მთავარი,სიახლეები

„მოითხოვეთ სამართალი თემურ ქათამაძისთვის“ – პეტიცია

27.03.2025 •
„მოითხოვეთ სამართალი თემურ ქათამაძისთვის“ – პეტიცია

დაკავებული ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ხელმომწერები თემურ ქათამაძის ქვეყნიდან დეპორტაციის შეჩერებას და მისთვის საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ.

პეტიცია დღეს, 27 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა.

„მოვუწოდებთ დემოკრატიულ მთავრობებს, ევროკავშირს, გაერთიანებულ ერებსა და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ ჩაერიონ და შეაჩერონ პოლიტიკური აქტივისტის, გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) დევნა და დეპორტაცია, რომელიც მის სიცოცხლესა და თავისუფლებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

გაფფარი ცნობილი მოღვაწეა, რომელიც 40 წლის მანძილზე თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა. ის თურქეთის ქართველია, ისევე როგორც სხვა მრავალი, ვინც თურქულ სახელებსა და გვარებს ატარებს.

თურქეთში ქართული ენა და კულტურა სწრაფი ტემპით ქრება, ხოლო არსებული დიასპორული აქტივობები მინიმალურადაც კი არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, თემური თავდაპირველად თურქეთში, შემდეგ კი საქართველოში ეწეოდა ამ საქმიანობას – ქართულ ენას, კულტურასა და იდენტობას უჭერდა მხარს. ეს საქმე უნდა გაგრძელდეს.

საქართველოში ის იბრძვის უკანონო „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ აქციებში. წლების განმავლობაში ცდილობდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, თუმცა მის განცხადებებს უსამართლოდ უარყოფდნენ, მიუხედავად მისი ღრმა კავშირებისა ქვეყანასთან. ახლა კი, წმინდად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მისი თურქეთში დეპორტაციის ბრძანება გასცა, სადაც მას დაუყოვნებელი დაკავება, პატიმრობა და სასტიკი მოპყრობა ელის“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

თემურ ქათამაძემ დაკავების შემდეგ 48 დღე იშიმშილა პროტესტის ნიშნად. ის ახლა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია.

პეტიციის ავტორები მოთხოვნებს ტექსტის ბოლოსაც აზუსტებენ და ევროკავშირსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

პეტიციის ავტორებისა და ხელმომწერების მოთხოვნებია:

„ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს: მიანიჭეთ გაფფარ ილმაზს (თემურ ქათამაძეს) თავშესაფარი და შეაჩერეთ მისი დეპორტაცია.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR): მიიღეთ სასწრაფო ზომები მისი უკანონო დეპორტაციის შესაჩერებლად.

გაერთიანებული ერების დევნილთა კომისიას (UNHCR): აღიარეთ მისი საქმე პოლიტიკური დევნის შემთხვევად და მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებს: დაგმეთ პოლიტიკური დევნის ეს ფაქტი, მოითხოვეთ გაფფარის წამების გამოძიება და მოითხოვეთ მისი დაცვა.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის დეპორტაციით გაჩუმება და მოშორება. გაფფარმა უკვე გადაიტანა წამება და არაადამიანური მოპყრობა, ახლა კი მისი სიცოცხლე და თავისუფლება საფრთხეშია.

ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას და მოითხოვეთ სამართალი გაფფარ ილმაზისთვის (თემურ ქათამაძისთვის)!“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: