„მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას, რაც აქამდე გვქონდა… სავარაუდოდ დაახლოებით 60-70 მილიონით მეტი გვექნება გადასახდელი გაზის იმავე მოცულობისთვის, რასაც მანამდე ვიღებდით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. მას საერთაშორისო კონსორციუმთან გაფორმებული 20-წლიანი ხელშეკრულების ვადის 2026 წელს დასრულებაზე ვესაუბრეთ.
ბოლო 20 წელი 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წლიურად [2025 წელს, მაგალითად, საქართველოს დაახლოებით 3 მლრდ კუბური მეტრი გაზი დასჭირდა], სპეციალურ ფასად [70-75 აშშ დოლარი 1000 კუბ. მეტრზე] ვიღებდით. აზერბაიჯანული წარმოშობის გაზზე ამ ხელშეკრულების ვადა იწურება, აზერბაიჯანს კი გაზის ბევრად ძვირად გაყიდვა შეუძლია ევროპაში.
„თუ რუსეთიდან შევიძენთ და შედარებით იაფად, გააჩნია, როგორ წავა გლობალურად გაზის საკითხები, ფასები და ასე შემდეგ. რუსეთი შეიძლება დათანხმდეს, ასე ვთქვათ, შედარებით იაფად მოცემაზე, თუმცა რუსეთი თუ იაფად რამეს გაძლევს, იმიტომ არ გაძლევს, რომ უყვარხარ, სამაგიეროდ რაღაცას იღებს და იმიტომ გაძლევს. რუსული გაზი, სავარაუდოდ, უფრო იაფია,“ – ამბობს ენერგეტიკოსი.
გარდა იმისა, რომ გაზის ტარიფიც გაიზრდება, ამ მოცემულობაში რამდენად იზრდება საფრთხე, რუსეთი კიდევ უფრო აქტიურად დაბრუნდეს საქართველოს ენერგეტიკაში? – „ბათუმელებმა“ ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო მურმან, 2026 წელს ვადა გასდის საერთაშორისო კონსორციუმთან 20 წლის წინ დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის საქართველოსთვის სპეციალურ ფასად [70-75 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე] მიწოდებას. რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები? რამდენად შესაძლებელია გაზი გაგვიძვირდეს?
ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები.
რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება გაგვიძვირდეს გაზი, მგონია, რომ აუცილებლად გაგვიძვირდება. ის პირობები, რაზეც მაშინ შედგა მოლაპარაკება, შესრულდა, ეს ხელშეკრულება დამთავრდა.
ძალიან მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას, რაც აქამდე გვქონდა. თუ ასეთი რამ მოხდა, ეს პირიქით, უფრო საგანგაშო შემთხვევა იქნება და იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ სადღაც დავთმეთ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ტყუილად არავინ არაფერს საერთაშორისო ურთიერთობებში არ ჩუქნის და უფასოდ არ აძლევს.
ამიტომაც, დროა, მიამიტური მოლოდინები გადავდოთ გვერდზე და პროფესიონალურად, კვალიფიციურად მივუდგეთ საქმეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც პასუხისმგებლობიანმა, საერთაშორისო მოთამაშემ.

მურმან მარგველაშვილი
- 20 წლის წინ როცა მივიღეთ დამატებითი გაზი – 500 მილიონი კუბური მეტრი სპეციალურ ფასად, გაითვალისწინეს ის, რომ ბაქო-თბილისი-ერზურუმის მილსადენის შემადგენელია საქართველო. დღეს იმავეს აღარ გაითვალისწინებენ?
მე მეპარება ეჭვი, რომ ისევ იყოს სპეციალური ფასი. თავის დროზე, როცა ეს მივიღეთ, ეს იყო დიდი კომპლექსი, სტრატეგიული გარღვევა და ყველას სჭირდებოდა.
აქ ორი კომპონენტია: ერთია ხელშეკრულება, რომელიც გრძელდება 2066 წლამდე და ეს, მეორე, დამთავრდა. არაკვალიფიციურობის მაჩვენებელია, როცა ვეპოტინებით რაღაც ქიმერებს. საერთაშორისო, კომერციულ და სტრატეგიულ ურთიერთობებში წამყვანი არის ინტერესები.
- გასაგებია, რომ ამჯერად გაზის საფასური დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებაზე აზერბაიჯანთან. რა იკვეთება ამ ეტაპზე, რამდენით შეიძლება გაგვიძვირდეს გაზის ტარიფი?
ტარიფი დამოკიდებულია იმაზე, ხარჯებს როგორ გადაანაწილებ. ამიტომაც, ტარიფს თავი დავანებოთ. თუ ჩვენ გვინდა იმავე რაოდენობით გაზი მოვიხმაროთ, მოგვიწევს მეტის გადახდა. ამისთვის 500 მილიონი უნდა გადავამრავლოთ 120 აშშ დოლარზე [1000 კუბ. მეტრი], გამოვა, რომ სავარაუდოდ, დაახლოებით 60-70 მილიონით მეტი გვექნება გადასახდელი გაზის იმავე მოცულობისთვის, რასაც მანამდე ვიღებდით.
თუ რუსეთიდან შევიძენთ და შედარებით იაფად, გააჩნია, როგორ წავა გლობალურად გაზის საკითხები, ფასები და ასე შემდეგ. რუსეთი შეიძლება დათანხმდეს, ასე ვთქვათ, შედარებით იაფად მოცემას, თუმცა რუსეთი თუ იაფად რამეს გაძლევს, იმიტომ არ გაძლევს, რომ უყვარხარ, სამაგიეროდ რაღაცას იღებს. რუსული გაზი სავარაუდოდ უფრო იაფია.
აზერბაიჯანს აქვს საშუალება და სურვილი, გაიტანოს თავისი გაზი ევროკავშირში, ბალკანეთის ქვეყნებთან აქვს თითქმის ყველასთან დადებული ხელშეკრულება და მისთვის იქ გატანა უფრო მომგებიანია, ვიდრე ჩვენთან დატოვება.
- ამ მოცემულობაში იზრდება საფრთხე, რომ რუსეთი კიდევ უფრო აქტიურად დაბრუნდეს საქართველოს ენერგეტიკაში და ისევ „გაზპრომზე“ დამოკიდებული გავხდეთ?
დიახ, ამის საშიშროება ნამდვილად არის.
როცა მეკითხებიან ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ ჩვენ ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების სათანადო მართვა არ გვაქვს. არავინ არ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე სათანადო, პროფესიონალური დონით. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი მუშაობა საფრთხეებისა და რისკების ანალიზზე. ეს ანალიზი უნდა აისახებოდეს გადაწყვეტილებებში.
არც ანალიტიკური მუშაობა მიმდინარეობს და არც იმ შედეგების ასახვა საბოლოო გადაწყვეტილებებში, რაც არის ყველაზე დიდი რისკი და საფრთხე ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
- აქვე მინდა გკითხოთ: იმპორტირებული გაზით საქართველოში ასევე იწარმოება ელექტროენერგია თბოსადგურებით, რომლის ძირითადი მომხმარებლები არიან მაინინგკომპანიებიც. ეს კომპანიები გათავისუფლებულნი არიან გადასახადებისგან და დენის ფულსაც დღგ-ს გარეშე იხდიან. ეს რას ნიშნავს, რა გამოდის?
მაინინგების მფლობელების გამდიდრების გარდა, არანაირი სტრატეგიული ამოცანა არ წყდება ქვეყნისთვის მაინინგით, რომ ასეთი გამონაკლისები დაუშვას სახელმწიფომ. ეს არც რაღაც სტრატეგიული პროდუქტი არაა და არც დასაქმება. შესაბამისად, რატომ უნდა იყოს თავისუფალი გადასახადებისგან — არ მესმის. თუ ვინმე ამიხსნის ამას, სიამოვნებით მოვუსმენ.
- ამ ეტაპზე რას ცდილობს, თქვენი დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა? თუ ჩანს მოლაპარაკების მცდელობები აზერბაიჯანთან, რომ ისევ რუსეთის ხელში არ აღმოვჩნდეთ?
ვერ ვხედავ მთავრობის გარშემო შესაბამის პროფესიულ კვალიფიკაციას, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებებს სათანადო დონეზე წარმართვის საშუალებას მისცემს.
- თუ აზერბაიჯანის ინტერესია გაზი ძვირად გაყიდოს ევროპაში, მით უმეტეს, სანქცირებული რუსეთის გათვალისწინებით, ობიექტურად, ჩვენ როგორ უნდა დავაინტერესოთ აზერბაიჯანი?
მხოლოდ ტერიტორიით ვაჭრობას არ უნდა დავყაბულდეთ. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრიობა, მგონია და შესაბამისი ხედვა უნდა გვქონდეს. ამას სჭირდება სათანადო პროფესიული რესურსი, მომზადება, ცოდნა. ენერგეტიკა არ არის ინჟინერია. ენერგეტიკა არის პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, გარემო, ინჟინერია, უსაფრთხოება… ყველაფერი ერთადაა.
მე ძალიან მეშინია და ეჭვი მეპარება, რომ მთავრობამ თვითონ არ იცის ეს. და რადგან არ იცის, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ სხვებმა, ვისაც ჰქვიათ პროფესიონალები და იმათმა უნდა თქვან ეს ხმამაღლა. მე ვამბობ იმას, რაც არის საჭირო. ასევე, გეუბნებით, რომ რაც საჭიროა ხდებოდეს, იმ პროცესებს ვერ ვხედავ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.



