მთავარი,სიახლეები

ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები მშენებლობებზე – ინტერვიუ

03.02.2021 • 1547
ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები მშენებლობებზე – ინტერვიუ

სამშენებლო ბადის გარეშე მიმდინარე ეს მშენებლობა ბათუმის პროფკავშირის წარმომადგენელმა 30 იანვარს გადაიღო. სტატიის მთავარ ფოტოზე აეროპორტის გზატკეცილის 73-ია ასახული, სადაც მშენებარე ობიექტის მე-11 სართულიდან 34 წლის მამია ბერიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. კომპანია „სუპერ გრუპში“ ამ დრომდე არაფერი უთქვამთ მუშის დაღუპვის გამო.

30 იანვარს მუნიციპალურმა ინსპექციამ ხელახლა დაიწყო საქმისწარმოება, რადგან მანამდე „სუპერ გრუპს“ ხარვეზის გამოსასწორებლად მიუთითეს. მერია არ აკონკრეტებს, რა ხარვეზი იყო.

მშენებლობებზე კიდევ ერთი ახალგაზრდის დაღუპვის შემდეგ მოკვლევა დაიწყო შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ და დაიწყო გამოძიებაც. თუმცა კანონის გამკაცრების თუ პარალელური საქმისწარმოების მიუხედავად, არავინ იცის, როგორ მუშაობდა მშენებელი კომპანია ქალაქის ცენტრში სამშენებლო ბადის გარეშე ან დასჯიან თუ არა ამჯერად ვინმეს?

EMC-ის მიერ მოპოვებული სტატისტიკით, 2020 წელს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით [სამშენებლო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა] სულ 185 საქმეზე დაიწყო გამოძიება, აქედან მხოლოდ 20 პირის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, 170-ე მუხლით კი [შრომის დაცვის წესის დარღვევა] 23 საქმეზე 4 შემთხვევაში დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ საქმეების უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. პროფკავშირების მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 37 ადამიანი დაიღუპა საწარმოო ტრავმების შედეგად და მათ შორის, 12 სამშენებლო ობიექტებზე, დაშავდა – 180.

მშენებლობებზე ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში შრომის ინსპექციაც ამუშავდა და კანონი გამკაცრდა? – „ბათუმელები“ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის აღმასრულებელ დირექტორს, ლინა ღვინიანიძეს ესაუბრა. ამ ორგანიზაციას სპეციალური ანგარიში ჰქონდა „სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა დაღუპვის შემთხვევების გამოძიების შეფასება“.

  • ქალბატონო ლინა, ბათუმში მომხდარი ბოლო შემთხვევით რომ დავიწყოთ – პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ობიექტზე, სადაც მუშა ჩამოვარდა, არ იყო უსაფრთხოების ბადე და სამშენებლო ღობე.  

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საწარმოებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმება გააქტიურდა, თუმცა, მეორე მხრივ, დაღუპვის ან მძიმე დაზიანებების შემთხვევები არსებითად არ მცირდება. თბილისსა და ბათუმში, ესენია ყველაზე დიდი ქალაქები ინფრასტრუქტურული პროექტებით, შემთხვევები ისევ ხდება… დიდ კომპანიებზე, რომლებიც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ, წელიწადზე მეტია უკვე ეს კანონმდებლობა ვრცელდება, არსებობს ზედამხედველობის მექანიზმი. იმის მიუხედავად, რომ შრომის ინსპექცია მართლაც აქტიურად მუშაობს, შედიან ობიექტებში და იყენებენ კიდეც გარკვეულ მექანიზმებს, მათ მაინც ვერ შეძლეს ფუნდამენტურად შეეცვალათ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.

ჩვენი აზრით, პირველი და მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ არ აქვთ სამართლებრივი მექანიზმები და ბერკეტები, ეს პრობლემა მათ არ უდგათ, არამედ ინსპექციას არ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი, აქტიურად და დამოუკიდებლად რომ იმუშაონ. შესაძლოა, ვისაუბროთ სხვადასხვა მხარდამჭერი რესურსის დეფიციტზე, მათ შორის, კომპეტენციაზე.

  • არსებობს მოსაზრება, რომ ბათუმშიც უნდა არსებობდეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლობა დროული რეაგირებისთვის. ეთანხმებით ამ პოზიციას?

უნდა იყოს, ბუნებრივია. შრომის ინსპექციას არ ჰყავს რეგიონული წარმომადგენლები, რომლებიც შეძლებდნენ უფრო ფოკუსირებულად ემუშავათ სხვადასხვა ქალაქში. შრომის ინსპექცია ძირითადად ახერხებს დამდგარ შედეგებზე რეაგირებას, ვიდრე პროაქტიულ საქმიანობას და პრევენციულ მუშაობას. შრომის ინსპექცია შედის ობიექტზე, ატარებს მოკვლევას, წერს დასკვნას, მათ შორის, აჩერებს მუშაობას, აჯარიმებს და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ახერხებს იმას, რომ პროაქტიულად, მასობრივად შევიდეს ობიექტებზე.

ლინა ღვინიანიძე

  • როცა ობიექტს აჩერებენ, აჯარიმებენ, ანუ პოსტფაქტუმ სანქციებს რატომ არ აქვს შედეგი? ეს ხომ უნდა მოქმედებდეს სხვა მშენებლებზე? 

იმიტომ, რომ ეს არ არის საკმარისად მასობრივი. მაგალითად, ბათუმი ცალსახად უნდა იყოს შრომის ინსპექციის პრიორიტეტი, რადგანაც ძალიან ბევრი შემთხვევაა. პრიორიტეტი უნდა იყოს კონკრეტული ქალაქები და ინდუსტრიები, სადაც ყველაზე მაღალია ამგვარი შემთხვევები. ინსპექციის სამუშაო არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ შემთხვევების შემდეგ რეაგირებაზე. მას უნდა ჰქონდეს უფრო მეტად საკუთარი ინიციატივით შემოწმების შესაძლებლობა, რომ ამას ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. ფაქტია, რომ შრომის ინსპექცია ჯერ კიდევ არის სუსტი მექანიზმი.

  • რატომ არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები ამ მექანიზმის გასაძლიერებლად? 

შრომის ინსპექციაც ადასტურებს საჯარო შეხვედრების დროს, რომ რესურსი მცირეა. ინსპექცია ასევე ამბობს, რომ წლიდან წლამდე ძლიერდება, მაგრამ გამოდის, რომ ეს გაძლიერება ძალიან ნელა ხდება იმისთვის, რომ კანონის მიზანს დროულად უპასუხოს. შრომის ინსპექციის გაძლიერება უნდა იყოს მთავრობის პრიორიტეტი და ამ დროს პირიქით, კოვიდსიტუაციის დროს შრომის ინსპექციის ძირითადი რესურსი გადართულია კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სხვადასხვა სივრცის მონიტორინგზე, თუ რამდენად ასრულებენ ისინი დადგენილ სტანდარტებს. ეს არ არის მისი ძირითადი ფუნქცია. ეს არის მისი დამატებითი ფუნქცია, რაც მას მთავრობამ განუსაზღვრა.

  • ანგარიშში აღნიშნავთ, რომ პრობლემაა ორი პარალელური წარმოებაც, ანუ შრომის ინსპექციაც შედის სამშენებლო ობიექტზე შემთხვევის შემდეგ და საგამოძიებო ორგანოც. 

ინსპექცია ძირითადად ადგენს მოკვლევის შედეგად არის თუ არა დაცული უსაფრთხოების სტანდარტები, თუმცა თუ უკვე გვაქვს მძიმე შედეგი, როგორიცაა ადამიანის დაღუპვა, იწყება გამოძიება. აქ მთავარი საკითხია, როგორია სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით. საქმეები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, ვხედავთ, რომ შსს-ს, ასევე პროკურატურას არ გააჩნია არანაირი მეთოდოლოგია, როგორ უნდა აწარმოონ ამ საკითხებზე გამოძიება, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები რა თანმიმდევრობით უნდა ჩაატარონ…

  • ფიქრობთ, რომ სპეციალური მოდელი უნდა შეიქმნას მშენებლობების შემთხვევებზე? 

დიახ, ამაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროც. ისინი ადასტურებენ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური საქმეები და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს შემთხვევები ხდება მძიმე ინდუსტრიაში, მაგალითად, შახტაში. მათ სჭირდებათ გადამზადება. ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ, რომ სხვადასხვა მტკიცებულება, რომლებიც საქმისთვის იყო მნიშვნელოვანი, განადგურდა და გამოუყენებელი გახდა. არის კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც  არ ტარდება გამოძიების პროცესში, რადგანაც არსებობს მეთოდოლოგიის და გადამზადების პრობლემა.

მთავარი პრობლემა არის ასევე ის, რომ საბოლოოდ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა დაიწყოს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არც კი იყო პასუხისმგებელი პროცესზე, ეს ძირითადად საშუალო ან ქვედა რგოლის მენეჯმენტია. გამოძიება არც კი სვამს კითხვებს, რომლებიც მას მისცემდა საშუალებას, გასულიყო მაღალი რგოლის მენეჯმენტის პასუხისმგებლობაზე. დევნა ხშირად არ იწყება, როგორც ეს სტატისტიკიდან ჩანს და თუ იწყება საერთოდ, მაღალი რგოლის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა არის გამორიცხული. ეს, ჩვენი აზრით, პრობლემაა.

  • სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ამ საქმეების უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით და ჯარიმით სრულდება. მიიჩნევთ, რომ რეალური სასჯელი ანუ თავისუფლების აღკვეთა უფრო ეფექტური იქნება?

რეალური სასჯელი იშვიათად გამოიყენება და ჩვენი აზრით, ამ შემთხვევებზე საპროცესო შეთანხმების გამოყენებას არ აქვს პრევენციული ეფექტი. გვგონია, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთად მუშაობენ და ამ დროს იღუპება თანამშრომელი, უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ პროპორციულად მოხდება სასჯელის შეფარდება. თუ ასეთი განცდა არ იარსებებს, მაშინ შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება მუშაობს.

შესაძლოა, არ იყოს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ამას ტენდენციის ხასიათი აქვს და ძირითადად საპროცესო შეთანხმებას იყენებ, ჩნდება კითხვა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით არის განზრახ სუსტი. ჩვენ გვაქვს, მაგალითად, ტყიბულის შემთხვევა, როცა კონკრეტული პირი ჯერ დააკავეს, შემდეგ საპროცესო გაუფორმეს და ისევ იმ კომპანიაში დასაქმდა უფრო მაღალ პოზიციაზე. იქ არ აქვს ვინმეს იმის განცდა, რომ ვინმე დაისაჯა. ამ მომენტს აქვს გადამდები ეფექტი დასაქმებულებზე. სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს ძალიან ცხადი და არა ისეთი სუსტი, როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ კერძო დამსაქმებლების შემთხვევაში.

  • თქვენ ახსენეთ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით შესაძლოა განზრახ სუსტია. ვის აწყობს ეს განზრახ სისუსტე? ხელისუფლება ცდილობს, რომ „ხელი არ შეუშალოს“ ბიზნესს, თუ მას არ ჰყოფნის მგრძნობელობა მუშების დაღუპვაზე?

მინიმუმ ორ ფაქტორზე შეგვიძლია ვისაუბროთ: პირველი, ეს არის კომპეტენციის სისუსტე, ჩვენ ამას ვხედავთ, როცა საქმეებს ვაწარმოებთ. მეორე ალბათ არის ის, რომ ეს საკითხები არ არის პრიორიტეტი სისხლის სამართლის პოლიტიკისთვის, განსხვავებით სხვა კატეგორიის საქმეებისა, რომლებიც წლების განმავლობაში არ იყო ასევე პრიორიტეტული, თუმცა მოგვიანებით გახდა, მაგალითად, ოჯახში ძალადობა გახდა შსს-სთვის პრიორიტეტული მიმართულება. ჯერჯერობით შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანების დაღუპვა არ არის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულება. შესაძლოა ეს განზრახ ხელშეწყობაც არის.

მშენებლობა აეროპორტის გზატკეცილზე, ნომერ 73-ში, სადაც 30 იანვარს 34 წლის მუშა დაიღუპა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: