აჭარის ტელევიზიამ ხელშეკრულება შეწყვიტა შორენა ღლონტთან, რომელიც ბოლო სამი თვე ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე კი შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ის ამ პოზიციიდან 24 თებერვალს გაათავისუფლეს და კონსულტანტად გადაიყვანეს, მასთან ხელშეკრულება სამი თვით გააფორმეს.
„ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა…“ – გვითხრა აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. რა ჩაუწერეს ამჯერად შორენა ღლონტს ბრძანებაში და რის გამო მიიჩნია ტელევიზიის ადმინისტრაციამ, რომ შორენა ღლონტისთვის ხელშეკრულება არ უნდა გაეგრძელებინა? – ემზარ პაქსაძემ გვითხრა, რომ კითხვებს მას შემდეგ შეუძლია უპასუხოს, თუკი შორენა ღლონტისგან მიიღებს თანხმობას ბრძანების გასაჯაროვების შესახებ.
„ბათუმელები“ ამ დრომდე შორენა ღლონტს ვერ დაუკავშირდა.
შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებს. „რა ნორმა დაირღვა, არ არის მითითებული, ის სამართლებრივ დავას მოიგებს,“ – ასე აფასებდა შორენა ღლონტის გათავისუფლებას 24 თებერვალს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, იურისტი გია ქარცივაძე. შორენა ღლონტის გათავისუფლება მესამე სექტორში შეფასდა, როგორც „სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის აშკარა მცდელობა“.
ამ დროისთვის 9 ჟურნალისტი დავობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ. ამ სარჩელების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტებმა ასევე მიმართეს პროკურატურას ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე არც გამოძიება დაწყებულა.
აჭარის ტელევიზიაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს საგანგაშოდ აფასებს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“. კოალიცია მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას თავს არიდებს.
კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვს მოქალაქე ალექსანდრე მილორავა, რომელიც მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მხრიდან ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს. ის უკვე მეშვიდე დღეა აჭარის ტელევიზიის შენობასთან შიმშილობს. დღეს, 4 ივნისს, აჭარის ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.