საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მკვლევრები და მეცნიერები აგენტების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:
„ვეხმაურებით ბოლო დღეებში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეების მოსმენის ნაცვლად, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები, გამოიყენა ძალა ახალგაზრდების წინააღმდეგ და ადამიანებზე ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორებით არის დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩვენი უმეტესობა საქართველოში არ იმყოფება, სრულად ვიზიარებთ ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანის სულისკვეთებას, რომლებიც უკვე არაერთხელ მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ და სრულიად ქართველი ხალხის სათქმელს – საქართველომ არ უნდა გაიმეოროს რუსეთის გზა და არ უნდა დაუშვას სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისთვის აგენტების იარლიყის მიწებება.
იმის გამო, რომ გაღატაკებულ ქვეყანაში, რომლის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაცვლად, ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ინაწილებენ საზოგადოებრივ სიკეთეებს და საკუთარი კომფორტისთვის იყენებენ ქვეყნის რესურსებს, ხშირად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთება მხოლოდ დასავლური ფონდებიდან წამოსული დაფინანსებით არის შესაძლებელი.
სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოსთვის მეცნიერებისა და განათლების განვითარება ვერ იქცა პრიორიტეტად. შესაბამისად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სამეცნიერო სივრცე, საქართველოსთან დაკავშირებული კვლევა და მეცნიერული ძიება უკიდურეს სიღარიბესა და იზოლაციას, სწორედ, საერთაშორისო ფონდებიდან და ევროპული საზოგადოებისგან მიღებული დახმარებით გადაურჩა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ამ პროცესს საფრთხე ემუქრება.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მუდმივი ძიება უწევთ, სწორედ საქართველოს მთავრობების გამუდმებული უნიათობაა, შექმნას მაღალი დონის საგანმანათლებლო ინსტიტუციები, დანერგოს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და შექმნას ჯანსაღი მედიაგარემო, რომლის პირობებშიც ადამიანებსა თუ ინსტიტუტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ პროცესებში ჩართვა მოახერხონ გარე დაფინანსებების მუდმივი ძიების გარეშე.
დემოკრატიული პროცესი არ არსებობს თუნდაც ამგვარი ორგანიზაციების კრიტიკის გარეშე. თუმცა, „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი ამ კრიტიკის შესაძლებლობასაც კი სპობს, რამეთუ საზოგადოებრივი სივრცის გაჯანსაღების ნაცვლად, ირჩევს ორგანიზაციებისა და ადამიანების სტიგმატიზირებისა და მათი საჯარო სივრციდან განდევნის გზას.
ამ კანონს ჩვენ ვხედავთ როგორც მთავრობის მცდელობას, დააკანონოს ბოლო ათწლეულების მანძილზე მისი კოლონიური და უთანასწორო პოლიტიკის წინააღმდეგ მობილიზებული მოძრაობების საჯარო სივრციდან განდევნა, რეპრესია, და დისკრედიტაცია.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვნების მიერ დარბეულ აქციის მონაწილეებს და ცალსახად ვამბობთ:
არა რუსულ კანონს!
მოუსმინეთ ხალხს!” – წერია განცხადებაში.
განცხადებას ამჟამად 37 ხელმომწერი ჰყავს.
დღეს, 17 აპრილს, ასევე გავრცელდა პეტიციია, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი. ხელმომწერები „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ და მოუწოდებენ, გაიწვიოს რუსული კანონპროექტი.