ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ აშენებს სასტუმროს საპატრიარქოს რეზიდენციასთან, ძეგლის დაცვის ზონაში 

07.06.2020
ვინ აშენებს სასტუმროს საპატრიარქოს რეზიდენციასთან, ძეგლის დაცვის ზონაში 

ქობულეთში, პეტრას ციხის დაცვის ზონაში, 1 ჰექტარ ფართობზე, რომელიც სახელმწიფომ 3,8 მილიონ ლარად ოფშორულ კომპანიას 2019 წლის აგვისტოში მიჰყიდა, სასტუმრო აშენდება. სასტუმროს კი „რედკო“ ააშენებს, რომელიც ბათუმი თაუერს [ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას] ფლობს.

დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ოფშორული კომპანია „კ ენდ ლ ინვესტმენტი“ იყო. შეძენიდან 8 თვეში კი მესაკუთრე კომპანია „რედ-კო“ გახდა. „რედ-კო“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კ ენდ ლ ინვესტმენტი“, რომელმაც სახელმწიფოსგან ეს ნაკვეთი შეისყიდა, მათ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიაა.

ეს ნაკვეთი დღეს შპს „რედ-კო ციხისძირის“ საკუთრებაშია. „რედ-კოს“ და „რედ-კო ციხისძირის“ 100 პროცენტი წილის მფლობელი კი არის შპს „ფირსთ ინვესთმენთ ქომფანი“, რომელიც ესტონეთშია რეგისტრირებული.

აღნიშნულ ნაკვეთზე, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „70 მლნ ლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი იწყება. ციხისძირში საერთაშორისო ბრენდ Marriott International-ის Alof’-ის სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას. Bamboo Beach Tsikhisdziri-ს დეველოპერული კომპანია „რედკო“ უცხოელი არქიტექტორების ჩართულობით ახორციელებს“.

მიწის ნაკვეთის გასხვისების გამო, გასულ წელს მაღალი თანამდებობის პირებს მიმართა საზოგადოება „ბათომმა“. ორგანიზაციას აინტერესებდა, რას უპირებდა ახალი მესაკუთრე ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიმდებარე მიწის ნაკვეთს. წერილში აღნიშნული იყო, რომ „გაყიდული ტერიტორია მოიცავს არქეოლოგიური დაცვის ზონას, რომელსაც ძალიან მაღალი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პოტენციალი აქვს“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „საძირკვლის ჩაყრის დროს სამუშაოებს აკონტროლებდნენ როგორც სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე კომპანიის მიერ თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები, თუმცა რაიმე არტეფაქტები აღმოჩენილი არ ყოფილა. ტერიტორია ამ კუთხით დღემდე კონტროლდება“.

ამ თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

მთავარი ფოტო: რენდერი – სასტუმრო ქობულეთში, ძეგლის დაცვის ზონაში / წყარო: აჭარის მთავრობა

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: