მთავარი,სიახლეები

პოლონეთმა საბრძოლო ავიაცია გაააქტიურა დასავლეთ უკრაინის დაბომბვის გამო

12.06.2024
პოლონეთმა საბრძოლო ავიაცია გაააქტიურა დასავლეთ უკრაინის დაბომბვის გამო

რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინის დაბომბვის გამო პოლონეთმა და უკრაინის სხვა მოკავშირეებმა საბრძოლო ავიაცია აამოქმედეს – წერს „დოიჩე ველე“.

გამოცემის ცნობით, პოლონეთმა და მოკავშირეებმა ოთხშაბათს, 12 ივნისის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის გამო სამხედრო თვითმფრინავები ააფრინეს.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა შემდეგი გაფრთხილება:

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეიძლება მოიმატოს ხმაურის დონემ, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეში პოლონეთისა და მოკავშირეთა თვითმფრინავების ფრენას უკავშირდება“.

პოლონელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი აკვირდებოდნენ რუსული შორეული ავიაციის საქმიანობას, რომელიც სამიზნეებზე (მათ შორის დასავლეთ უკრაინაში), თავდასხმებს ახორციელებდა ფრთოსანი რაკეტებითა და „შაჰედებით“ . რუსული ავიაციის ასეთი აქტივობა უკრაინის დასავლეთ ნაწილში ბოლოს 6-7 ივნისს დაფიქსირდა.

„პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა პროცედურა გააქტიურებულია, შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, ღამით, კიევზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.

საჰაერო იერიში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ყველა საჰაერო სამიზნე. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევში, სამრეწველო ობიექტში, ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, წუხელ და დილით ორჯერ გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის განგაში მთელ უკრაინაში. ნგრევის მასშტაბები ზუსტდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: