მთავარი,სიახლეები

რა მიზანი აქვს მთავრობას, როცა ამბობს, რომ „რუსული ბაზრის გარეშე არაფერი გამოვა“ – ცუცქირიძე

02.08.2019 • 1977
რა მიზანი აქვს მთავრობას, როცა ამბობს, რომ „რუსული ბაზრის გარეშე არაფერი გამოვა“ – ცუცქირიძე

„ხელისუფლება დღეს მკაფიოდ ამბობს არა იმას, რომ რუსეთის ბაზარი კარგია, არამედ იმას, რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოგვივა,“ – ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას. მას ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე ვკითხეთ, რასაც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე, სანქციების დაწესებასა თუ ლარის გაუფასურების დროს ვისმენთ. ხელისუფლება ამ თემებზე საუბრის დროს თითქმის ყოველთვის ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ რუსეთის ბაზრის შენარჩუნება უნდა შევძლოთ.

რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, როცა ის ქართულ ეკონომიკაზე საუბრისას მუდმივად რუსეთის როლზე მიუთითებს, როცა წლების წინ საქართველომ რუსეთთან ომიც გამოსცადა, ემბარგოც და ქართველების მასობრივი გამოძევებაც? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ლევან, თქვენ რა შთაბეჭდილება გექმნებათ, როცა მაღალჩინოსნები ტურისტების კლებას, ან ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებენ და რუსული ბაზრის შენარჩუნების უპირობო აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს? 

არსებობს ტერმინი დეფიტიზმი – რიტორიკა, რომელიც თავის თავში მოიცავს იმას, რომ აი, მაინც არაფერი გამოგვივა. ეს ემოციური განწყობა ძალიან ცუდია ქვეყნის, მათ შორს, ქართული ეკონომიკისთვის. ეს არის ასევე უვიცობის მაჩვენებელი. როგორ არ შეიძლება ჩვენი საექსპორტო და თუნდაც ტურისტული ბაზრის გადაწყობა ისე, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ყოვლად გაუთვალისწინებელ პოლიტიკურად კონტროლირებად მოთამაშეზე, რომელიც ეკონომიკის კი არა, პოლიტიკის კანონით მოქმედებს.

მთელი მსოფლიო ცდილობს დივერსიფიკაციას, ჩვენი მთავრობა კი გვეუბნება, რომ რუსული ბაზრის გარეშე არაფერი გამოვა. მგონია, რომ არ უნდა დავიჯეროთ და გავიხსენოთ, რომ ძალიან ბევრი მაგალითია, როგორ გახდნენ პატარა ქვეყნები მრავალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე ორიენტირებული.

შეიძლება ეს რიტორიკა იყოს მიზანმიმართული, რომ ჩვენ გვინდა თუ არა, უნდა ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული და მეორე – უვიცობა, როცა არ ვიცით, როგორ მოვახერხოთ ისე, რომ არ ვიყოთ პირდაპირ ჩამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

  • თვლით, რომ ხელისუფლება ცდილობს პრორუსული განწყობის გაძლიერებას? 

ჩვენ მთავრობაში  გყავს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ლარი თინეიჯერიაო. ეს შეგნებული ნაბიჯია ხო? ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, წარმოდგენა არ აქვთ, თანამედროვე ეკონომიკა როგორ მუშაობს. რასაც გვიყვებიან ლარზე, არ ვიცი, ეკონომიკის შესავლის პირველი ნახევრის წაკითხვაც საკმარისია, რომ უკეთესი ტერმინებით და ლექსიკით მაინც გამოხატო შენი აზრი. ასეთი ადამიანების ჩაყენება შენი ქვეყნის ეკონომიკის სათავეში ნიშნავს, რომ ეკონომიკა მოიშალოს და იყო დამოკიდებული ვინმე, მოსულ ბატონზე.

ცხადია, მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა, რომ შევეგუოთ ამას, ეკონომიკაში გაჩნდეს პრობლემები და მერე ვთქვათ, რომ გვიშველიან რუსები: ჩამოვა ბევრი ტურისტი, ჩამოვლენ ინვესტორები, ღვინოს გავყიდით იქ და გვეშველება. თავი უნდა დავანებოთ მიკიბულ-მოკიბულ საუბარს, ფართოდ გავახილოთ თვალები და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

  • მაგრამ ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ ის ევროინტეგრაციის ერთგულია, ასრულებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს… 

ევროკავშირთან ასოცირება შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ არ გამოიყენო იგი პოლიტიკურად მეტად დაახლოებისთვის. ჩვენ ბევრი ჩამორჩენა გვაქვს დღის წესრიგში. საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ეს ფაქტი: რამდენი ხანია ჩვენ პარიზში არ გვყავს ელჩი. არ შეიძლება ქვეყანას, რომელიც ამბობს, რომ მისი გაცხადებული მიზანი ევროკავშირში შესვლაა, არ გყავდეს ელჩი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ისეთ საკვანძო, მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოში, როგორიც არის საფრანგეთი.

მე მგონია, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველო ვერ წარმოუდგენიათ სხვაგვარად. არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოიაზრებენ ისევ რუსულ პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთი არის რეალურად ყველა ანტიდემოკრატიული ძალების ცენტრი ჩვენს რეგიონში. ჩვენს მთავრობაში არაა ცოტა ისეთი ადამიანი, რომელიც თანაუგრძნობს „პატრიოტთა ალიანსს“, ლევან ვასაძეს და მის კომბლებით მორბენალ ადამიანებს, ან „ქართულ მარშს“.

  • რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ ამ რიტორიკით? ბოლო კვლევებიც აჩვენებს, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ევროინტეგრაციის მომხრე. 

ევროპასთან ინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ფასეულობებია. ეს არ არის მხოლოდ კანონების დაწერა. ფასეულობითი დაახლოვება უნდა მოხდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს დემოკრატიული, ლიბერალური ცენტრი ქვეყანაში სერიოზულ ზეწოლის ქვეშაა. ვხედავთ ანტიდასავლური, რუსული ვექტორის გაძლიერებასაც. ეს განცხადებები, რასაც ჩვენ ხელისუფლებისგან ვისმენთ, ამას ადასტურებს. შეიძლება თქვა, რომ რუსეთის ბაზარი კარგია. შესაძლოა, ომი გქონდეს ქვეყანასთან, მაგრამ რაღაც ურთიერთობები შეინარჩუნო, მაგრამ სრულიად სხვა რამეა, როცა ამბობ, რომ აი, ამათ გარეშე არაფერი გამოგვივა. უკრაინას ომი აქვს და თან სავაჭრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან. ჩვენც რუსეთისგან ოკუპირებული ვართ, მაგრამ ჩამოდიოდნენ აქამდეც რუსი ტურისტები საქართველოში.

  • რამდენად მუშაობს ხელისუფლების ეს რიტორიკა, თქვენი დაკვირვებით? ქვეყანას გამოცდილი აქვს რუსეთთან ომი, ემბარგო და ბევრი სხვა რამეც. 

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იმუშავებს. თუმცა მეორე მხრივ, დიდ სიღარიბეში მყოფ ადამიანებს თუკი ყოველდღე უჩიჩინებს ხელისუფლება, რომ ემბარგო იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ევროკავშირი გვინდოდა, შესაძლოა, თქვან ამ ადამიანებმაც, რომ იქნებ სხვაგვარად მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები. უკიდურესი სიღარიბე მძიმე მოვლენაა და საგარეო ორიენტაციისთვისაც სერიოზული საფრთხეა.

  • ხელისუფლება საუბრობს იმ მეწარმეებისთვის ზიანის ანაზღაურებაზე, ვისაც რუსი ტურისტები უნდა მიეღო. შესაძლოა, ამას ხელისუფლება აკეთებდეს იმიტომ, რომ აქაც აჩვენოს რუსეთზე დამოკიდებულება?

არ არის ცუდი, როცა ხელისუფლება მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურებას ცდილობს, მაგრამ ყველაფერში სიფრთხილეა საჭირო. სხვა ქვეყნებიდანაც რომ იკლოს ტურისტებმა, მაშინაც უნდა აუნაზღაუროს ზარალი? ან სხვა ტიპის ზარალი რომ დადგა, მაშინ აანაზღაურეს ზიანი? ზიანის ანაზღაურება მხოლოდ პოლიტიკურ მდგენელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

  • რა რისკებს შეიცავს ეს პროცესი? 

ეს რიტორიკა არის ნაზავი პრორუსული, ანტიდემოკრატიული მსოფლმხედველობის და არაკომპეტენტურობის. ქვეყანა ძალიან დიდი რისკების წინაშე დგას ახლა, ეკონომიკა ინგრევა რეალურად, მიმდინარეობს მთავარ ბიზნესმენებზე შეტევა, ლარის კურსი მიფრინავს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ მე ვერაფერს ვაკეთებ და ჟურნალისტებს მოსთხოვეთ პასუხიო. რეალურად სახელმწიფოს საფუძვლები ირღვევა, მათ შორის, ეკონომიკური საფუძვლები, რომელიც ძლივს შევაკოწიწეთ. ეს ხდება დღეს საქართველოში და, სამწუხაროდ, ამის მომსწრე უკვე ვართ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: