მთავარი,სიახლეები

ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება

02.04.2024 • 5286
ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება

დაგეგმილია თბილისი-ბათუმი-თბილისის, ასევე მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა ადგილობრივი ავიარეისების შესრულება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 18 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა.

აღნიშნულ ავია მიმართულებებზე „მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით“ ავიარეისების ორგანიზება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ეთხოვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა თბილისი-ბათუმი-თბილისის ავია მიმართულებაზე ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 3 049 973 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ავიარეისები კი ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის ვადით უნდა შესრულდეს

რაც შეეხება მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა რეისებს, აეროპორტების გაერთიანებამ ცალკე ტენდერი უნდა გამოაცხადოს ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 5 601 140 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამ შემთხვევაში ავიარეისები 1 წლის განმავლობაში შესრულდება.

ავიამიმართულებებსა და პირობებს განსაზღვრავს „აეროპორტების გაერთიანება“. გაერთიანება დაადგენს ასევე ბილეთების ფასსაც. ამასთან, „საჰაერო ხომალდზე შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ მგზავრზე არანაკლებ 15 კილოგრამი თანმქონი ბარგის გადატანაც“.

მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულია ერთ გზაზე შესასყიდი ადგილების რაოდენობა და ერთი გზის ფასი, რასაც „აეროპორტების გაერთიანება“ მიმწოდებელს მომსახურებაში გადაუხდის.

„მიმწოდებლის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულება გამოითვლება ფაქტობრივად შესრულებული ავიარეისებისა და ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით სრულად, შესაბამის ავიარეისზე ფაქტობრივად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიუხედავად“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

თბილისი-ბათუმი-თბილისის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის, ანუ 2 წლის განმავლობაში შესასყიდი ადგილების რაოდენობა ორივე მიმართულებით ჯამში საორიენტაციოდ არის 26 560 ადგილი.

  • თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე შესასყიდი ადგილების რაოდენობა – ერთი გზა – არის 40 ადგილი, ხოლო ერთი გზის ფასი [რასაც მომსახურებაში გადაუხდიან მიმწოდებელს, არის 114,83 აშშ დოლარი($)]

რაც შეეხება გამოსაცხადებელ მეორე ტენდერს, ერთი წლის განმავლობაში [ყველა რეისზე] ორივე მიმართულებით შესასყიდი ადგილების საორიენტაციო რაოდენობა ჯამურად უნდა იყოს 47 760 ადგილი.

ამ ტენდერის ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით:

  • მესტია-ბათუმი-მესტია – შესასყიდი ადგილი/ერთი გზა-15 – მომსახურების ფასი – ერთი გზა – 168$
  • თელავი-ბათუმი-თელავი – 40 ადგილი – 129$
  • მესტია-ქუთაისი-მესტია – 15 ადგილი – 110$
  • მესტია-თბილისი-მესტია – 15 – 182$
  • მესტია-ამბროლაური-მესტია – 15 – 75$
  • მესტია-თელავი-მესტია – 15 – 187$
  • თბილისი-ამბროლაური-თბილისი – 40 – 103$
  • თელავი-ამბროლაური-თელავი – 40 – 108$
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი – 40 – 77$
  • თელავი-ქუთაისი-თელავი – 40 – 87$
  • თელავი-თბილისი-თელავი – შესასყიდი ადგილი/ერთი გზა-40 – მომსახურების ფასი – ერთი გზა – 50$

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ბილეთების რეალიზაცია შესაძლებელი იქნება ან აეროპორტების გაერთიანების, ან მიმწოდებლის, ან ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმის მეშვეობით.

ავიაბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა კი „უნდა გადაუხადონ აეროპორტების გაერთიანებას ან გაიქვითება მიმწოდებლისთვის ყოველთვიურად გადასახდელ თანხებთან“.

განკარგულების მიხედვით, „მიმწოდებელი შეიძლება იყოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი“, ამასთან აღნიშნული მოწმობა „შესაძლებელია გაცემული იყოს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მიერ, იმ შემთხვევაში თუ იგი აღიარებულია საქართველოში“.

__________________________________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: