„ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები,“ – ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენაც დემოკრატიული გზით მოხერხდა: „ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.“
„31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები – შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა თავისით, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო ამისთვის სახალხო ლეგიტიმაცია.
მაგალითად, უკრაინაში დამოუკიდებლობა 1991 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ გამოაცხადა, 1991 წლის პირველ დეკემბერს კი ჩატარდა რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმით დადასტურდა ხალხის ნება. ჩვენთან უფრო დემოკრატიული ფორმა გამოიყენეს,“ – ამბობს დიმიტრი შველიძე.
რა ხდებოდა 35 წლის წინ საქართველოში და აქვს თუ არა მაშინ ჩატარებულ რეფერენდუმს დამოუკიდებლობაზე გზავნილი დღევანდელობისთვის? – „ბათუმელებმა“ ისტორიკოს დიმიტრი შველიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია:
- ბატონო დიმიტრი, რა ხდებოდა საქართველოში 35 წლის წინ, 31 მარტს, როცა რეფერენდუმი ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენაზე? დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით რის გამოყოფა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად?
1990-1991 წლების მოვლენები ძალიან მღელვარე მოვლენები იყო, ბუნებრივია. საყოველთაო არჩევნების შედეგად, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მოვიდნენ ეროვნული ძალები ხელისუფლების სათავეში.
როდესაც ლაპარაკობენ, ისინი ჩქარობდნენო, ეს არაა სწორი: საქართველოს დამოუკიდებლობა მაშინვე არ გამოუცხადებია ზვიად გამსახურდიას. ის ძალიან გონივრულად მოიქცა, გამოაცხადა ე.წ. გარდამავალი პერიოდი და ამ გარდამავალ პერიოდში უნდა მომზადებულიყო ნიადაგი: ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური, საერთაშორისო და ასე შემდეგ. ამის მერე უნდა გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობა.
ამასობაში, 1991 წელია. ცენტრალურმა ხელისუფლებამ – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობს – გამოაცხადა ე.წ. 17 მარტის რეფერენდუმი, რომელიც განახლებული საბჭოთა ფედერაციის აღდგენას მიეძღვნა. უნდა შექმნილიყო ე.წ. განახლებული ფედერაცია. ერთ კითხვაზე უნდა გაეცათ მოქალაქეებს პასუხი: „თვლით თუ არა საჭიროდ განახლებული ფედერაციის შექმნას, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები?“ ე.წ. რეფერენდუმი ცხრა რესპუბლიკაში ჩატარდა და ექვსმა რესპუბლიკამ უარი განაცხადა. ამ 6 რესპუბლიკაში იყვნენ ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო.
ჩვენთან ზვიად გამსახურდიას უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საკუთარი, ქართული რეფერენდუმი, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ეს რეფერენდუმი ჩატარდა სწორედ 1991 წლის 31 მარტს, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ.
სხვათა შორის, მანამდე, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე, უამრავი ხალხი გამოცხადდა. მე ეს ჩემი თვალით ვნახე. 31 მარტის რეფერენდუმში სევე უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დიმიტრი შველიძე
- რა განწყობა იგრძნობოდა მაშინ? თქვენ როგორ გახსოვთ ეს დღე?
იცით რა, ჩვენ გადავეჩვიეთ საერთო ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნას. გადავეჩვიეთ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი 30-35 წელია ჩვენი ერი, რა დასამალია და, გაყოფილია ორ ბანაკად. მაშინ ბანაკებს შევარდნაძისტები და ზვიადისტები ერქვა. ეს დაყოფა, სამწუხაროდ, გრძელდება, ახლაც არ აქვს მნიშვნელობა, უმრავლესობა ვის მხარესაა.
ამ რეფერენდუმზე და 28 ოქტომბრის არჩევნებზე იყო საზეიმო და საერთო, ეროვნული განწყობა. ეს იგრძნობოდა ქუჩაში, ხალხის სიმრავლეში, გაღიმებულ სახეებში.
მიხარია, რომ ეს შეკითხვა დამისვით… ასეთი საზეიმო განწყობა იშვიათად მახსენდება. იცით, ეს შედეგებმაც დაადასტურა. მაშინდელ რეფერენდუმში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა.
- რეფერენდუმი ჩატარდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში…
სამწუხარო გარემოებაა, რომ ჩვენმა მოძმე ოსმა მოსახლეობამ და აფხაზმა მოსახლეობამ მონაწილეობა ძირითადად არ მიიღო, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აი, ოსები და აფხაზები სეპარატისტები არიან.
საერთოდ, ენა ბევრ რამეს აკეთებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში: გააჩნია, როგორ ილაპარაკებ. მე, მაგალითად, ასე კი არ ვამბობ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ერთმანეთს დაუპირისპირდა აფხაზთა ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები, არამედ ვამბობ: სხვადასხვა აღმოჩნდა მათი და ჩვენი ინტერესები.
მთელი უბედურება იმაშია, რომ მათ აღმოაჩნდათ ძლიერი მფარველები საბჭოთა ცენტრალური ხელისუფლების სახით, ბევრ შემთხვევაში გადაიბირეს ეს ხალხი. გადაიბირეს, რადგან ძალიან ცოტანი იყვნენ იმისათვის, რომ რამე წინააღმდეგობა გაეწიათ.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თვითონ აფხაზები მოსახლეობის 20-დან 30%-მდე შეადგენდნენ, უმეტესობა იყვნენ ქართველები.
- 31 მარტის რეფერენდუმს უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა? მანამდე ჩატარებულ არჩევნებში აშკარად დაფიქსირდა ხალხის ნება.
31 მარტის რეფერენდუმის უზარმაზარი დატვირთვა ის იყო, რომ მაშინ არა მარტო ჩვენთან, სხვა რესპუბლიკებშიც გამოცხადდა დამოუკიდებლობის დეკლარაციები. შეიძლებოდა დეკლარაცია ხელისუფლებას გამოეცხადებინა, ჩვენთან კი, მაშინდელმა ეროვნულმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო ამისთვის სახალხო ლეგიტიმაცია.
მაგალითად, უკრაინაში დამოუკიდებლობა 1991 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ გამოაცხადა, 1991 წლის პირველ დეკემბერს კი ჩატარდა რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმით დადასტურდა ხალხის ნება.
ჩვენთან უფრო დემოკრატიული ფორმა გამოიყენეს: ჯერ ხალხს ეკითხები და მერე აცხადებ დამოუკიდებლობას სამართლებრივად.
ყველანაირად გონივრულად მოიქცნენ მაშინდელი ეროვნული ძალები. ამ ეროვნულ ძალებში სხვებიც იგულისხმებიან – მარტო ზვიად გამსახურდიას მომხრეები არ იყვნენ. იყვნენ, სამწუხაროდ, ეროვნული კონგრესის მომხრეებიც, რომლებიც კრიჭაში ედგნენ ეროვნულ ხელისუფლებას. ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
- როგორი იყო ზვიად გამსახურდიას როლი ამ რეფერენდუმში? რამდენად მკაფიო იყო ამ დროს მოსახლეობისთვის გამსახურდიას პოლიტიკური ხედვა?
ზვიად გამსახურდიას ორი დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე: ერთი, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ხშირად ივიწყებენ ამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ რა უსწრებდა – ზვიად გამსახურდიამ ქართველ ხალხში დააბრუნა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა.
მე თვითონ მეორე კურსზე ვიყავი, როცა გავიგე, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილა 1918 წლის 26 მაისიდან. ჩემს კურსზე არავინ არ იცოდა ეს. წარმოიდგინეთ, მე ვიყავი პირველი, რომელმაც გავაგებინე თანაკურსელებს ეს ამბავი.
საზოგადოებას საერთოდ დავიწყებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა. ზვიად გამსახურდიამ გააცოცხლა ეს იდეა ჯერ კიდევ მაშინ, როცა გორგასლიანელების პირველი პროკლამაცია გამოაქვეყნეს, მერე დისიდენტური მოძრაობის ლიდერი იყო ზვიადი. ამ დროს გახდა საცნობი ბევრი რამ. ეს წინმსწრები მოვლენა ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა და მისი თანამებრძოლების – მერაბ კოსტავას და სხვების. მათ საერთო სახალხო იდეად აქციეს დამოუკიდებელი საქართველოს იდეა.
ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ქარიზმა, ქარიზმატული ლიდერი იყო. ქარიზმა ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება, ჭეშმარიტებაზე დღეს ისეთი ენით გადმომცენ ამბავი, რომ საერთოდ არ დავინტერესდე, მაგრამ შეიძლება ისეთი ენით გადმომცენ, რომ აი, ამიტაცოს – ენთუზიაზმი აანთოს ჩემში. აი, ეს ჰქონდა ზვიად გამსახურდიას: შეეძლო, მიტინგზე აეყვანა ხალხი ცრუ დაპირებებით და ცრუ იდეებით კი არა, არამედ ძველი, ქართული, ტრადიციული სახელმწიფოებრივი იდეა გაეცოცხლებინა.
ჩვენთან, უნივერსიტეტში არსებობს ახალგაზრდების მიერ დაარსებული უახლესი ისტორიის ცენტრი და იქ გაიმართა დღეს კონფერენცია. იქაც მქონდა მოხსენება და იყო საუბარი ე.წ. შეცდომებზე. დამერწმუნეთ, მსოფლიო ისტორიაში ვერ იპოვით ისეთ მთავრობას, ისეთ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელსაც შეცდომები არ ჰქონოდეს. რომაელებს ძველი გამოთქმა აქვთ – არამცთუ პოლიტიკოსები, ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ცხოვრობენ შეცდომების გარეშე. შეცდომა ადამიანის თვისებაა. ჩვენ ოთხი თუ ხუთი ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ჯერ უშეცდომო არც ერთი არ იყო. არც შეიძლებოდა, რომ სხვაგვარად ყოფილიყო.
არსებობს შეცდომები ძირეული, სერიოზული და არსებობს მეორეხარისხოვანი შეცდომები. მე ვერ ვპოულობ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაში გარდამტეხ და სერიოზულ შეცდომას. შეიძლებოდა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, ცოტა რბილი ყოფილიყო ოპოზიციის მიმართ. ხელისუფლებას ბევრი რამე შეუძლია. შეიძლებოდა, ასევე, კულტურის მოღვაწეებთან და ინტელიგენციასთან უფრო შემრიგებლური ენით ელაპარაკა ზვიად გამსახურდიას და ერთხელ თუ არა, ორჯერ, ხუთჯერ, ათჯერ ეცადა მათი დარწმუნება.
ინტელიგენციამ მაშინ მძიმე შეცდომა დაუშვა საკუთარი ერისა და ხალხის წინაშე. მაშინ რაც მოხდა – გადატრიალება, იქიდან მოდის ეს ყველაფერი, რაც 35 წლის მანძილზე ხდება.
ეს იყო ყველაზე დრამატული ფურცელი საქართველოს ისტორიაში. ხანდახან ამბობენ, ბაზალეთის ტრაგედიაო. ბაზალეთის ტრაგედია რა მოსატანია: ბაზალეთის ტბასთან ერთმანეთს ებრძოდა 600-მდე ადამიანი ერთ მხარეს და მეორე მხარეს 800-მდე კაცი. იქ რამდენიმე თავადი ებრძოდა ერთმანეთს – თეიმურაზ პირველის მომხრეები და სააკაძის მომხრეები. ეს იყო შეტაკება, ლოკალური ამბავი, რომელიც ნახევარ საქართველოს არ გაუგია. ეს ქვეყანამ მას შემდეგ გაიგო, როცა ბაზალეთის თემაზე ლექსები დაიწერა.
1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მომხდარი ამბავი კი იყო გამოუსწორებელი შეცდომა – ტრაგედია. ტრაგედია კიდევ ისაა, რომ ვისაც გონიერება ევალებოდათ, მათ დაუშვეს უზარმაზარი შეცდომა და არა იმათ, ვისაც „აჩქარებულებს“ ეძახიან.
- დღევანდელ შეხვედრაზე რით დაინტერესდნენ სტუდენტები, რა აღმოჩნდა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? რა გზავნილია 31 მარტის რეფერენდუმი დღევანდელობისთვის?
მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას. ვერ ვიტყვით, რომ გონივრულად წარვმართეთ ჩვენი ცხოვრება. დღევანდელი გადასახედიდან იმის თქმა შემიძლია, რომ პოლიტიკოსებმა უნდა ჩახედონ ისტორიას. ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა უნდა ჩახედოს და ისწავლონ შეცდომებზე.
დღეს მსოფლიოში გზები აირია და, მათ შორის, საქართველოს ადგილი გაურკვეველია. ეს ქმნის ჩვენში დაძაბულობას და პოლიტიკურ დაპირისპირებებსაც. როცა გაირკვევა ჩვენი ადგილი, დავწყნარდებით, დამერწმუნეთ.
ცოტა რბილი ენა უნდა გამოვნახოთ ერთმანეთთან. ერთმანეთს არ უნდა ვეძახოთ მოღალატეები, მეორე მხრიდან „რეჟიმი“, მესამე მხრიდან „აკაცუკები“ და ასე შემდეგ.






