Batumelebi | გურჯი, რომელსაც თურქეთში „ქართული კაფე“ აქვს – „ყველაზე ძნელად სამზარეულო იკარგება“ გურჯი, რომელსაც თურქეთში „ქართული კაფე“ აქვს – „ყველაზე ძნელად სამზარეულო იკარგება“ – Batumelebi
RU | GE  

გურჯი, რომელსაც თურქეთში „ქართული კაფე“ აქვს – „ყველაზე ძნელად სამზარეულო იკარგება“

ავტორი: ნაზი შაინიძე

თურქეთში, სტამბულიდან დაახლოებით ერთი საათის გზაზე, ქალაქი გებზე მდებარეობს. ამ ქალაქში, ჰაჯიჰალილის უბანში, 4ა ქუჩაზე ერთი პატარა კაფეა, საიდანაც ხშირად ისმის ქართული სიმღერის ხმა. აბრას თუ ახედავთ, დაინახავთ ქართულად, თურქულად და ინგლისურად წერია – „ქართული კაფე“.

„ქართული კაფეს“ მფლობელი თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი უღურ ზუბოღლოა.

უღური იმერხევის სოფელ ბაზგირეთიდანაა და საკუთარ თავს ძირძველ ქართველს უწოდებს. პროფესიით გეოფიზიკის ინჟინერი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ამბობს, რომ „ქართული კაფე“ მისი მთავარი მიღწევაა ცხოვრებაში.

„ქართულ სოფელში დავიბადე, სულ ქართული საჭმელებით გავიზარდე. რაც სოფლიდან გადმოვედით, ქართულ სამზარეულოს მოვწყდი და ძალიან ცუდად ვიკვებებოდი. გინდა ხინკალი ჭამო, მაგრამ არ არის. ხაჭაპური გინდა და ვერ პოულობ“, – გვიყვება უღური.

უღურ ზუბოღლო. უღური თბილისში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს და ძალიან კარგად იცის ქართული.

რადგან ქართული კერძები ვერსად ნახა, უღურმა გადაწყვიტა, თავად გაეხსნა კაფე, სადაც საკვების გარდა ქართველებს შეეძლებოდათ ერთმანეთთან შეხვედრა. იდეა მეგობრებსაც გაუზიარა, თუმცა ვერავინ დაითანხმა.

„მეგობრების დარწმუნებაში დიდი დრო დავკარგე. ბოლოს ისე მოხდა, ქირავდებოდა ერთი ადგილი და მეთქი – ვსინჯავ, ჩემი სოფლის ქალებს ვეტყვი, რომ გამიკეთონ ის საჭმელი, რაც მიყვარს და თუ არავინ არ მოვა, დავჯდები და მე ვჭამ!“

ეს ზუსტად 5 წლის წინ იყო, 2016 წლის ზაფხულში. უღურმა კაფე გახსნა, თუმცა მის ირგვლივ ყველა უიმედოდ იყო განწყობილი, ფიქრობდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა.

„ყველა მეუბნებოდა – „გიჟი ხომ არა ხარ?! ვინ მოვა?! არავინ არ მოვა! 3 თვეში, რაც ფული გაქვს, დაკარგავ. ჩაიძირები“… იმდენი მაშინეს!

ბოლოს ვთქვი – რაც იქნება, იქნება! თქვენ არ მოხვალთ და არ ჭამთ? მე მივირთმევ. არსად არ წავალ, მე ჩემთვის ვხსნი! ასე გადავწყვიტე.

მერე მოდიოდნენ და მიყურებდნენ – „ბიჭო, ჯერ კიდევ არ დახურე?! რას აკეთებ? სამ თვეში თუ ვერ ჩაიძირე, მაშინ ექვს თვეში“… და აგერ, გახდა ხუთი წელი!

იმიტომ ვზეიმობ, რომ ყველას ვუთხრა – ნახეთ, ხუთი წელი გავიდა და ჯერ არ ჩავძირულვარ! პირიქით, უკვე აღარ ჩავიძირები, იმიტომ, რომ ბევრმა იცის უკვე ჩვენი არსებობა. ამ პანდემიის დროსაც კი დიდი ეკონომიკური პრობლემა არ შემქმნია, პირიქით, ახლა საქართველოდან ორი თანამშრომელი მყავს და მესამესაც ვეძებ“.

უღურს კერძების მომზადების გამოცდილება არ ჰქონდა, არც ის იცოდა, როგორ უნდა წარედგინა კერძი სტუმართან, მაგრამ თანდათან ეს გამოცდილებაც შეიძინა.

ფოტო: „ქართული კაფე“

ფოტო: „ქართული კაფე“

„ქართულ კაფეში“ კერძებს ტრადიციული რეცეპტებით ამზადებენ, მათ შორის არის კერძები, რომლებიც უღურს სოფელში გატარებულ წლებს ახსენებს.

„მე მომხრე ვარ კერძების მომზადების ტრადიციული მეთოდის. ქართული სამზარეულო, ჩემი აზრით, მსოფლიოს სთავაზობს ჯანმრთელ საკვებს. რომ შეუკვეთავ, იმ წუთში კი არ მოვა, ეს კერძი შენთვის მომზადდება. ცოტა დაცდა მოგიწევს, მაგრამ სამაგიეროდ მიირთმევ ჯანსაღ, შენთვის მომზადებულ კერძს.

ზოგიერთი კერძი ჩემი სოფლიდან მაქვს აღებული, რომელიც საქართველოში არ იცოდნენ. მაგალითად, მოხრაკული და ზიფია – ეს ჩემი სოფლის მთავარი კერძია“, – ამბობს უღური.

უღურის „ქართულ კაფეში“ მხოლოდ ქართული და საქართველოში გავრცელებული კერძები მზადდება. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას თურქული და სხვა ქვეყნების კერძები მენიუში არ შეაქვს.

„ითხოვდნენ, მაგრამ მკაცრ უარზე ვიყავი, ჩვენ ვართ ქართული კაფე-რესტორანი და გვაქვს ქართული კერძები“, – ამბობს უღური.

„ქართულ კაფეში“ ყველაზე პოპულარული კერძები ხინკალი და ხაჭაპურია. უღური ამბობს, რომ პირველ ადგილზე ხან ერთია, ხან – მეორე.

„ქართული კაფე“ და ქართული სამზარეულო უღურისთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს მისთვის ქართულ კულტურასთან, წარსულთან, ბავშვობასთან კავშირია:

„ქართული სამზარეულო ჩვენი ცხოვრებაა. ენა, მუსიკა, კულტურაც შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ ყველაზე ძნელი დასაკარგი არის სამზარეულო.

სამზარეულოთი შეგიძლია იცნო ადამიანი. მაგალითად, ვინც ამბობს, რომ მჭადი ქართველების ტრადიციული საკვებია, ამ ადამიანის წარმომავლობა რომ გამოიკვლიო, ქართველი აღმოჩნდება. იქაც კი, სადაც დღეს ქართული არ ისმის, ადამიანმა ლობიო იცის, მჭადი იცის.

სამზარეულო არ იკარგება, ჩემთვის სამზარეულო კულტურის მთავარი ნაწილია, სამზარეულოს დაკარგვა წარმომავლობის დაკარგვას ნიშნავს.

ჯერ კიდევ როდის თქვა ჰიპოკრატემ – „რასაც მიირთმევ, ისა ხარ“. თუ გვინდა დავრჩეთ, უნდა შევინარჩუნოთ ქართული სამზარეულო. მე ვარ უბრალოდ რიგითი ქართველი, ქართული სამზარეულოთი დაავადებული. ჩვენ ყველაფერი ჩვენი გვიყვარს“.

უღური წუხს, რომ ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ხშირად არ არიან მისი კაფეს სტუმრები. არადა, როგორც თავად ამბობს, სწორედ იმიტომ გახსნა ეს კაფე, რომ ქართველების თავშეყრის ადგილი გამხდარიყო.

უღურს ახლა მენიუს გამრავალფეროვნება უნდა, რომ „ქართულ კაფეში“ მენიუ საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებით შექმნას.

„კულინარიის გარდა, მე მიყვარს ქართული მუსიკა და ქართული ლიტერატურა. ჩემი საყვარელი პოეტი ვაჟა-ფშაველაა“ – გვეუბნება უღური.

თუ ჩასვლას ვერ შეძლებთ, „ქართული კაფეს“ გვერდი ფეისბუქზეც შეგიძლიათ ნახოთ. აქ არის კერძების, ქართული ნივთებით მორთული კაფეს ინტერიერისა და სტუმრების ფოტოები. ნახავთ ვიდეოებს, როგორ უკრავენ კაფეში აკორდეონს და თავად უღურის ერთ ვიდეოსაც, სადაც „ქართული კაფეს“ მეპატრონე მღერის:

 „პატარა გოგო დამეკარგა, წითელპერანგა, ან ავლილი, ან ჩავლილი, ხომ არ გინახავს…“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.