„მეც, მზიაც და სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი ორწლიან პატიმრობაში დატოვა.
„ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით სწორედ, იმიტომ, რომ იყო აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი. უკვე სიტყვებმაც ფასი დაკარგა ჩვენი სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებისას.
იმ გადაწყვეტილების უკანონობაზე და საერთოდ პროცესის უკანონობაზე, მზიას წინააღმდეგ საპოლიციო ანგარიშსწორებაზე, სისტემის უკანონობაზე, ამ სასამართლო დარბაზში ვისაუბრე უწყვეტად, ალბათ ხუთი საათი, რამდენის საშუალებაც მომცეს, მაგრამ მოსამართლეები უბრალოდ იძულებული იყვნენ ეთმინათ ჩემი ხუთსაათიანი გამოსვლა. სახეებზე ვკითხულობდი უკმაყოფილებას, ცხადია.
ჩვენი სასამართლო ჯერჯერობით კიდევ თამაშობს პროცედურულ სამართლიანობას, ასე ვთქვათ, პატივს გვდებენ მათი აზრით და გვისმენენ. ცოტა ხანში არც ამ პროცედურულ სამართლიანობას აღარ ითამაშებენ.
აი, ამ სასამართლოში, რასაც მე ვუყურებ, სამი პროცესი დაინიშნა ერთი კვირის განმავლობაში, ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს სააპელაციო სასამართლოში და მგონია, რომ სარეჟიმო ობიექტზე დავდივარ, ციხეში როცა შევდივართ, იქ არის ასეთი წესები, ორი რაციით აკონტროლებენ შენს გადაადგილებას. „ორი კაცი გამოვიდა, სამი კაცი შევიდა, ახლა ეს ორი კაცი იქით გავიდა“ – კორიდორში თუ გამოხვედი, მოგდევენ -რატომ გამოხვედი… წარმოუდგენელი ამბავი ხდება ამ სასამართლოში, რაც ბათუმის სასამართლოში არ მინახავს და უნდა აღვნიშნო.
ყველა შემდგომი დღე უარესია ჩვენ მართლმსაჯულებაში.
ახალს არაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ დიახ, მეც, მზიაც, სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის და არც ერთ სხვა სასამართლო შენობაში, სამწუხაროდ, საქართველოში მართლმსაჯულება არ არის.
მე დღეს ამ სასამართლოს ვუთხარი ეს, მაგრამ რა გითხრათ.
ვუთხარი, რომ ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, აღიარო, რომ სისტემამ რაღაც მომენტში შეწყვიტა იყოს სამართლიანი და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სისტემამ უკვე შეწყვიტა იყოს სამართლიანი.
სისტემამ გადაწყვიტა, რომ იყოს ტოტალურად უსამართლო და მოძალადე და ასეთი სისტემები არსებობენ მხოლოდ იქ, სადაც სასამართლოები აძლევენ ამის უფლებას.
დღეს, სასამართლოს ამ შემადგენლობამ კიდევ ერთხელ მისცა სისტემას უფლება, გადაუაროს ადამიანს ისე, როგორც მას გაუხარდება. არ უნდათ ამ მოსამართლეებს იყვნენ დამოუკიდებლები, არ უნდათ და ვერ მოანდომებ.
სწორედ იმ წიგნში ამოვიკითხე, რომელიც მზიას ეჭირა პირველ სასამართლო პროცესზე, მარია რესას წიგნი რომ გადავფურცლე, ეს გამონათქვამი ძალიან მენიშნა ამ წიგნში და ამიტომ და ბევრი რამის გამოც ეჭირა მზიას ეს წიგნი. მაშინ იცოდა, რასაკვირველია სისტემასთან ბრძოლა როგორი იქნებოდა.
ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატის გამონათქვამი წერია ამ წიგნში და ეს მინდა გითხრათ.
შეიძლება ერთ დღეს აღმოჩნდეს, რომ ჩვენ სისტემის წინაშე უძლურნი ვართ და აი, დღეს ეს არის მაგალითი, იმიტომ, რომ სისტემის წინაშე, ამ მოძალადე სისტემის წინაშე ადამიანები უძლურები არიან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არასოდეს არ უნდა დადგეს ის დღე, როდესაც ჩვენ ამ უსამართლობას შევეგუებით.
მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს დღე არ დამდგარა და ამ უსამართლობას არ შევეგუებით, არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე, დარწმუნებული ვარ“- თქვა მაია მწარიაშვილმა.
ამავე თემაზე:
სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა






