მთავარი,სიახლეები

არც ერთმა მერიამ არ მოგვაწოდა ბიუჯეტის პროექტი – შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

26.10.2021 • 1265
არც ერთმა მერიამ არ მოგვაწოდა ბიუჯეტის პროექტი – შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი არც ერთმა მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი.

ბიუჯეტის პროექტის შესწავლა ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, ბიუჯეტის შემუშავებისას უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული შშმ პირთა ინტერესები.

„წესით, ჩვენ მარტიდან უკვე უნდა ვყოფილიყავით ჩართული ახალი ბიუჯეტის პროექტის სამუშაო პროცესში. როგორც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, წერილობითაც მივმართეთ, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტებში გვითხრეს, ამ დრომდე არ აქვთ მზად ბიუჯეტის პროექტი. მხოლოდ ქობულეთმა და ხელვაჩაურმა მოგვაწოდეს ახლახანს, დაგვიანებით. დროულად არც ამ მუნიციპალიტეტებმა მოგვაწოდეს. იგივე მდგომარეობა იყო გასულ წელსაც, როცა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა ბიუჯეტის პროექტი.

ბათუმმა გამომიგზავნა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულება, მაგრამ 2022 წლის არ მაქვს მზადო. რეალურად, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სრულფასოვნად ვერ ახერხებ ოპერირებას და მუშაობას, რადგან არ გაქვს ინფორმაცია“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

მისი თქმით, შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის საბოლოო ვადა 25 ნოემბერია, ამიტომ ბიუჯეტის პროექტის დაგვიანებით მიწოდება პრობლემებს ქმნის.

„შარშან 25 ნოემბერს მოგვაწოდა ბათუმმა ბიუჯეტი. წესიერად ვერც მოვასწარით შესწავლა და რეკომენდაციების გაკეთება.

შემდეგ ხარვეზებზე რომ მივუთითეთ – უი, ეს არ ვიცოდითო. მთელი დღე და ღამე მოგვიწია მუშაობა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია მაინც მოგვესწრო, რადგან მითხრეს, რომ სჭირდებოდათ მეორე დღესვე. ეს არასერიოზულია“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

რა იყო ის ხარვეზები, რაზეც რეკომენდაციები მიეცით მერიას გასულ წელს? – ვკითხეთ დეა ერემაშვილს. მისი თქმით, ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა შშმ პირების საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც ისევ დასამუშავებელია.

მისივე თქმით, მცირეა პროგრამის ბიუჯეტიც და შშმ პირების მშობლებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ პროგრამის შესახებ.

„ერთ-ერთ შენიშვნა იყო ვაუჩერებთან დაკავშირებით. მაგალითად, შშმ პირები, რომლებიც დღის ცენტრში დადიან, სარგებლობენ კვების ვაუჩერით, მაგრამ ბათუმის მერიას რამდენიმე სრულწლოვანი შშმ პირისთვის არ ჰქონდა კვების ვაუჩერი გათვალისწინებული პანდემიის პერიოდში. თუ ეს ადამიანები დღის ცენტრში დადიან და იქ სარგებლობენ კვების ვაუჩერით, პანდემიის დროსაც უნდა მიეღოთ ვაუჩერი“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

როგორც ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2022 წლის ბიუჯეტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და საკრებულოს 15 ნოემბრამდე წარედგინება „კანონის შესაბამისად“, რასაც არ ეთანხმება ერემაშვილი და ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბევრად უფრო ადრე უნდა იყვნენ ჩართულნი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: