„მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა. პროგრამაც და სახელმძღვანელოებიც დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე, სამწუხაროდ, არ იყო“- თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას.
სახელმძღვანელოებში არ იყო მოცემული ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები? ტყუის თუ არა კობახიძე ამ საკითხზე საუბრისას? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქეთევან გიორგაძეს.
„ამ ბოლო დროს, რაღაც ტენდენცია დამკვიდრდა თითქოს, რომ „ჩვენამდე არაფერი არ ყოფილა“. ამაზე მახსენდება ხოლმე – „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი განუვითარებელი?“ ბარემ თქვან, რამე რევოლუციურს თუ იწყებენ. ვიცოდეთ ესეც.
ქართული მწერლობა ყოველთვის ეფუძნებოდა როგორც ეროვნულ, ასევე დასავლურ ღირებულებებს.
ძალიან მომწონდა თამაზ ვასაძის წიგნი [20-25 წლის წინანდელი წიგნია], სადაც სწორედ ამ პარალელებზეა საუბარი. ვთქვათ, ქართული რომანტიზმი და მსოფლიო რომანტიზმი. მაგალითად, რეალიზმი როგორ არის წარმოჩენილი ევროპულ ლიტერატურაში, ქართულში ან რუსულში, თუნდაც.
ლიტერატურას ვინც აბარებს, იქ არის ასეთი პრინციპი, რომ ერთი ნაწარმოები არის ეროვნული, ქართული და მეორე, იმავე თემაზე დაწერილი, არის უცხოური. „ხევისბერი გოჩა“ ავიღოთ პირობითად და პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“. ეს პრინციპი ყოველთვის იყო დაცული.
რაც თავი მახსოვს, ყველა მთავრობას მოჰქონდა რაღაც თავისი და ყველა თვლიდა, რომ მათზე წინ არაფერი მომხდარა. თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, აქამდე ვინმეს ეთქვას, რომ სკოლაში არ ისწავლება ეროვნული ღირებულებებიო.
ილიას „აჩრდილი“ გვიდევს წინ – „ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას და მცნების ნათლით ზე- აღზიდულ, ამაღლებული ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას“ – გვიწერს.
„საზოგადო ცხოვრების დენა“ ნიშნავს, რომ უნდა მიაყურადო მოწინავე ევროპული ქვეყნების განვითარების მაჯისცემას და იმის მიხედვით განსაზღვრო, რა არის შენი ქვეყნისთვის მისაღები ან მიუღებელი. შენი ეროვნული ტრადიციებით, ღირებულებებით და ფასეულობებით შეუერთდე მოწინავე კაცობრიობას, დადგე ერად სხვათა შორის“- ამბობს ქეთევან გიორგაძე.
მისი აზრით, რაც არ უნდა ჩამორჩენილი იყოს ქვეყანა და შესაძლოა, რაღაც დროით გამოეთიშოს კიდეც საერთო მაჯისცემას, მწერლობა მაინც რჩება პროგრესისკენ მიმავალ გზაზე.
„მწერლობა ყოველთვის ნიშნავს ძიებას, პროგრესს, წინსვლას და მეტ-ნაკლებად ეს იყო გათვალისწინებული თითქმის ყველა სახელმძღვანელოში. შეიძლება რაღაც დალაგება, ქრონოლოგია, თემატიკა იყოს სადავო, მაგრამ ღირებულებების საკითხი სადაო არ გამხდარა, რადგან მიმაჩნია, რომ მოწინავე კაცობრიობას საერთო ღირებულებები აქვს და თითქმის ყველა სახელმძღვანელოში იყო ამაზე ყურადღება გამახვილებული“ – ამბობს ქეთევან გიორგაძე.
მაშინ, რა ღირებულებებზე საუბრობს კობახიძე? რას სთავაზობს სკოლას ისეთს, რაც არ შეუთავაზებია ილიას, აკაკის, ვაჟას ან რუსთაველს – ვკითხეთ მასწავლებელს.
ქეთევან გიორგაძის თქმით, თუ ილიას ენით ვიტყვით, ეს საერთო ეროვნული ღირებულებაა – „მამული, ენა, სარწმუნოება“, ღირსება, მეგობრობა, სიყვარული, თავგანწირვა.
„ნებისმიერი რაც, რაც ადამიანს ადამიანად ხდის, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. ამ ღირებულებებზე ყოველთვის იყო ყურადღება გამახვილებული.
მე საბჭოთა სკოლაშიც ვმუშაობდი და საბჭოთა სისტემაც კი, საბოლოოდ, ამ საერთო ღირებულებებზე ამახვილებდა ბოლოს ყურადღებას. მიხვდნენ, რომ განვითარდება ვერ მოხდება კაცობრიობისგან იზოლირებულად.
ერთ-ერთი მთავარი ღირებულება თავისუფლებაა, რომელიც უმთავრესი თემაა ქართული მწერლობის და თუ ეს – თავისუფლებისთვის ბრძოლა ითვლება მიუღებელ ღირებულებად და ვინც დროშას დაიჭერს ხელში, ის უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო დამნაშავედ? – არ ვიცი.
ღირებულებებზე რომ ლაპარაკობენ, ბოლოს და ბოლოს გაიხსენონ 9 აპრილი – ვინ იდგა იქ? საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა იმ ღირებულებაზე ჩამოყალიბდა, რასაც ჰქვია თავისუფლება. ვინ იყვნენ 9 აპრილის მებრძოლები? უმეტესობა იყო ძალიან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებმაც არ დათმეს ის, რისი დათმობაც არ შეიძლებოდა“- ამბობს ქეთევან გიორგაძე.
მისი თქმით, პატრიოტიზმი პარტიული დევიზებით და მოწოდებებით არ ისწავლება.
„რას ველოდები სექტემბერში სკოლაში? – არაფერს. მთელი უბედურება ის არის, რომ რაღაცის მოლოდინი გაქრა, რადგან იმდენმა რამემ მიიღო დამახინჯებული და არარეალური სახე, რომ საზოგადოებამ გაოგნებაც ვერ მოასწრო.
ხანდახან მგონია, რომ სხვა ქვეყანაში ხდება ეს, რაც ხდება.
აკაკი ბაქრაძეს აქვს შესანიშნავი ანალიზი, – ლუარსაბ მეფემ ერთი წელი იმეფა და სვიმონმა 25 წელი. ამ 25 წლის განმავლობაში ქართლში გაბატონდა „სმა-ჭამა ყიზილბაშური, ქცევა ყიზილბაშური“. გადავგვარდით იმ 25 წლის განმავლობაშიო და თუ ერმა ეროვნული ღირებულებები ან თუნდაც საერთო ადამიანური ღირებულებები დაკარგა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერს.
დღეს ხალხი დაბნეული და შეშინებულია უპერსპექტივობით. პირადად მეც კი ვეღარ ვხედავ პერსპექტივას. რატომ უნდა ვუთხრა შვილს, რომ სადღაც, საზღვარგარეთ წადი, იცხოვრე და იმუშავე, მაშინ როცა, მინდა რომ აქ იყოს, თავის სამშობლოში და აქ იპოვოს თავისი საყრდენი.
ნეტავ დავინახავდე რაღაც ღირებულს ამათ გადაწყვეტილებებში, მაგრამ ვერ ვხედავ. მასწავლებელი ის ფიგურაა, რომელსაც ნამდვილად მოეთხოვება სახელმწიფოებრივი აზროვნება“- გვითხრა ქეთევან გიორგაძემ.






