კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ნიკოლოზ ანთიძე ერთი წლის განმავლობაში მივლინებით უცხოეთში 11-ჯერ იმყოფებოდა

21.08.2019 • 1730
ნიკოლოზ ანთიძე ერთი წლის განმავლობაში მივლინებით უცხოეთში 11-ჯერ იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე 2018 წელს საქმიანი ვიზიტით უცხოეთში 11-ჯერ გაემგზავრა, მათ შორის ერთ-ერთ ქვეყანაში ის სხვადასხვა დროს ორჯერ იმყოფებოდა, აქედან რამდენიმე ვიზიტის კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა და 2020-2021 წლებში უნდა დადგეს.

ნიკოლოზ ანთიძეს არც ახალ წელზე დაუსვენია, 2018 წლის 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მოადგილესთან დავით ლომიტაშვილთან ერთად,  სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა. 2019 წელს კი ის 6 ქვეყანაში იყო საქმიანი ვიზიტით.

საერთო ჯამში, სააგენტოს ხელმძღვანელისა და მისი ოთხი მოადგილის უცხოეთში ვიზიტებისთვის, მგზავრობის, დღიური ხარჯისა და სასტუმროს მომსახურებისთვის 2018 წელს ბიუჯეტიდან 75 973 ლარი, ხოლო 2019 წელს, ამ დრომდე – 46 570 ლარი დაიხარჯა.

  • ვიზიტები და მიზნობრიობა

2018 წლის დეკემბრის ბოლო ვიზიტის მიზანი პოლონეთში ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა ყოფილა. ეს, სააგენტოს ინფორმაციით, წარმატებით განხორციელებულა. როგორც სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები შედგა პოლონეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

2019 წლის თებერვალში ნიკოლოზ ანთიძე საქმიანი ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა, ამჯერად მასთან ერთად მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა. სააგენტოდან მოგვწერეს, რომ ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტთან შედგა მოლაპარაკებები, ბირ-ელ-კუტში არსებული ქართული ისტორიული მონასტრის  შესწავლასთან დაკავშირებით. ეს ძეგლი მე-20 საუკუნის შუახანებში მხოლოდ ნაწილობრივ შეისწავლეს. კვლევისთვის საინტერესო ადგილი ფრანცისკანულ მონასტერს ეკუთვნის, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს.

სააგენტოს ინფორმაციით: „ამ ვიზიტის შედეგად, ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტმა ქართულ მხარეს აღუთქვა მზაობა პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად. მხარეები  შეთანხმდნენ  მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომლის პროექტის ვიზირებაც ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტში ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პირველი სამეცნიერო ექსპედიციის განხორციელება გვიანი შემოდგომიდან იგეგმება.“

ვიზიტი 22 თებერვალს დასრულდა.

ისრაელში ვიზიტის დასრულებიდან ორ კვირაში, 2019 წლის 3-9 მარტს, ნიკოლოზ ანთიძე იორდანიის დედაქალაქ ამანში იმყოფებოდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მოადგილეები: პაატა გაფრინდაშვილი და დავით ლომიტაშვილი. სააგენტოს ინფორმაციით, ეს ვიზიტი  იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის იაზიდ ელაიანის მიწვევით დაიგეგმა. შეხვედრაზე  კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობის საკითხი განუხილავთ. აქვე გადაუწყვეტიათ,  რომ იორდანიის სამეფოს კარაკის მხარეში, ქართველთა მონასტრის კვალს ქართველ მკვლევარებთან ერთად იორდანელი და ამერიკელი მეცნიერები შეისწავლიან. ამ ექსპედიციის დაწყებასაც 2019 წლის შემოდგომიდან გეგმავენ.

9 მარტს იორდანიიდან დაბრუნებულ სააგენტოს ხელმძღვანელს ათ დღეში, 2019 წლის 19 მარტს, ესტონეთსა და შვედეთში მოუწია წასვლა. ამ ვიზიტის მიზანიც ესტონეთის ეროვნულ მუზეუმში   მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის კოლექციის გამოფენის ოფიციალური გახსნა იყო, რაც დამატებით რამდენიმე ღონისძიებას მოიცავდა.

„ტალინის შემდგომ, გენერალურმა დირექტორმა გააგრძელა სამუშაო მისია შვედეთში, სადაც მას ჩანიშნული ჰქონდა შეხვედრები შვედეთის მემკვიდრეობის ბორდთან მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიულ ქალაქებზე მომავალში დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის მთავარი ფოკუსი იყო გამოცდილების გაზიარების გზით ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესება“.

5-8 ივნისს ნიკოლოზ ანთიძე, მოადგილე დავით ლომიტაშვილთან ერთად, საქმიანი ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. აქ ისინი დაესწრნენ კონფერენციას კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის საკითხებზე: „თანამედროვე გამოწვევების ფონზე – აქცენტით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის სფეროში.“  სააგენტო გვწერს, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილ პრეზენტაციას დიდი მოწონება ჰქონდა.

30 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ნიკოლოზ ანთიძე, ასევე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. აქ ის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესიას დაესწრო. როგორც სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია მითითებული, ნიკოლოზ ანთიძე ამ სესიაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

  •  სააგენტოს თანამდებობის პირების მივლინებები 2018 წელს

2018 წელი საზღვარგარეთ მივლინებების თვალსაზრისით ნიკოლოზ ანთიძისთვის სრულად დატვირთული იყო. მან ამ წელს მხოლოდ თებერვალი და აგვისტო გამოტოვა. იყო ისეთი თვეებიც, როცა სააგენტოს ხელმძღვანელს საზღვარგარეთ წასვლა ორჯერაც კი მოუხდა.

2018 წლის 18-22 აპრილს სომხეთის კულტურის სამინისტროს მიწვევით, ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა მონაწილეობა მიიღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და სომხეთის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ სამუშაო შეხვედრაში – რელიგიური ხასიათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის პრინციპების შესამუშავებლად.

სომხეთში ვიზიტის დასრულებიდან მალევე, 2018 წლის 16-19 მაისს, ნიკოლოზ ანთიძე  საქართველოს სახელით ლუქსენბურგში გამართულ ევროსაბჭოს კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი მინისტრების სამუშაო შეხვედრას დაესწრო. აქ  ევროპული მემკვიდრეობის თანამედროვე გამოწვევები, კერძოდ, გლობალიზაციისა და ურნაბიზაციის პროცესში ისტორიული ქალაქებისა და დასახლებების დაცვისა და ჰარმონიულად განვითარების საკითხები განიხილეს.

2018 წლის 25-30 ივნისის ჩათვლით ნიკოლოზ ანთიძე საქმიანი ვიზიტით მანამაში, ბაჰრეინის დედაქალაქში ჩავიდა. აქ ჩატარდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესია, სადაც, 2018 წლის 25-30 ივნისის ჩათვლით, წევრი სახელმწიფოს სახელით, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ანთიძე. ამ სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის საკონსერვაციო მდგომარეობის ანგარიში განიხილეს, რაც დაეფუძნა 2018 წლის თებერვალში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICCROM ICOMOS-ის ერთობლივად
განხორციელებული რეაქტიული მონიტორინგის ანგარიშს.

2018 წლის 12 ივნისს ნიკოლოზ ანთიძე და მისი მეორე მოადგილე პაატა დოლიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრნენ. ამ ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჰუვერის ადმინისტრაციასთან, სადაც ქართული მხარე ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო.

2018 წლის 7-12 ოქტომბერს ნიკოლოზ ანთიძე პოლონეთის საელჩოს მიწვევით ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმსა და კრაკოვის ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში კრაკოვსა და ვარშავაში იმყოფებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, კრაკოვში ერთობლივი გაცვლითი გამოფენისა და ასევე, მსოფლიო მემკვიდრეობის საიტების მართვის საკითხებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა სამუშაო შეხვედრები პოლონეთში შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელნაწერების კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესის დასაწყებად. საუბარია, ქალაქ კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, თავადი ჩარტორისკის ბიბლიოთეკაში დაცულ 11 ქართულ საეკლესიო ხელნაწერზე, რომლებიც რესტავრაციის შემდეგ საქართველოში  2020-2021 წლებში უნდა გამოიფინოს.

ვიზიტის ფარგლებში შედგა სამმხრივი შეთანხმება, რომელიც კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების გამოფენას ითვალისწინებს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსა და კრაკოვის მუზეუმს შორის დაფუძნებული თანამშრომლობის ფარგლებში, პოლონეთში გამოფენის მოწყობა 2020-2021 წლებშია დაგეგმილი.

ამ ვიზიტის დასრულებიდან მალევე 2018 წლის 20-27 ოქტომბრის ჩათვლით ნიკოლოზ ანთიძე მოადგილესთან, პაატა გაფრინდაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდა. წინა წლებში ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციისას გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით.

კვიპროსიდან დაბრუნებულ სააგენტოს ხელმძღვანელს, სამ დღეში, 2018 წლის  30 ოქტომბერს,  ისევ მოუწია გამგზავრება, ამჯერად ის  2 ნოემბრამდე] უკრაინაში იმყოფებოდა. კიევში ის  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვაზე პასუხისმგებელი პირების საერთაშორისო სემინარს დაესწრო, თემაზე: „ცოცხალი რელიგიური მსოფლიო მემკვიდრეობა: მონაწილეობითი მართვა და მდგრადი გამოყენება“.

26 ნოემბერს ნიკოლოზ ანთიძე სამუშაო ვიზიტით მავრიკიის ქალაქ პორტ ლუისში იმყოფებოდა. აქ  იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია გაიმართა, სადაც იხილებოდა საქართველოს მიერ 2017 წელს კაცობრიობის წარმომადგენლობით ნუსხაში წარდგენილი ნომინაცია: ქართული ჭიდაობა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობა ნიკოლოზ ანთიძეს დაეკისრა. ეს ვიზიტი 6 დეკემბერს დასრულდა.

2018 წლის 18-21 დეკემბრის ჩათვლით კი, ნიკოლოზ ანთიძე თურქეთის დედაქალაქში ანკარაში იმყოფებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, აქ  საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017-2021 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.

  • მოადგილეების ვიზიტები უცხოეთში

მოადგილეების უცხოეთში ვიზიტების შესახებ ზემოთ მითითებული ინფორმაციის გარდა, 2019 წლის თებერვალში საქმიანი ვიზიტით თეირანში იმყოფებოდნენ პაატა გაფრინდაშვილი და ნუგზარ ყიფიანი. წელს პაატა გაფრინდაშვილი კვიპროსზე და საფრანგეთში, ხოლო პაატა დოლიძე  შვედეთში იმყოფებოდა.

რაც შეეხება 2018 წელს – ამ წელს პაატა დოლიძე იმყოფებოდა იტალიასა და საფრანგეთში. კიდევ ერთი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი კი კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ლაკარნაში ჩავიდა, სადაც საქართველოს მიერ რესტავრირებული ალამინოსის წმ. გიორგის ტაძრის ნაშთები მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა.

გარდა ამისა, პაატა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა ბაქოში, ხოლო ლომიტაშვილი – თურქეთში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: