მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

იცის თუ არა მეპატრონემ, რომ მიწა არქეოლოგიური დაცვის ზონაში იყიდა – „ბათომის“ მიმართვა მთავრობას

07.10.2019 • 2989
იცის თუ არა მეპატრონემ, რომ მიწა არქეოლოგიური დაცვის ზონაში იყიდა – „ბათომის“ მიმართვა მთავრობას

საზოგადოება „ბათომი“ მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციას აინტერესებს, რას უპირებს ახალი მესაკუთრე ციხისძირში, „პეტრას“ ციხის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინა. ასევე თუ გააფრთხილეს ქონების შემძენი, რომ გაყიდული ტერიტორია მდებარეობს არქეოლოგიური დაცვის ზონაში.

„ბათომის“ წერილის ადრესატები არიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ზაურ ახვლედიანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე.

ორგანიზაციის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ციხისძირში, მდებარეობს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი – პეტრა-ციხისძირი, რომლის ისტორია ცნობილია VI-IX სს. ბიზანტიური წერილობითი წყაროებიდან. ეს წყაროები მოგვითხრობენ პეტრას, როგორც ისტორიული ლაზიკის სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-ქალაქისა და საეპისკოპოსო ცენტრის შესახებ.

პეტრას აკროპოლისის ნაშთები გამოვლენილია ციხისძირში, ზღვის ნაპირას აღმართულ ორ ბორცვზე, რომლისგანაც შემორჩენილია საფორტიფიკაციო ნაგებობები კარიბჭეებით და კოშკებით, სამნავიანი ბაზილიკის, დარბაზული ეკლესიის, ადრებიზანტიური და ოსმალური პერიოდის აბანოებისა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების (ცისტერნები) ნაშთები და შესაბამისი ეპოქების არქეოლოგიური არტეფაქტები.

ციხისძირის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის არეალი არ შემოიფარგლება ციხის ტერიტორიით, არამედ მოიცავს გაცილებით ვრცელ ტერიტორიას, რაც დასტურდება ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონისა და განსხვავებული ხასიათის არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენებით, მაგალითად, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საავტომობილო გზის გასწვრივ, გამოვლენილია ციხისძირის უძველესი ნამოსახლარი, რომელიც შეიცავს კულტურულ ფენებს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით.

არქეოლოგიური აღმოჩენებით განსაკუთრებით მდიდარია ციხის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო ზოლი (ყოფილი სანერგე მეურნეობის, დღეს საპატრიარქოს კუთვნილი ტერიტორია), სადაც აღმოჩენილია ახ.წ. IV საუკუნის ორი აბანო, ადრებიზანტიური ხანის სასახლე-ვილა, ახ.წ. VI-VII საუკუნეების დარბაზული ეკლესია, ქრისტიანული სამარხები და ადრეანტიკური-ადრეშუასაუკუნეების ხანის (ძვ.წ. V –ახ.წ. VI სს.)  ვრცელი სამაროვანი და წინარეანტიკური ხანის, ე.წ. დიუნური ნამოსახლარის ნაშთები (ეს ძეგლები გამოქვეყნებულია, თუმცა გამომზეურებული არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობა, მოუვლელობის გამო, კატასტროფულად სავალალოა).

გარდა ზემოაღნიშნულისა, ციხისძირის მიდამოები და ბობოყვათის სანაპირო ზოლი ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენებითაც (რომაულწარწერიანი აგური, ერმიტაჟში დაცული მდიდრული ნივთების კოლექცია, მათ შორის ლუციუს ვერუსის გამოსახულებიანი ოქროს აგრაფი; სხვადასხვა ეპოქის (რომაული, ბიზანტიური, პართული, სასანური, არაბული, მონღოლური, ოსმალური) მონეტებისა და ბიზანტიური ტყვიის საბეჭდავების მდიდარი კოლექცია.

ამდენად, ციხისძირის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არეალი  გაცილებით ვრცელია, ვიდრე ის ტერიტორია, სადაც დღეს აკროპოლისის ციხის ნანგრევებია შემორჩენილი.

ციხისძირის აკროპოლისის ძეგლები 2007 წლიდან არქეოლოგიური დაცვის ზონაშია მოქცეული. 2015–2018 წლებში შემუშავდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის სქემა და ციხისძირ-ჩაქვის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლებიც დამტკიცებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და კარგადაა ცნობილი ეკონომიკის სამინისტროსთვის.

ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ორივე ზემოხსენებულ დოკუმენტში ციხის ჩრდილოეთით მდებარე ზღვის სანაპირო  ზოლი შეყვანილია არქეოლოგიური დაცვის ზონაში.

მედიასაშუალებებით, კერძოდ, კი გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გაყიდული ტერიტორია მოიცავს არქეოლოგიური დაცვის ზონას, რომელსაც ძალიან მაღალი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პოტენციალი აქვს – ამ ადგილებში ხშირია მონეტების აღმოჩენის ფაქტები, ასევე, ძალიან დიდია ალბათობა, ადრეანტიკური–ელინისტური ხანის სამაროვნის აღმოჩენისა (მისი სამხრეთი საზღვარი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი), არ არის გამორიცხული პეტრას დროინდელი ნაგებობების აღმოჩენაც.

გარდა ამისა, არქეოლოგიურ დაცვის ზონაზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 2007, კარი 1, თავი 8, მუხლი 34, 35, 36, 40), რომელიც მკაცრად განსაზღვრავს ზონის ფარგლებში დაშვებულ აქტივობებს – იქნება ეს მშენებლობა თუ ტერიტორიის ათვისების სხვა ფორმები.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია არქეოლოგიური ძეგლის არსებული და შემდგომი სტატუსის დასადგენად, კერძოდ კი:

  • არის თუ არა ინფორმირებული აღნიშნული ტერიტორიის ახალი მეპატრონე, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონის ქვეშ მყოფ მიწის ნაკვეთს ფლობს?
  • როგორ გეგმავს ტერიტორიის მეპატრონე აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყენებას – როგორ აპირებს ის ნაკვეთის ათვისებას?
  • არის თუ არა ინფორმირებული მიწის მეპატრონე, რომ ნებისმიერი ტიპის მშენებლობის დაწყებამდე, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება აქვს, რათა სრულად დააფინანსოს მოცემული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა?
  • არის თუ არა ინფორმირებული ტერიტორიის მეპატრონე, რომ ნაგებობების ან მაღალი სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება მათი შენარჩუნება და კონსერვაცია?
  • გვაინტერესებს იმ არქეოლოგიური ობიექტების მდგომარეობა, მათი მოვლა-პატრონობისა და მომავალი შესწავლის საკითხი, რომლებიც საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზეა მოქცეული.

ძალიან გთხოვთ, ჩვენს კითხვებზე გაგვცეთ წერილობითი პასუხი.

ასევე, ძალიან სასურველია, მოეწყოს საჯარო შეხვედრა ახალ მეპატრონესთან, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება და ჩვენს კითხვებზე პასუხებს მოვისმენთ, რათა მეპატრონემ მოგვცეს გარანტიები, რომ აღნიშნული ტერიტორია დაცული იქნება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობისა და კონვენციების მიხედვით“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: