრობლემების გამო. შემდეგ დავიწყე მუშაობა და ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხელი შემიშალა უდიპლომობამ, რადგან ყველგან უმაღლესი განათლება იყო საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითითებული.

წელს აქტიურად დავიწყე შშმ ქალების უფლებებზე მუშაობა და მინდა, რომ უკეთესად, უფრო კვალიფიციურად შევძლო მათი უფლებების დაცვა.

შშმ ქალები ძალიან მოწყვლადი ჯგუფია, შესაბამისად, მათთვის ეკონომიკური სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი განათლების გარეშე ვერ მიიღებ ამ ეკონომიკურ სიძლიერეს.

აჭარაში ბევრი შშმ ქალი გვყავს, ვისაც ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. ამის გამოსწორების შესაძლებლობა დღეს არსებობს, რადგან შშმ პირების სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ჩემი მაგალითითაც მინდა ამ ქალებს სტიმული მივცე. ბევრ ჩვენგანს ფიზიკური შრომა არ შეგვიძლია, ამიტომ ნორმალური ანაზღაურების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლება, თუ კვალიფიკაცია გვექნება,“ – ამბობს დეა.

მისი თქმით, შშმ პირები სკოლის შემდეგ, ფაქტობრივად, სახლში არიან და ვერ ახერხებენ განათლების მიღებას სხვადასხვა გარემოების გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ არაადაპტირებულია გარემო, შემდეგი პრობლემა კი ფინანსებია.

დეა ამბობს, რომ მიუხედავად 16-წლიანი წყვეტისა, მას ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეპეტიტორებთან მომზადება არ დასჭირვებია.

„ჩემით ჩავაბარე, არ მიმეცადინია და ვფიქრობ, ახლანდელი ეროვნული გამოცდები იმაზე ბევრად ადვილი იყო, რაც 16 წლის წინ გავიარე. არ ვიცი, რატომ უწევთ აბიტურიენტებს ამხელა რესურსის ხარჯვა მომზადებაზე. ძალიან მარტივი კითხვებია.

ინგლისურში 23 ქულა ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვსწავლობ ინგლისურს და ძალიან კარგად არ ვიცი. ამ ფონზე არ არის ცუდი შედეგი,“ – გვითხრა დეამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: