მთავარი,სიახლეები

„პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს“ – კოალიცია აჭარის ტელევიზიაზე

05.06.2020
„პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს და მრჩეველთა საბჭოს“ – კოალიცია აჭარის ტელევიზიაზე

„აჭარის მაუწყებელი, ერთი მხრივ, თავს არიდებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მეორე მხრივ, ხდება ადამიანების დევნა და შევიწროება განსხვავებული აზრის გამო. ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს შიდა და საერთაშორისო ექსპერტებმა… ამ და სხვა მოვლენებზე პასუხისმგებლობა აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოებს – დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება,“ – აღნიშნულია კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიასთან უკვე მე-8 დღეა შიმშილობს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა. იგი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს და დირექტორის – გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს. დღეს, 5 ივნისს, საღამოს 7 საათზე აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის შიმშილობას ეხმაურება და ასევე მიიჩნევს, რომ „დევნის და შევიწროების მსხვერპლი გახდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი“. შორენა ღლონტი აჭარის ტელევიზიიდან 3 ივნისს გაათავისუფლეს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული. ჟურნალისტებმა ასევე მიმართეს პროკურატურას ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამოძიების დაწყების თხოვნით.

„კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია და არ უნდა დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა… საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ არის ჩარჩო საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად,“ – აღნიშნულია კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: