მთავარი,სიახლეები

ვინ აღმოფხვრის დისკრიმინაციას, თუკი მერია მეჩეთის აშენებაზე ისევ უარს იტყვის?

03.10.2019 • 2265
ვინ აღმოფხვრის დისკრიმინაციას, თუკი მერია მეჩეთის აშენებაზე ისევ უარს იტყვის?

„რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მერია ისევ უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე? გამოვა, რომ მერია ისევ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას მიიღებს და სასამართლო ვერ ჩაერევა მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში,“ – ამბობს ანზორ ხატიაშვილი, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი. ეს ორგანიზაცია და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ. იურისტები უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე აკეთებენ აქცენტს, რომლის მიხედვით დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ სასამართლომ დისკრიმინაციაში მხილებულ ორგანოს დაავალა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

მუსლიმი თემის სარჩელი ბათუმის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 სექტემბერს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილებები, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სარჩელის კიდევ ერთი მოთხოვნა მერიის დავალდებულება იყო – გაეცა მშენებლობის პირველი ეტაპის ნებართვა, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ „ნებართვის გაცემა მერიის დისკრეციული უფლებამოსილებაა და სასამართლო მერიის ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“.

„ლოგიკას მოკლებულია, ისევ დისკრიმინაციის ჩამდენს დაუბრუნო საქმე ხელახლა შესაფასებლად. ასეთი შემთხვევა არსებითად უნდა გადაწყდეს სასამართლოს მხრიდან,“ – მიიჩნევს იურისტი ანზორ ხატიაშვილი.

რა წერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

საქმე შრომით დავას ეხება. თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი თბილისის მერიის წინააღმდეგ დავობდა. ის 2014 წელს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან გაუშვეს არა რეორგანიზაციის გამო, რაც ოფიციალურ მიზეზად ჩაუწერეს გათავისუფლების ბრძანებაში, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გამო. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად თბილისის მერიაში კადრების რაოდენობა არ შემცირებულა და პირიქით – გაიზარდა. სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა და ბათილად მიიჩნია გათავისუფლების შესახებ ბრძანება. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მსგავსად, უარი თქვეს დაევალდებულებინათ თბილისის მერია, მიეღო მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება.

„საფუძველს არის მოკლებული სასკ-ის 32.4 მუხლზე დაყრდნობით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. უზენაესმა სასამართლომ ამ შემთხვევაში დავა არსებითად გადაწყვიტა და თბილისის მერიას დაავალა, სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

იურისტი ანზორ ხატიაშვილი ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს განმარტების იმ ნაწილზე, სადაც წერია, რომ თუკი სასამართლო საკითხს ისევ ადმინისტრაციულ ორგანოს უბრუნებს, უნდა მიუთითოს კონკრეტული გარემოებები, რომლის გამოკვლევაც უნდა მოხდეს.

„დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ავტომატურად მოჰყვება დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, საქმის სხვა გარემოებებს, რომელთა გამოსაკვლევად სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სასამართლომ დავის გადაუწყვეტლად საქმე დაუბრუნა ადმინისტრაციას, მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის არ ექნებათ არსებითი მნიშვნელობა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებს, რომლებიც უნდა იქნეს გამოკვლეული ადმინისტრაციის მიერ, განჩინება არ შეიცავს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო შესაძლებელი სააპელაციო სასამართლოსათვის, როგორც ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების დამდგენი სასამართლოსათვის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემაც ბათუმის მერიას ზოგადი მითითება მისცა, საკითხი ხელახლა შეესწავლა. მას არ მიუთითებია, კონკრეტულად რა უნდა გამოიკვლიოს. სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დაუბრუნოს საქმე ხელახლა გამოსაკვლევად, როცა მისი შესაძლებლობის ფარგლებს სცილდება კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა ან შეფასება. სასამართლომ მეჩეთის შემთხვევაში გამოიკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება და მას არსებითად უნდა გადაეწყვიტა დავა,“ – გვითხრა TDI-ის იურისტმა, ანზორ ხატიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოდ შესასრულებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოებისთვის, მაგრამ შრომითი დავა, რაზეც გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო, შრომის კანონმდებლობას ეხება და არა კონკრეტულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, მუსლიმი თემის დამცველი იურისტები ფიქრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაეთვალისწინებინა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს, როცა ის პრეცედენტულ გადაწყვეტილებას იღებდა.

მუსლიმ თემს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას.

„მე პირადად ვფიქრობ, რომ უნდა გასაჩივრდეს, რადგან, ზოგადად, დისკრიმინაციის დადგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება არ იყო შედეგზე ორიენტირებული… ეს მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო პრაქტიკისთვისაც,“ – დასძინა ანზორ ხატიაშვილმა.

მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა უთხრა. თუმცა, ცნობილია დღეს მოქმედი მერის შეხედულებაც ამ საკითხზე – ლაშა კომახიძე ითხოვს, რომ მუსლიმმა თემმა მეჩეთის აშენების მიზნით შეძენილი მიწის ნაკვეთი მუსლიმთა სამმართველოს გადასცეს. ამას მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი არ აპირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მუსლიმთა სამმართველო ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

გაეცანით ლაშა კომახიძის პოზიციას ამ საკითხზე:

ლაშა კომახიძე: მეჩეთის მშენებლობის მსურველებმა მიწა მუსლიმთა სამმართველოს უნდა გადასცენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: