მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის პროცესი პატარა დარბაზში იმართება, სასამართლოს ეზო ჩაკეტეს

11.11.2025
მზია ამაღლობელის პროცესი პატარა დარბაზში იმართება, სასამართლოს ეზო ჩაკეტეს

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს და სასამართლოზე დასწრების მსურველებს სასამართლოს ეზოს ჭიშკარი ჩაუკეტეს და არათუ დარბაზში, არამედ სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალებაც კი არ მისცეს.

მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა 24-ადგილიან მცირე დარბაზში მიმდინარეობს. ჭიშკართან მობილიზებულია პოლიცია.

დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი აყენებს შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების დაშვების შესახებ. ის ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაბათილებას და მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას.

სასამართლო დარბაზში ჟურნალისტებს არ უშვებენ

სხდომის დაწყებისას ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ჩამოთვალა ის პრიზები, რომლებიც პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს გადასცეს ბოლო თვეებში გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ყველა ეს ჯილდო მზია ამაღლობელმა მიიღო როგორც ეთიკური ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლისთვის.

ადვოკატმა კახა წერეთელმა გარეთ მყოფი ადამიანების დარბაზში შესვლის შუამდგომლობა დააყენა. მან მოსამართლეს განუმარტა, რომ ბევრი ადამიანია სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული და მათ უნდა მიეცეთ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

თუმცა, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ადვოკატს უთხრა, რომ თხოვნას მომდევნო სხდომისთვის გაითვალისწინებენ.

მზია ამაღლობელის სასამართლო სააპელაციო სასამართლოში 13 საათზე დაიწყო.

ნახეთ ვიდეო: 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: