მთავარი,სიახლეები

საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები

03.06.2019 •
საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები

სოფელი ზედა  ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში  მდებარეობს.  2012  წელს აქ  ეროვნული პარკი დაარსდა. რამდენიმე თვის წინ კი ის  ყურადღების  ცენტრში  ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის გამო მოექცა. მოსახლეობის მოსაზრებების, ინტერესებისა და პრობლემების მოსასმენად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 22 მაისს დისკუსია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგიდან“ მალხაზ რეხვიაშვილი და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე.  

მალხაზ რეხვიაშვილი, აჭარის ტელევიზია, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი:  მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავფაროთ ჩვენს რეგიონში არსებული სხვადასხვა ჯგუფის ინტერესი, ნებისმიერი თემა, თუნდაც ერთ ადამიანისთვის იყოს მნიშვნელოვანი ვაშუქებთ, გავდივართ რეგიონს გარეთაც, წყნორსა და ჭიათურაში ვიყავით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული პრობლემები მივიტანოთ ხელისუფლებამდე. წყნორში გვქონდა შემთხვევა, რომ ბიბლიოთეკა არ იყო აღჭურვილი კომპიუტერით, შშმ პირი მუშაობდა და არ იყო ადაპტირებული შენობა. დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა. ამავდროულად, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ ერთად ვახორციელებთ პროექტს „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა“, სადაც ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, თავად ჩაერთონ და გააკეთონ სიუჟეტები სხვადასხვა თემაზე. თუ არის თქვენს თემში ან სკოლაში ახალგაზრდა, რომელსაც სურს ჟურნალისტობა, მოგვწერეთ და ერთობლივად ვიმუშავებთ თემში არსებული პრობლემების გაშუქებაზე.

ნაზი ზოსიძე, „გაზეთი ბათუმელები“: ადრე „ბათუმელები“ გაზეთის  სახით გამოდიოდა, შემდეგ ჟურნალი გამოვუშვით, ახლა კი ონლაინგამოცემა გვაქვს.  netgazeti.ge ცენტრალურ ამბებს აშუქებს, ხოლო batumelebi.ge – რეგიონულს. მივდივართ ყველგან, სადაც ხალხს სჭირდება ჩვენი დახმარება, ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის  პრიორიტეტია ადამიანი, თავისი პრობლემებითა და  წარმატებებით.

მალხაზ რეხვიაშვილი, აჭარის ტელევიზია, გადაცემა „ჰეშთეგის“  წამყვანი: – ევროკავშირი აფინანსებს საქართველოს რეგიონებში სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად სხვადასხვა პროექტს. მაგალითად, არსებობს სათევზო მეურნეობა, ვიღაცას ხიზილალას დამზადება შუძლია, ვიღაცას მისი ტრანსპორტირება. ევროკავშირი იძლევა მცირე და საშუალო გრანტებს, რომ ამ ადამიანებმა კოოპერატივები შექმნან და ააწყონ ეს საქმიანობა. თუ დაინტერესდებით ამ თემით, შემიძლია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საკონტაქტო დაგიტოვოთ, რომელიც დაგაკვალიანებთ გრანტების მოძიებაში.

ლეილა  ჩხაიძე, ადგილობრივი მცხოვრები: პერსპექტივა და პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს, მწვანე ხეობა, ეროვნული პარკი – ამან უნდა მოგვცეს იმის საშუალება, რომ გავიუმჯობესოთ ეკონომიკური მხარე. მაგრამ არ გვაქვს თანხები, მცირემიწიანი ხეობაა, შესაბამისად ვერც მეურნეობაზე ვფიქრობთ. მაქვს იდეა, რომ გავაკეთო მარანი, მაგრამ მრჩება იდეად.  ერთადერთი ხელშეუხებელი ხეობა ვართ, რომელიც უნდა ვაქციოთ ტურისტულ ზონად. ეს კარგი იქნება ბათუმისთვისაც, რადგან ქალაქთან ახლოსაა. ძალიან ნიჭიერი ახლგაზრდები გვაყავს, საზღვარგარეთ სწავლობენ, ზოგი სხვადასხვა ქალაქში მუშაობს. დრო გავა და ეს ახალგაზრდები აქ დაბრუნდებიან, დაცლილ ხეობაში აბა ვინ მოვა? ისინი მოიფიქრებენ რაიმეს ჩვენი ხეობისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა ამ პერიოდში არის  ჰესები, რომლის გამოც ვერაფერს ვახერხებთ. პრემიერსაც მივწერეთ წერილი, ველოდებით რა მოხდება.

ლეილა  ჩხაიძე, ადგილობრივი მცხოვრები: ჩვენ კერძო ტრანსპორტი გვემსახურება და არა საზოგადოებრივი. დილას 8:30 საათზე გადის, ბოლოს ბათუმიდან 19:00 საათზე გამოდის. გვქონდა  შემთხვევა, 57 კაცი ვისხედით 16-კაციან მარშუტკაში.

მერაბ ნაგერვაძე, ადგილობრივი  მცხოვრები: სპეციალისტები ვერ ახერხებენ სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემის შესწავლას და მოგვარებას. გლეხი ყიდულობს წამალს და არ შველის, იმიტომ, რომ არ იცის, რა დაავადება აქვს მცენარეს, არც გამყიდველმა იცის. ამიტომ, გვჭირდება გადამზადებული სპეციალისტი.

გრიგალეტა კახიძე, ადგილობრივი მცხოვრები: სასწრაფო მანქანის პრობლემაა, დაგვიანებით მოდის, თუ წვიმს, ვერ ამოდის. ბავშვი წავიყვანე და არ მიხედეს, სანამ დაბადების მოწმობა და პასპორტი არ მივიტანე. ხომ შეიძლება შეღავათი ჰქონდეს სოციალურად დაუცველს? ბავშვთა კლინიკაში მყავდა, ყველაფერზე თანხას ითხოვდნენ. თავი მტკიოდა, შემიშვეს ექიმთან და არასწორი წამალი გამომიწერა, უფრო ცუდად გავხდი.

მალვინა  სირბილაძე, ადგილობრივი  მცხოვრები: ანზორ ქოქოლაძე აფინანსებდა ცეკვის წრეს სოფელში, ახლა აღარ ფინანსდება და მასწავლებლებიც აღარ მოდიან უფასოდ. გვჭირდება ცეკვის წრე და სპორტული აქტივობები. მშობელს კი არ აქვს თანხა, რომ მასწავლებელს გადაუხადოს.

დისკუსია ჩხუტუნეთში

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს სკოლის სტატუსის  შესახებ. სოფელში მოქმედ ორივე სკოლაში სულ 96 მოსწავლე სწავლობს. პირველ სკოლაში მეცხრე კლასის ჩათვლით  სწავლობენ, ხოლო მეორე სკოლაში 9-12 კლასის ჩათვლით. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ერთი სკოლის მეორესადმი დაქვემდებარების გამო ისინი ვერ სარგებლობენ სხვადასხვა რესურსით. იმ სკოლაში,  სადაც სწავლა მე-9 კლასამდე მიმდინარეობს, არ აქვთ ბიბლიოთეკა, მხოლოდ  მოძველებული წიგნადი ფონდი აქვთ და არც ერთი თანამედროვე ლიტერატურა. სკოლებს შორის დაშორება კი 4 კილომეტრია.

სოფელში არც საბავშვო ბაღია. იმისათვის, რომ 16 აღსაზრდელი სკოლამდელი  განათლების გარეშე არ დარჩეს, 9 კმ-ით დაშორებულ სოფელ ჩიქუნეთის საბავშვო ბაღში უნდა ატარონ. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, 2018 წლის ბოლომდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ბავშვების ტრანსპორტირება ხდებოდა, თუმცა მიმდინარე წლიდან გაუქმდა და ახლა მშობლებს 40 ლარის გადახდა უწევთ. ეს  თანხა მხოლოდ საწვავის ხარჯებს მოიცავს და არა მძღოლის ანაზღაურებას. მოსახლეობის სურვილია ტრანსპორტის გამოყოფა ან საბავშვო ბაღის  სოფელ ზედა ჩხუტუნეთში გახსნა, რადგან სოფელში სოციალურად დაუცველი ოჯახებიც ცხოვრობენ, რომელთაც ტრანსპორტირების საფასურის გადახდა არ შეუძლიათ. მათი მოსაზრებით, სოფელში შენობაც არის, სადაც ბაღის მოწყობა შეიძლება.

სოფლის მცხოვრებლებმა კიდევ რამდენიმე  პრობლემაზე  გაამახვილეს ყურადღება.  მათ  შორისაა  საზოგადოებრივი  ტრანსპორტის მომსახურება.  აქ სამარშრუტო  ტაქსი 3  სოფლის  მოსახლეობას ემსახურება, რის გამოც ხშირად იქმნება გადაადგილების პრობლემა.

ადგილობრივები იმაზეც წუხდნენ, რომ სოფელში  უკვე 12 სახლია დაკეტილი.

სხვა  სოფლების  მსგავსად, ამ სოფელშიც შეწუხებულები არიან ფაროსანას  შემოსევით.

დისკუსიის ვიდეოჩანაწერს უყურეთ აქ: https://www.facebook.com/media.org.ge/videos/2688983017839957/

 

 

________________

დისკუსია მომზადდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტისდემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: