განათლება,მთავარი,სიახლეები

ტრაგედიაა, რომ ჩემს შვილსაც სჭირდება რეპეტიტორი – მასწავლებელი

19.04.2021 • 9619
ტრაგედიაა, რომ ჩემს შვილსაც სჭირდება რეპეტიტორი – მასწავლებელი

რას მიიჩნევს განათლების სისტემის მარცხად, რას ელოდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისგან და როგორ უნდა მიაღწიოს მასწავლებელმა გაკვეთილზე მიზანს – სოფელ წყალთაშუას საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი თეა თავაძე სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა „ბათუმელებს“. ის „ახალი სკოლის მოდელში“ სასკოლო სასწავლო გეგმების და დანერგვის ექსპერტიცაა.

  • ქალბატონო თეა, როგორია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა [ესგ], აქვს მას ხარვეზები, ისე როგორც ძველს? 

მე ერთი პატარა სოფლის სკოლაში ვასწავლი ისტორიას, თუმცა როგორც კოორდინატორი, ჩართული ვარ ახალი სკოლის მოდელში და ვეხმარები ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებს. საგნობრივ სიღრმეებში შესვლის საშუალება დიდად არ მაქვს, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა სკოლასთან მიწევს შეხება.

ეროვნული სასწავლო გეგმა ნებისმიერი პედაგოგისთვის არის სამაგიდო დოკუმენტი და ყველაფერი:  მიზანი, შინაარსი, რა საკითხი უნდა ვასწავლო, რა რესურსი გამოვიყენო, მეთოდები, სტრატეგიები, შეფასების ყველა კომპონენტი, ამ სასწავლო გეგმით მაქვს გაწერილი.

ხარვეზი, ნაკლი ალბათ ამ დოკუმენტსაც ექნება, მაგრამ როცა, ვთქვათ, დღეს შეიტან რაღაც მასალას, განხილვის შემდეგ კიდევ უფრო ამუშავდება. ეს არ არის დოგმა. რაღაც არ ამართლებს? რაღაც განსხვავებული წამოვა პედაგოგებისგან, რომელიც მისაღები და გასათვალისწინებელია, მათ პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაყრდნობილი? – ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი იცვლება და იხვეწება.

  • თქვენ როგორ მუშაობთ მოსწავლეებთან და რაში გეხმარებათ ახალი ესგ?

მე სოფლის პატარა, მცირეკონტინგენტიან სკოლაში ვასწავლი, სადაც კლასში 8-9 მოსწავლე გვყავს. გვაქვს კლასკომპლექტებიც. შესაბამისად, ყველა სკოლაში განსხვავებული პრობლემებია. თუმცა ამოსავალი წერტილი არის ის, რომ დავეყრდნო მოსწავლის წინარე ცოდნას – რითი მოვიდა მოსწავლე ჩემამდე. ყველა ბავშვს ვერ ექნება ერთნაირი ცოდნა და, შესაბამისად, მე ყველა ბავშვთან მისასვლელად განსხვავებული გზა და მეთოდი მჭირდება.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მაძლევს იმის საშუალებას, რომ განვსაზღვრო ეს გზა, რომელზეც გავივლი ჩემს მოსწავლესთან ერთად და ეს გზა ვერ იქნება იდენტური, მაგალითად, სხვა რომელიმე რეგიონის მასწავლებლის და მოსწავლისთვის, რადგან მე ინდივიდუალურად უნდა განვსაზღვრო კურიკულუმი ამ კონკრეტული ბავშვისთვის და ახალი ესგ სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ არც ერთი მოსწავლე არ უნდა დარჩეს მასწავლებლის ყურადღების მიღმა, არც ერთი მოსწავლის ხმა არ უნდა დაიკარგოს. მე ასე მიმაჩნია.

  • ეს ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ხილვადი გახდება კლასში და არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების?

წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ წარმატებულ ბავშვთან იმუშაოს მასწავლებელმა. მე მშობლის პოზიციიდანაც მინდა ვისაუბრო, რადგან მეც მყავს შვილი და ჩემთვის ტრაგედიაა, რომ მას სკოლის მიღმა სჭირდება სხვადასხვა საგანში მომზადება, ანუ რეპეტიტორი. სწორედ ეს არის ჩვენი განათლების სისტემის კრახი.

მე ერთი შვილი მყავს, მაგრამ ვისაც 4-5 ან მეტი ჰყავს, რა ქნას? როგორ უნდა გაწვდეს ოჯახი ფინანსურად ამდენი ბავშვის მომზადებას, განათლება ხომ უნდა მიიღონ ბავშვებმა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი უფლება, რომ განათლება მივიღოთ და თუ ჩვენ, სკოლა ამ უფლებას უგულებელვყოფთ, მაშინ რა გამოდის?

ჩემთვის, როგორც ისტორიის მასწავლებლისთვის, რა უნდა იყოს მთავარი, რაღაც მასალა დავაზუთხინო ბავშვებს, რაღაც სარჩევი უნდა მოვასწრო, თუ მივცე ცოდნა, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებს.

  • რამდენი მოსწავლე გყავთ კლასში?

ყველაზე ბევრი გვყავს 9 მოსწავლე კლასში. შეიძლება იყოს 7 -8 მოსწავლეც. გვაქვს კლასკომპლექტებიც. ქალაქის სკოლებს ამ მხრივ სხვა გამოწვევები აქვთ, მცირეკონტინგენტიან სკოლებს – სხვა, თუმცა პრინციპი არის ერთი, რომ ჩემი საგაკვეთილო პროცესი წარვმართო არა განყენებულად, არამედ ცხოვრებასთან, მის ყოველდღიურობასთან კავშირში.

  • მესამე თაობის ესგ მისცემს ბავშვს ისეთ ცოდნას, რომ მას ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეპეტიტორი არ დასჭირდება?

რომ არ გვქონდეს მოლოდინი და ჩვენი საქმიანობა არ იყოს გათვლილი გრძელვადიან მიზანზე, მაშინ ჩვენს საქმიანობას აზრი დაეკარგებოდა.

მესამე თაობის ახალ სასწავლო გეგმაში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია კომპლექსური დავალება, რომელიც მოსწავლის შემოქმედებითი პროდუქტია. მოსწავლე მას ვერ შექმნის, თუ ვერ შეძლო მასალის ათვისება, ან შექმნის იმ ხარისხით, რა ხარისხითაც შეძლო ცოდნის მიღება. შესაბამისად, ამ დავალების შესრულების დროს ზუსტად ხედავს პედაგოგი მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს სოლო ტაქსონომიით (სწავლებაზე დაკვირვების შესაძლებლობა) შეფასებისას.

კომპლექსური დავალება მაშინ ითვლება კარგად, როდესაც მოსწავლე ახალ ცოდნას იძენს.  აქ ცოდნის სამივე კომპონენტი უნდა იყოს დაკმაყოფილებული – დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეულზეც უნდა მოხდეს სწორება. ანუ – რა ვიცი, როგორ შემიძლია ეს გამოვიყენო და როგორ ვიყენებ პრაქტიკაში.

  • კომპლექსური დავალება ქულებით ფასდება?

უნდა ვაღიაროთ, რომ შეფასება ჩვენი განათლების სისტემის აქილევსის ქუსლია. შეფასება და მით უმეტეს, განმსაზღვრელი შეფასება ამ ეტაპზე არაფრის მომცემია. განმავითარებელ შეფასებას მეტი დატვირთვა აქვს და უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს.

  • ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი ესგ დანერგვის შემდეგ შეფასების სისტემაც შეიცვლება? ანუ ნიშნებით შეფასება უნდა დარჩეს თუ არა?

ეს ცოტა გრძელვადიანი პროცესია, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ სკოლების ნაწილია ჩართული ახალი სკოლის მოდელში, 2024 წლამდე უნდა დაიფაროს ყველა სკოლა. როდესაც ყველა სკოლის კურიკულუმი შემუშავდება,  ყველა სკოლა გადავა კომპლექსური დავალებებით საქმიანობაზე,  ეს ბუნებრივად და ლოგიკურად მოიტანს იმას, რომ აქცენტი გადავა  იმაზე, რა იცის მოსწავლემ და არა – რა ნიშანი უწერია. შესაბამისად, განმავითარებელ შეფასებაზე გადასვლა, განმსაზღვრელ შეფასებას ნელ-ნელა უფუნქციოს გახდის.

  • მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებლები ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალი და მათ ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა. თქვენ თუ ხედავთ ისტორიის მიმართულებით რაიმე ცვლილების აუცილებლობას?

სამწუხაროდ, ჩემი სკოლა ამ ეტაპზე არ არის ჩართული ახალი სკოლის მოდელში და არც მაქვს იმის ფუფუნება, რომ სრულად შევიგრძნო ის სიკეთე, რასაც ეს მოდელი გვთავაზობს, თუმცა 24 წელია სკოლაში ვარ, უამრავი სახელმძღვანელო შეიცვალა ჩემს პერიოდში და ჯერ კიდევ გვყავს კლასები, სადაც შესაცვლელია სახელმძღვანელოები.

იყო უკიდურესობები, როცა სახელმძღვანელო არ გაძლევდა სიახლის შეტანის საშუალებას ან ძალიან გადატვირთული იყო ისეთი საკითხებით, რომელიც მასწავლებლების საგამოცდო საკითხებია ხშირად.

მახსოვს პერიოდი, როდესაც ისტორია და გეოგრაფია გაერთიანდა და ვერ ვხვდებოდით, ვის უნდა ესწავლებინა, ისტორიას თუ გეოგრაფიას. ახალი ესგ-თი, მე როგორც მასწავლებელს, მაქსიმალურად მენიჭება შემოქმედებითი თავისუფლება.

ვაკვირდები კლასის საჭიროებას, ვითვალისწინებ ცოდნის დონეს, სავალდებულო საკითხები არის შემოთავაზებული, მაგრამ კონკრეტულ საკითხს 5 საათს კი არ ვუთმობ ან ნაკლებს, იმდენს, რამდენის საჭიროებასაც მე ვხედავ. თუ ადრე გავიარე, დამატებითი თემები შემომაქვს, ვსაზღვრავ რა ვასწავლო, როგორ და რა რესურსებზე დაყრდნობით.

სწავლების შედეგი არის ის, რომ მოსწავლემ შეძლოს ანალიზი, საკუთარი შეფასების გაკეთება და ჩემი მიზანიც ეს უნდა იყოს სწორედ, რომ მოსწავლე ეტაპობრივად მივიდეს ამ საფეხურამდე.

  • რატომ ამბობენ მოსწავლეები, რომ „მარტო სკოლაში ნასწავლით ვერ ჩააბარებ ეროვნულებს“, მესამე თაობის ესგ თუ აგვარებს ამ პრობლემას?

პროგრამა, რასაც ვასწავლიდით აქამდე სკოლაში და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც დაინერგება, არის იდენტური ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული მასალის. ჩემი შვილი მეთერთმეტეკლასელია და მე ვამეცადინებ ისტორიაში. ყოველი გაკვეთილი იწყება კითხვით – გახსოვს? მე-7 კლასში რომ ვიჯექით და ვასწავლიდი, არაფერი არ ახსოვს. იმიტომ კი არა რომ მე არ ვასწავლე, მან არ ისწავლა.

ამიტომ, აქ აცდენა კი არ არის საკითხებში, არის ის, რომ თავის დროზე ვერ მივაწოდეთ ცოდნა გააზრებულად, ძალიან ბევრი პედაგოგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ალბათ მთლად კეთილსინდისიერადაც ვერ ასრულებს, რადგან ფაქტია, რომ რეპეტიტორობის ინსტიტუტი ყვავის და რეპეტიტორი თუ აღწევს შედეგს, იგივე მოსწავლე ხომ ჰყავს მას კლასში?

და მეორე საკითხი, ეროვნულ გამოცდებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წყაროს ანალიზს, არგუმენტების მოყვანას, კონკრეტული მოვლენის შეფასებას, რაც ნაკლებად ისწავლება სკოლაში.

მესამე თაობის გეგმა კი ამ ყველაფერს ითხოვს გაკვეთილზე. თუმცა ეს გეგმა მასწავლებელს არ აყენებს იმ მდგომარეობაში, რომ 45 წუთში მოასწროს ყველაფერი. გრძელვადიან მიზანზეა ორიენტირება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ ამ მიზნისკენ. მოსწავლე უნდა მიიყვანო პროდუქტის შექმნამდე.

ეს უნდა ვასწავლოთ და არა დაზუთხული, დაზეპირებული ფაქტობრივი მასალა, რომ საკლასო ოთახის კარს მიღმა ერთი თარიღი ვერ გაიხსენოს, ერთი ფაქტი ვერ შეაფასოს ან საერთოდ არ იცოდეს რა ხდებოდა იმ გაკვეთილზე.

  • რაში გჭირდებათ დღეს ყველაზე მეტად მხარდაჭერა პედაგოგებს?

ბევრი რაღაც შეიცვალა ჩვენთვის, თუნდაც მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, თუნდაც ის, რომ არ გვცივა საკლასო ოთახში, მოსწავლეს ტრანსპორტიც კი ემსახურება.

ძალიან ბევრი სემინარი, ტრენინგია იმისთვის, რომ განვითარდე პროფესიულად, მაგრამ ზოგადი სიტუაციაა სტრესული. პანდემიის გამო მასწავლებელს ორმაგი შრომა უწევს, ჯერ კლასში უნდა იმუშაოს, შემდეგ ონლაინში, ამას თან ახლავს ტექნიკური პრობლემები, ბევრ მოსწავლეს ინტერნეტი, კომპიუტერი არ აქვს და ამ სოციალური სიდუხჭირის ფონზე მოსწავლეების თვალებში შიშიც დამინახია.

ასევე, გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის და სოფლის სკოლების მასწავლებლები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს და როცა იმერეთში პანდემია მძვინვარებდა და სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჩვენ სოფლის სკოლის მასწავლებლები მაინც საკლასო ოთახებში ვმუშაობდით. ერთი დღე არ გავჩერებულვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს რამდენიმე კოლეგას კოვიდი დაუდასტურდა და ყველა ვნერვიულობდით. ფაქტობრივად,  ჩვენ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვრისკავდით.

თუმცა სოფლის სკოლებს ის ფუფუნება გვაქვს, რომ რადგან ცოტა მოსწავლე გვყავს კლასში, თითოეულ ბავშვთან მივიდეთ და უფრო ახლოს ვიმუშაოთ მათთან. თუ ქალაქის სკოლებში ეს პრობლემა არ მოგვარდა, შედეგის მიღწევა ძალიან გაჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: