მთავარი,სიახლეები

მედვედევი ქართველი მოქალაქეების პროტესტზე: ამის უკან გამოცდილი ჰოლივუდის ხელი ჩანს

17.04.2024 • 4084
მედვედევი ქართველი მოქალაქეების პროტესტზე: ამის უკან გამოცდილი ჰოლივუდის ხელი ჩანს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტების დარბევის ფაქტს ეხმაურება და წერს: „ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს“.

„თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა ქუჩის შეტაკებებისა და მხიარული ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს. ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს.

მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ, თუ თურმე ის „რუსული იდეაა“ და არა დასავლური ინიციატივა“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

„სხვათა შორის, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პრაისის პირით, განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი განხილვადი კანონის წინა პროექტი გაიტანა. იმის გამო, რომ (სიტყვა-სიტყვით) დოკუმენტი იყო „შეუთავსებელი ევროატლანტიკურ ღირებულებებთან“. კარგით, მართლაც, ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური, ჯორჯია არ არის საქართველო, მიუხედავად სახელების მსგავსებისა“, – წერს მედვედევი.

მედვედევი თავის პოსტში აგენტების ქართულ კანონს, რუსულის მსგავსად აფასებს, როგორც „სრულიად ლოიალურს, რომელიც ნებას რთავს/უშვებს უცხოელი აგენტების საქმიანობას, მაგრამ – სავსებით სამართლიანად – მოითხოვს მათგან გამჭვირვალობას და ხელს უშლის ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

აგენტების კანონის განხილვის პროცესებს გამოეხმაურა პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, რომელმაც თქვა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“.

ამავე თემაზე: პესკოვი „ოცნების“ რუსულ კანონზე: ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო ქვეყნის აგენტებს… ეს ნორმალურია


ამავე დროს, გაერომ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო და საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში“, – ნათქვამია გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.

რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა გუშინ, 16 აპრილს დაიწყო საქართველოს პარლამენტმა. კანონის განხილვას პროტესტი მოჰყვა როგორც პარლამენტში, ოპოზიციის მხრიდან, ისე ქუჩაში. მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. დაახლოებით 01:00 საათზე სპეცრაზმელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სცემეს ჟურნალისტებსაც. დაკავებულია 11 ადამიანი.

დღეს, 17 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია გაიმართება. პირველი, პარლამენტის უკან 12:00 საათზე – პლენარული სხდომის დროს, სადაც, რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო მეორე – 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: