მთავარი,სიახლეები

რა პირობებში მუშაობენ სტუდენტები ქართულ და ფრანგულ „კარფურში“ – მარიამი და კრისტელი

16.07.2021 • 2046
რა პირობებში მუშაობენ სტუდენტები ქართულ და ფრანგულ „კარფურში“ – მარიამი და კრისტელი

ავტორი: მეგი ქამაშიძე

საქართველოში დასაქმების მსურველ სტუდენტებს კომპანიების დიდი ნაწილი მხოლოდ სრულ სამუშაო განაკვეთს და გრაფიკთან შეუსაბამო ანაზღაურებას სთავაზობს. შედეგად, სტუდენტები ვეღარ ახერხებენ საკმარისი დრო დაუთმონ სწავლას და ხშირად მათი ხელფასი იმ საგნების კრედიტების გადახდას ხმარდება, რომლებსაც დროის უქონლობისა და დაღლილობის გამო ვერ აბარებენ.

სტუდენტური დასაქმების კუთხით სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ ევროპულ ქვეყნებში. ევროპელი სტუდენტების სამუშაო გრაფიკი, შრომითი პირობები და ანაზღაურება მაქსიმალურად არის მორგებული მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე.

სტუდენტები ხშირად საქმდებიან კონსულტანტებად ისეთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტთა ქსელში, როგორიც საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი „კარფურია“.

მარიამი და კრისტელი სტუდენტები არიან. მარიამი საქართველოში ცხოვრობს, კრისტელი – საფრანგეთში. ორივეს აქვს „კარფურში“ მუშაობის გამოცდილება, ოღონდ მარიამს – საქართველოში, კრისტელს – საფრანგეთში.

მათთან საუბრისას ირკვევა, რომ სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება „კარფურის“ ფრანგულ და ქართულ ფილიალებში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

მარიამი: „უდროობის გამო ლექციებსაც ხშირად ვაცდენდი“

_________________________________________

„რვასაათიანი მუშაობის შემდეგ სახლში მისვლა და მეცადინეობა რთულია. ალბათ, შესაძლებელია, თუ საკმარისად მოინდომებ, მაგრამ მე ძალიან მიჭირდა.

კვირის განმავლობაში, დღის და ღამის ცვლაშიც მიწევდა მუშაობა და უდროობის გამო ლექციებსაც ხშირად ვაცდენდი, თუმცა, როცა ვახერხებდი უნივერსიტეტში მისვლას, გადაღლილობის გამო მაინც ვერ ვერთვებოდი სასწავლო პროცესში ისე, როგორც საჭიროა“, – ასე იხსენებს 21 წლის მარიამ კონცელიძე სწავლისა და „კარფურში“ სამსახურის ერთმანეთთან შეთავსების პირველ მცდელობას.

მარიამი

მარიამი ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია. „კარფურში“ ორი თვე მუშაობდა სტოკერად. ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ უფრო მკაფიოდ დაანახა შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები.

„გასაუბრებაზე მითხრეს, რომ გამონაკლის შემთხვევებში შემეძლო რამდენიმე საათით უნივერსიტეტში გასვლა, თუმცა კადრების სიმცირის გამო ამ ბენეფიტით ვერ ვისარგებლე.

ხელშეკრულებისთვის ხელი თავიდანვე არ მომიწერია. ფაქტობრივად, მაშინ გავაფორმეთ, როცა წამოსვლას ვაპირებდი.

არც ისე ხშირად, მაგრამ მიწევდა გათვლილ საათებზე დიდხანს მუშაობაც, მაქსიმუმ 40 წუთი, თუმცა, სიმართლე გითხრათ არც ჩამითვლია ეს პრობლემად და არც იმის მოლოდინი მქონია, რომ ამინაზღაურებდნენ. მენეჯმენტის სტუდენტი ვარ და ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს სამსახურში გატარებული ზედმეტი 5 წუთიც კი, მაგრამ საქართველოში ასე არ ხდება. ჩემი პირველი სამსახური იყო და პატარა ვიყავი, ახლა არ შევეგუებოდი“,  – გვიყვება მარიამი.

მარიამის თქმით, საბედნიეროდ, იმ სტუდენტების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებსაც სხვა მიზეზებთან ერთად უნივერსიტეტის გადასახადის გამოც უწევთ მუშაობა, მაგრამ მაინც უნდოდა საკუთარი წვლილი შეეტანა თანხის დაფარვაში და ყოველთვიური შემოსავალიც ჰქონოდა:

„მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს არ უჭირდათ უნივერსიტეტის გადასახადის დაფარვა, მინდოდა დავხმარებოდი და თან, ფინანსურად დამოუკიდებლად მეგრძნო თავი. თუმცა, სანამ ხელფასს ავიღებდი, კვებაზეც და ტრანსპორტზეც საკუთარი ხარჯებით უნდა მეზრუნა, ამიტომ ისე გამოვიდა, რომ იმ ორი თვის განმავლობაშიც თვითონ მეხმარებოდნენ.“

„კარფურიდან“ წამოსვლის მთავარ მიზეზად მარიამი დროის უქონლობას, გაუარესებულ აკადემიურ მოსწრებას და დაბალ ხელფასს ასახელებს:

„უნივერსიტეტში გამოცდები მეწყებოდა და უკვე ვიცოდი, რომ ვერ მოვახერხებდი შეთავსებას, ნიშნებიც საგრძნობლად გამიუარესდა, ამიტომ წამოსვლა გადავწყვიტე. ვფიქრობ, ხელფასიც, 420 ლარი, შეუსაბამო იყო სამუშაო საათებთან. თუნდაც ორი საათით ნაკლები რომ ყოფილიყო, ალბათ დავრჩებოდი.“

კრისტელი: „ეს სამსახური სწავლაში ხელს არ მიშლის“

_______________________________________

კრისტელი

მარიამისგან განსხვავებით, „კარფურში“ მუშაობის ბევრად პოზიტიური გამოცდილება აქვს კრისტელ ბულიუს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ლიონის უნივერსიტეტში სწავლობს და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს შაბათ-კვირას კარფურში სამუშაოდ მშობლიურ დასახლებაში, ნანტუაში დაბრუნება:

„ჩემი კონტრაქტი სწავლის პერიოდში მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობას ითვალისწინებს. დასახლება, სადაც ვცხოვრობ, ლიონიდან მატარებლით საათ-ნახევრის სავალია, ამიტომ პარასკევს, ლექციების შემდეგ, მივდივარ ნანტუაში, ვმუშაობ, ორშაბათიდან კი უნივერსიტეტს ვუბრუნდები.

ეს სამსახური ყოველკვირეულად ოჯახის წევრებისა და მეგობრების ნახვის საშუალებასაც მაძლევს, არც სწავლაში მეშლება ხელი.

ჩემი ნიშნებით კმაყოფილი ვარ, სრული განაკვეთით მხოლოდ ზაფხულში ვმუშაობ, როცა უნივერსიტეტისგან და ფინალური გამოცდებისგან თავისუფალი ვარ.

მართალია, „კარფური“ არ არის ის ადგილი, სადაც მუშაობაზე მიოცნებია, მაგრამ, ჯერჯერობით, მაძლევს იმ დამოუკიდებლობას, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

კრისტელი ესპანურ ენას და ლინგვისტიკას სწავლობს. როგორც იგი გვიყვება, საფრანგეთში სტუდენტები მუშაობისას ნაკლებად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა შრომითი უფლებების დარღვევა, მათ ძირითადად მოქნილი, სწავლასთან მორგებული გრაფიკი აქვთ:

„როგორც წესი, ექვსსაათიანი სამუშაო გრაფიკი მაქვს, მაგრამ თუ დროს ვპოულობ, დამატებით საათებსაც ვიღებ, რომლებიც, რა თქმა უნდა, ანაზღაურებადია და თვეში 300 ევრომდე გამოვიმუშავებ“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: