მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რამდენად უსაფრთხოა მკერდისთვის მჭიდრო ლიფის ტარება და ლაზერული ეპილაცია – მამოლოგის რჩევები

12.03.2024 •
რამდენად უსაფრთხოა მკერდისთვის მჭიდრო ლიფის ტარება და ლაზერული ეპილაცია – მამოლოგის რჩევები

ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 13 წელია არსებობს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა, მასში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიძვირესთან დაკავშირებული შიში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები ექიმთან დროულ ვიზიტს არიდებენ თავს.

რამდენად უსაფრთხოა ძლიერად მოჭერილი ლიფის ტარება? ნორმალურია თუ არა მკერდის ძლიერი დაჭიმულობა პმს-ის დროს? არის თუ არა კავშირი დეოდორანტების გამოყენებასა და ძუძუს პათოლოგიებს შორის? – ძუძუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებს, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მოწვეული ექიმი-მამოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ჩოლოყაშვილი პასუხობს.

  • ბატონო ლევან, რამდენად უსაფრთხოა, ძლიერად მოჭერილი (მაგალითად, სპორტული) ლიფის სისტემატური ტარება?  

მჭიდრო ლიფების ტარება საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა პაციენტებში. მეტსაც გეტყვით, ზოგი საერთოდ იძინებს ლიფით. განსაკუთრებით ცუდია მეტალის ან პლასტიკის კარკასული ჩანართების მქონე ლიფების ტარება. სპორტული, მაისურის ტიპის ლიფის ტარება, რომელიც უფრო ელასტიკურია, შედარებით უკეთესია, თუმცა ძალიან მოჭერილი არც ის ვარგა.

საერთოდ სხეულის არც ერთი სამოსი მოჭერილი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით საცვლები, რაც უშუალოდ სხეულს ეკვრის, მით უფრო მოსვენების მდგომარეობაში, ძილის დროს.

არ მინდა იმის თქმა, რომ მოჭერილი ტანსაცმლის ტარება, პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია პათოლოგიურ, მათ შორის სიმსივნურ პროცესებთან, მაგრამ მოჭერილი ლიფის ტარება ხელს უწყობს ძუძუს გარკვეულ დისფუნქციას, შეგუბებით პროცესებს და შემდგომ კვანძებსაც, ხელს უშლის ლაქტაციის შემდგომ პერიოდში სადინარებიდან ნარჩენი რძის ალაგებას. ამიტომ უმჯობესია ან საერთოდ არ ატაროთ, ან თუ ატარებთ – შეარჩიოთ, შედარებით უფრო თავისუფალი, მაისურის მსგავსი ფორმის ლიფი.

მჭიდრო ლიფის ტარებისას შეზღუდულია როგორც სისხლძარღვოვანი, ასევე ლიმფური სისტემა, პრემენსტრუალურ პერიოდში ფიზიოლოგიური ჰორმონალური ცვლილებების დროს ასეთი შეზღუდვა განსაკუთრებით საზიანოა. ამიტომ, უმჯობესია ატაროთ უფრო თავისუფალი ლიფი, რომ არ განვითარდეს შეგუბებითი პროცესი, არ ჩამოყალიბდეს ანთებითი, კვანძოვანი ჩანართები და/ან მათი შემდგომი ავთვისებიანი გადაგვარება.

  • პრემენსტრუალური სინდრომის დროს რა ცვლილებები ხდება მკერდში (მაგალითად, რაც იწვევს შეშუპებას, ტკივილს). შესაძლოა საქმე გვქონდეს რაიმე პათოლოგიასთან, თუ ეს სიმპტომატიკა მწვავეა? 

პრემენსტრუალური სინდრომი PMS [პი ემ ეს], რომელიც ასევე ხშირად არასწორად გაიგივებულია და მოიხსენიება, როგორც პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა PMDD [პი ემ დი დი], საკმაოდ გავრცელებულია – იმდენად, რომ მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 80%-მდეა.

პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) და პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) არის ორი მსგავსი-დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც იზიარებენ ბევრ საერთო ფიზიკურ და ემოციურ სიმპტომს: ერთ-ერთი მათ შორის არის ძუძუში ტკივილი და გადაბერილობის შეგრძნება. განვიხილოთ PMS და PMDD ცალ-ცალკე:

  • სიმპტომების სიმძიმე

PMS: სიმპტომები, ზოგადად, უფრო მსუბუქია და შეიძლება მოიცავდეს: შებერილობას, მსუბუქ კრუნჩხვებს, განწყობის ცვალებადობას, დაღლილობას და მადის ცვლილებას. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე და ქრება მენსტრუაციის დაწყებისთანავე.

PMDD: არის PMS-ის უფრო მძიმე ფორმა. სიმპტომები ინტენსიურია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ყოველდღიური საქმიანობის პროცესს, ურთიერთობებს და ა.შ. PMDD სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს უკიდურეს სევდას, შფოთვას, განწყობის ცვალებადობას და უიმედობის გრძნობას.

  • ემოციური სიმპტომები:

PMS: ემოციური სიმპტომები ამ დროს შეიძლება მოიცავდეს ზომიერ დეპრესიას, სახსრების, კუნთების, თავის ტკივილს, დაღლილობას შფოთვას და განწყობის ცვალებადობას.

PMDD: სიმპტომების სიძლიერემ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სამუშაოს პროდუქტიულობაზე, ურთიერთობებზე და ცხოვრების მთლიან ხარისხზე. აღნიშნული პირები შეიძლება გრძნობდნენ თავს უკონტროლოდ და მოწყვეტილი იყვნენ ჩვეული რუტინისგან. ფუნქციონალური ცვლილებების ფონზე ხდება სითხის შეკავება, სხეულის შეშუპება უფრო, ვიდრე წონაში მატება, როგორც აღნიშნავენ პაციენტები; განსაკუთრებული მძიმე ფორმების დროს სუიციდის აზრებიც კი აღენიშნებათ ხოლმე.

ქალების 75%-მდე შეიძლება განიცადოს რბილი PMS; PMDD ნაკლებად გავრცელებულია, ის ვლინდება ქალების მხოლოდ 3%-დან 8%-ში.

  • მიზეზები: 

PMS და PMDD-ის ზუსტი მიზეზები ბოლომდე არ არის ცნობილი. შეიძლება გამოვყოთ PMS და PMDD-ის ხელშემწყობი რამდენიმე მიზეზი, ძირითადი ეს არის ჰორმონალურ-ციკლური დარღვევები, ე.წ. რყევები, რომელიც მთლიანად ქრება ორსულობის ან მენოპაუზის დროს; მეორე მიზეზად შეგვიძლია გამოვყოთ თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური ცვლილებები, რომელიც (5-10 დღით ადრე) წინ უსწრებს ციკლს მოსვლას, შემდეგ ის თანდათანობით ან ხშირად მომენტალურად იკლებს, როგორც კი ციკლი იწყება.

PMS და PMDD-ის განვითარებაზე ზეგავლენა აქვს თავის ტვინში სეროტონინის დეფიციტს, რომელიც ამ პერიოდში იწყება; სიმპტომების გამძაფრების მიზეზი შეიძლება იყოს გაუთავებელი სტრესები, დაძაბული სამუშაო, ოჯახური და პირადი პრობლემები; ხელშემწყობი ფაქტორია ასევე კონსერვანტებით, ემულგატორებითა და პესტიციდებით გაჯერებული საკვები პროდუქტები, მასთან ერთად ე.წ. კვებითი აშლილობები და ამით განპირობებული გაღიზიანებული ნაწლავის სიმპტომი;

თუ PMS და PMDD-ის დროს, მათ შორის მკერდის დაჭიმულობა არის გახანგრძლივებული, სარძევე ჯირკვლებში ძლიერია დაბერილობა, ახლავს ძლიერი ტკივილი, რომელიც გადადის იღლიის ფოსოში, აღინიშნება მტკივნეულობა არა ხელის შეხებით, არამედ მოსვენების მდგომარეობაში; არის ჩამოყალიბებული კლინიკური სინდრომი და არა უბრალოდ დისკომფორტი, სისავსისა და დაჭიმულობის შეგრძნებით, მაშინ ეს საყურადღებოა იმის მიხედვით, თუ რა სიძლიერით არის სიმპტომები გამოხატული.

ასეთ დროს ხდება ჰორმონალური ბალანსის სრული სპექტრის გამოკვლევა. მათ შორის ხდება სისხლში სეროტონინის შემცველობის რაოდენობის განსაზღვრა, როგორც მენსტრუაციამდე ისე მის შემდეგ, საჭიროა პროცესში ჩაერთოს ენდოკრინოლოგი.

  • საყურადღებოა თუ არა კაპილარების გამოჩენა/არსებობა მკერდზე?

კაპილარების გამოჩენა კანზე იგივე კუპეროზი, იგივე როზაცეა, იგივე ვარდისფერი აკნე, სახის კანზე უფრო შესამჩნევი და ხშირია, თუმცა შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვა ადგილებზეც, მათ შორის სარძევე ჯირკვლებზე.

კანი შედგება სამი ძირითადი შრისგან: ეპიდერმისი, დერმა და ცხიმოვანი ქსოვილი (კანქვეშა შრე), როდესაც ადამიანს ზედა ფენა – ეპიდერმისი თხელი აქვს და ამავე დროს საკუთრივ დერმაც თხელია, რომლის ქვედა ფენაშია კაპილარები, მაშინ ისინი უფრო თვალსაჩინონი არიან და კანზე გამოხატულია სისხლძარღვოვანი სურათი. ხშირად ეს გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, შეიძლება შეძენილიც იყოს, მაგალითად კვებითი, მედიკამენტოზური, ვირუსული ინტოქსიკაციის შედეგად გაჩნდეს და მერე ბოლომდე აღარ ალაგდეს, ხშირია ზედა ორი შრის ასაკობრივი განლევაც.

რაც შეეხება სარძევე ჯირკვლების კანზე გამოხატულ წვრილ კაპილარებს, ის არ გახლავთ რაიმე წამყვანი სიმპტომი, რომ პათოლოგიად მივიჩნიოთ. ის უფრო არის გენეტიკურ ნიშანი, გამოვლენილი, მეორე და/ან მესამე თაობაში.

საყურადღებო ვიზუალური ნიშნები სარძევე ჯირკვალში არის ლიმონის ქერქივით კანი, რაც მიუთითებს, რომ მის შიგნით სიღრმეში არის კვანძი, რომელიც კანის ზედა ფენებს ქაჩავს და ქმნის ჭიმებს, სწორედ ეს ცვლილება ჩანს ლიმონის ქერქივით; ან ამობურცულობაა, სიწითლეა, შეიძლება იყოს ე.წ. დაფის-სიბრტყის ნიშანი, ეს ნამდვილად უფრო საყურადღებოა, ვიდრე ორივე მხარეს, პროპორციულად განვითარებული ზედაპირული კაპილარები.

რადგან შევეხეთ კვანძის მახასიათებლებს, თუ პაციენტმა შენიშნა კვანძოვანი წარმონაქმნი, მამოლოგთან მისვლამდე, თვითგამოკვლევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოს, კვანძი მოძრავია, „დახტის“ თუ ფიქსირებულია, რბილია თუ მკვრივი (სიმკვრივე პირობითად შეიძლება დავყოთ: ცხიმოვანი კონსისტენციის, კუნთოვანი, ხრტილოვანი და ძვლოვანი), კიდეები-საზღვრები მკაფიოა თუ უსწორმასწორო, ზედაპირი გლუვია თუ ხორკლიანი, პალპაციით მტკივნეულია თუ უმტკივნეულო, აქვს თუ არა ტემპერატურული რეაქცია – ხურს, თუ არა და, რა თქმა უნდა, სავარაუდო ზომები სანტიმეტრებში. 

  • თუ არის რაიმე რეკომენდაციები მკერდზე ლაზერული ან სხვა სახის ეპილაციის გაკეთებასთან დაკავშირებით?

ეპილაციის მეთოდოლოგია და აპარატურა დღეს საკმაოდ დახვეწილია, თანამედროვე ხელსაწყოები მინიმალურად ინვაზიურია.

თუ არ არის წინასწარი გენეტიკური განწყობა, თუ ქალების ხაზით, დედას, ბებიას არ ჰქონდა სიმსივნური წარმონაქმნი, თუ მას არ აქვს კვანძოვანი წარმონაქმნი, მკერდზე – შეიძლება ადამიანმა გაიკეთოს ეპილაცია.

სარძევე ჯირკვლის და იღლიის ლიმფური სისტემა ერთ მთლიან ბმულად, არხად მოიაზრება, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, „გარეგანი ჩარევა“ ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს – იწვევს გარკვეულ რეაქციებს, საპირისპირო მახარეს. თუ იღლიაში არ არის პიგმენტური ლაქები, ნევუსები, ხალს რომ ეძახიან, უმჯობესია გაკეთდეს ეპილაცია, თუმცა თუ ასეთები არის, ისინი უნდა დაიფაროს სპეციალური თეთრი ფანქრით, რომელიც ეპილატორის სხივებს არ გაატარებს.

უმჯობესია გაიკეთოთ ეპილაცია, ვიდრე იპარსოთ და კანზე გაჩნდეს მიკროტრავმები. რომლებიც პათოგენური მიკრობების შეჭრის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით ცხელ პერიოდებში, როცა ოფლი ჭარბად გამოიყოფა და საოფლე ჯირკვლები ღიაა, ვითარდება აღმავალი ინფექცია, რაც აღიზიანებს იღლიის ფოსოში ჭარბად განვითარებულ ლიმფურ სისტემას. ამიტომ სასურველია გაიკეთოთ ხარისხიანი ლაზერული ეპილაცია იშვიათად, ვიდრე იპარსოთ სისტემატურად და დააზიანოთ იღლიის ნაზი კანის საფარველი.

დასხივება და ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით არასასურველია მათთვის, ვისაც აქვს ონკოლოგიისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა, რამდენიმე ან ერთ თაობაში, ის მზეზე გარუჯვასაც უნდა მოერიდოს და სოლარიუმსაც.

მარკეტინგული ხრიკებია, რომ თითქოს ზოგიერთ სოლარიუმის აპარატს განსხვავებული სხივები აქვს, რეალურად ყველა არის ულტრაიისფერი, ყველა აღიზიანებს კანს, იწვევს კანის გამოშრობას, უკარგავს მას ელასტიკურობას. ულტრაიისფერი სხივი აშრობს კანსა და კანქვეშა ქსოვილს და იწვევს ადრე დაბერებას, პიგმენტურ ლაქებს, უარეს შემთხვევაში კი კანის კიბოს, მელანომას. მხოლოდ მცირე დოზებით არის სასარგებლო, როდესაც კანი გამოიმუშავებს D ვიტამინს.

  • მითია თუ რეალურად არსებობს რაიმე კავშირი დეოდორანტებისა და ანტიპერსპერანტის/დეოდორანტის მუდმივ გამოყენებასა და მკერდის პათოლოგიებს შორის? 

როგორც სუნამოს და კანის მოვლის საშუალებებს აქვს უძველესი ისტორია, ისე ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიკური ხანიდან მოდის, ადამიანი იყენებდა შაბს, სხვადასხვა მცენარეულ ნაყენს.

ანტიპერსპერანტის მუშაობის პრინციპია 1. საოფლე ჯირკვლებში, გამომუშავებულ ოფლში არსებული პათოგენური მიკრობების განეიტრალება; 2. თავად საოფლე ჯირკვლებზე მოქმედება, რომ შეამციროს ოფლის სეკრეცია და 3. პირველი და მეორე პუნქტები ორივე ერთად;

ამ საშუალებების შემადგენლობაში არ უნდა იყოს მეტალების, მაგალითად ალუმინის ოქსიდის შემცველობა, რომელიც განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს კანზე, საოფლე ჯირკვლებზე და კანცეროგენურია. საქმე ის არის, რომ ასეთი ანტიპერსპერანტის გამოყენებისას კანქვეშ, ხდება მავნე ნივთიერებების კუმულაცია, საიდანაც ადვილად ვეღარ გამოიდევნებიან და იწვევენ უჯრედშიდა გენეტიკურ ტრანსფორმაციას – სიმსივნურ პროლიფერაციას.

ეს არასასურველი მოვლენები ხანგრძლივი და რეგულარული მოქმედების შედეგია, ერთჯერადად, ხანმოკლე გამოყენება არ იძლევა უარყოფით რეზულტატს.

  • ზოგიერთ ადამიანთან იღლიის მიდამო ჩაღრმავებულია, ზოგიერთთან კი უფრო სავსეა, რამდენად საყურადღებოა ეს გარემოება?

იღლიის ფოსოში არის სპეციფიკური კანქვეშა ცხიმოვან, ფაშარი ქსოვილი, რომელიც ზოგ ადამიანთან მეტად არის გამოხატული-შევსებული, ზოგიერთთან ნაკლებად. თუ ეს ორივე მხარეს პროპორციულად არის განვითარებული, მაშინ არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ, თუ ერთ მხარეს მეტად არის ზომაში მომატებული, მტკივნეული, გამაგრებული და ა.შ. და მეორე მხარეს ნაკლებად, მაშინ პაციენტი გამოსაკვლევია და საჭიროა მიზეზის დადგენა, მკურნალობა.

სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ეს არის სიმეტრიულად, პროპორციულად განვითარებული ორივე მხარეს და არ მიანიშნებს არავითარ პათოლოგიაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: