ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კიდევ ორი ცათამბჯენი – როგორ შეიცვლება ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია [ფოტო]

31.03.2024
კიდევ ორი ცათამბჯენი – როგორ შეიცვლება ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია [ფოტო]

შპს „ბრიტიშ დეველოპმენტმა“ ბათუმის მერიას რუსთაველის #44-ში, ხოლო შპს „ვესტინვესტმა“ ნინოშვილის #39-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების არქიტექტურული ნაწილი შეათანხმა.  ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის, „ალიანს ფრივილიჯის“ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ ორი ცათამბჯენი აშენდება. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების გეგმა-კონცეფციები საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა.

მონიშნულია სამშენებლოს მომზადებული მიწის ნაკვეთები

გდგ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიები პროექტების K2-კოეფიციენტის გაზრდას 16.0-მდე ითხოვდნენ.

ნინოშვილის #39-ში სამშენებლო მიწის ნაკვეთი 8000 კვ.მეტრია. მისი ოფიციალური მფლობელი შპს „ბრიტიშ დეველოპმენტია“. კომპანიის 100 პროცენტი „ორბის“ მფლობელს, ზაზა ზოიძეს ეკუთვნის. ეს ნაკვეთი მთავრობამ 2017 წელს მშენებლობის პირობით გაყიდა. თავდაპირველმა მფლობელმა კომპანია თავისი ქონებით და ვალდებულებებით ბათუმში ქონების შეძენიდან მალევე გაყიდა. კომპანიას აღებული ვალდებულების შესრულების ვადა ბევრჯერ გადაუვადეს.

რენდერი – პროექტის საერთო ფართობი:137072.5 კვ.მეტრია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას [სგშ-ს] არ დაექვემდებარება.

სგშ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა, რომელიც მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცებისას.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულომ ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია სგშ-ს პროცედურების გარეშე დაამტკიცა.

რენდერი

რუსთაველის #44-ში სამშენებლო ნაკვეთის ოფიციალური მფლობელი კი შპს „ვესტინვესტია“. კომპანიის 100 პროცენტს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი“ ფლობს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 3508 კვ.მეტრია. კომპანია აქ კოშკის ტიპის 61-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს, რომელიც 16 მეტრი სიმაღლის 3 სართულიან სტილობატზე იქნება განთავსებული. მიწისქვედა სართულზე მოაწყობენ პარკინგს, რომელიც 154 მანქანაზეა გათვლილი. ამ შენობის სიმაღლეც 180 მეტრი იქნება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: