მთავარი,სიახლეები

„ჩვენ შევქმენით ბიოხელოვნური პანკრეასი“ – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის ქართველ პროფესორთან

14.05.2026
„ჩვენ შევქმენით ბიოხელოვნური პანკრეასი“ – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის ქართველ პროფესორთან

„20 წელია დიაბეტზე ვმუშაობ და მინდა, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნეი, რომლის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამეცნიერო ჯგუფმა ბიოხელოვნური პანკრეასის შექმნაზე მუშაობა დაასრულა. პროექტს 8 მილიონი ევროთი ევროკავშირი აფინანსებს.

როგორ მიაღწიეს მეცნიერებმა ამ შედეგს და რას შეცვლის მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში ბიოხელოვნური პანკრეასი, თუკი ახალი აღმოჩენა ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობაში საბოლოოდ დაინერგება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ქართველ მეცნიერს.

  • ქალბატონო ეკატერინე, ის მიღწევები, რაც თქვენს სამეცნიერო ჯგუფს აქვს დიაბეტის მკურნალობაში, ბევრი ადამიანისთვის გახდება იმედისმომცემი. მოგვიყევით ამ ახალ აღმოჩენაზე, როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს და რა დრო დასჭირდება ამ აღმოჩენის საბოლოოდ დანერგვას?

პანკრეასი არის ორგანო, რომელიც მონაწილეობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ასრულებს ენდოკრინულ ფუნქციას, გამოყოფს ინსულინს და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

როცა ტიპი 1 დიაბეტი აქვთ ადამიანებს, ინსულინი აღარ გამომუშავდება პანკრეასში და შაქრის დონე სულ მაღალია. მაღალი შაქარი კი აზიანებს ორგანოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და აქედან გამომდინარე, პაციენტებმა ინსულინი უნდა იკეთონ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ჩვენ შევქმენით მინიკონსტრუქცია, ანუ ბიოხელოვნური პანკრეასი, რომელიც თავის თავში მოიცავს იმ უჯრედებს, რომლებიც ინსულინს გამოყოფენ და ამ კონსტრუქციას გადავუნერგავთ ადამიანებს.

კვლევის პროცესში ჩვენ ეს კონსტრუქცია გადავუნერგეთ პატარა თაგვებს, რომლებსაც ჰქონდათ დიაბეტი და მოვარჩინეთ დიაბეტისგან.

მომავლისთვის ველით იმას, რომ ეს მინიორგანო შეითავსებს ადამიანის დაზიანებული ორგანოს ფუნქციას, თავის თავზე აიღებს ინსულინის გამოყოფას შაქრის მატების საპასუხოდ და პაციენტებს აღარ დასჭირდებათ ინსულინის ინექციები.

  • ანუ დაზიანებული პანკრეასის ადგილს დაიკავებს ეს ახალი ორგანო?

პანკრეასი დარჩება, მას ხელს არავინ ახლებს, ჩვენ ჩავუნერგავთ პატარა კონსტრუქციას პაციენტებს, რომელიც მიღებული იქნება ორგანოების ბიოინჟინერიით და ამ გზით მიღებული ეს მინი ორგანო შეასრულებს ენდოკრინული პანკრეასის ფუნქციას.

  • რამდენი ხანია რაც ამ სიახლეზე მუშაობს თქვენი სამეცნიერო ჯგუფი და რა პროცესების გავლა მოგიწევთ იქამდე, სანამ ეს პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი?

დღეისთვის ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მივაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ადამიანებს არ მივცეთ ფუჭი იმედები და ნაადრევი დასკვნები არ გავაკეთოთ.

ახლა, ამ ეტაპზე, პატარა თაგვები გვყავს მორჩენილი, თუმცა ეს არის ძალიან დიდი მიღწევა დიაბეტის დამარცხებაში, მაგრამ აუცილებელია ამ მეთოდის გადაყვანა მოზრდილ წონაზე. ადამიანი ხომ არ არის 25 გრამი, 60-70 კილოგრამია საშუალოდ, ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზომებში ეს კონსტრუქცია და მეორე ნაწილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია – კარგად უნდა შევისწავლოთ უსაფრთხოება.

შემდეგ უნდა მივიღოთ სპეციალური მარეგულირებლის ავტორიზაცია ევროპაში. როცა რაიმე ახალი წამალი ამ მეთოდი მუშავდება, ლაბორატორიიდან სანამ პაციენტებამდე მივა, ამას სჭირდება კლინიკური კვლევები. პირველი, მეორე, მესამე ფაზა და ამ ფაზებს სჭირდება თანხები, კვლევა და დრო.

ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, ამას გავაკეთებთ ხუთ წელიწადში. ის, რაც სამეცნიერო ნაწილს ეხება VANGUARD-ის პროექტზე, რომელშიც მსოფლიოს 6 წამყვანი უნივერსიტეტის სპეციალისტები მონაწილეობენ და რომელმაც ეს მინიორგანო შეიმუშავა, ხუთ-ნახევარი წელი გაგრძელდა, ამ დროში ჩვენ მივაღწიეთ კარგ შედეგს და კმაყოფილი ვართ.

ძალიან ბევრი რამ ჩვენზე, მეცნიერებზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მარეგულირებელ სააგენტოებზე, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მივიღებთ დაფინანსებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ახლა.

  • ყოველ შემთხვევაში, იმედი, რომ დიაბეტი დამარცხდება, არსებობს?

იმედი კი არ გაჩნდა, ჩვენ შედეგი გვაქვს და ამ შედეგის გადატანაა საჭირო ლაბორატორიიდან კლინიკურ გამოყენებამდე. ამ გზის დასაწყისში ვართ.

  • როდესაც ასეთი მიღწევა ჩნდება ჯანდაცვაში, როგორ მუშაობს სისტემა, ვთქვათ, ევროპაში, დაფინანსების მოპოვება მაინც რთულია, თუ უწყობენ ხელს მეცნიერებს?

აქ თუ რაიმე დროში იწელება, მხოლოდ იმიტომ, რომ ზრუნავენ პაციენტის უსაფრთხოებაზე. ახლა უნდა გაკეთდეს იმ კონსტრუქციის პროტოტიპი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ოღონდ აბსოლუტურად გაკონტროლებულ პირობებში.

აქ ჰაერის სისუფთავესაც აკონტროლებენ, ჰაერში არ უნდა იყოს ერთი მტვრის ნაწილაკიც კი, რომელმაც შესაძლოა პოტენციურად რაიმე გავლენა იქონიოს პაციენტზე ან კონსტრუქციაზე.

ის, რაც ინერგება ადამიანში, აბსოლუტურად კონტროლირებად გარემოში უნდა იყოს შექმნილი, ყველა რეაგენტი უნდა იყოს გაკონტროლებული, უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის, რა რისგან არის შექმნილი, რამდენად სერტიფიცირებულია და ასე შემდეგ. ძალიან შრომატევადია ეს პროცესი და ამ ამოცანის სათავეში ვართ ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გზას გავივლით.

  • როდესაც რაიმე ახალ მოღწევაზეა მედიცინაში საუბარი, იქნება ეს მედიკამენტი თუ რაიმე მეთოდი, ხშირად, ნაკლებად ხელმისაწვდომია რიგითი ადამიანებისთვის. თქვენი პროგნოზი როგორია, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ახალი პანკრეასი ყველა პაციენტისთვის? 

არაერთი სტატია მაქვს ამაზე გამოქვეყნებული და ჩემი ინტერესის ერთ-ერთი სფეროა, რომ მეთოდი, რომელიც იქმნება მკურნალობისთვის, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და მხოლოდ ელიტებისთვის არ უნდა იყოს განკუთვნილი.

არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის, რა შემთხვევასაც წავაწყდით, მაგალითად, კოვიდპანდემიის დროს, როცა თავიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის და არა ყველასთვის. არ ვარგა ასეთი რამ.

ჯანდაცვა უნდა იყოს უნივერსალური და ნებისმიერ ადამიანს – მდიდარია ის თუ ღარიბი, ერთნაირად უნდა ჰქონდეს წვდომა წამალსა და მკურნალობაზე.

ჩვენი მთავარი მიზანია, ეს ახალი აღმოჩენა დიაბეტის მკურნალობაზე იყოს იმდენად იაფი, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ შეძლოს მისი შეძენა. როდესაც ინერგება მეთოდი, შემდეგ სახელმწიფო იღებს თავის თავზე მისი შესყიდვის პასუხისმგებლობას, პაციენტის სადარდებელი არ უნდა იყოს ეს საკითხი.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის მკურნალობა და ჯანდაცვა.

  • თუმცა, არადემოკრატიულ ქვეყნებში ნაკლებად ზრუნავენ ადამიანების ჯანმრთელობაზე. იცით ალბათ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ღამეებს ათენებენ თბილისში კანცელარიასთან, თუმცა სახელმწიფო უარს ეუბნება ბავშვებს წამალზე.

ასეთ შემთხვევაში წამლის ფასსაც არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა, თუმცა მკურნალობას ისეთი ფასი უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენნაირი ქვეყანა უნდა შესწვდეს. ჩვენს შემთხვევაში მილიონებზე არ უნდა იყოს საუბარი. მილიონებს ევროპაშიც კი ვერ გადაიხდიან. რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს.

  • რამდენ ადამიანს აქვს ტიპი 1 დიაბეტი მსოფლიოში?

9 მილიონზე მეტ ადამიანს და ძალიან სწრაფად იზრდება ეს რიცხვი ყოველწლიურად. მარტო ევროპაში 2,2 მილიონია. საქართველოს სტატისტიკა ჩემთვის არის რაღაც ენიგმა, რადგან არავინ აქვეყნებს სტატისტიკას.

ვიცი, რომ 1500 ბავშვია ამ ტიპის დიაბეტის მქონე და ესეც იმიტომ ვიცი, რომ ერთი პერიოდი ბავშვებს არ ჰქონდათ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის აპარატები და ამაზე იყო ერთი ამბავი.

  • ბიოხელოვნური პანკრეასის ჩასმა ერთხელ მოხდება ადამიანის ორგანიზმში, თუ შეიძლება დასჭირდეს, ვთქვათ, გამოცვლაც? თუ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი?

ამას ვერ გეტყვით, დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით, ახლა რაც გადავნერგეთ თაგვებში, კარგად მუშაობს და შეცვლა არ გვჭირდება, მაგრამ კლინიკური კვლევები რას გვიჩვენებს, ამის თქმა ნაადრევია.

  • თაგვების შემდეგ რომელი ეტაპი მოდის, რადგან თქვენ თქვით, რომ უნდა გაზარდოთ კონსტრუქციის მოცულობა?

წესით, ახლა უკვე ლაბორატორიაში უნდა დავიწყოთ ცოტა დიდი ზომის პროტოტიპების შექმნა და იმედი მაქვს, რომ ღორებზე შევძლებთ ამის გაკეთებას. უკვე გვინდა კლინიკური კვლევების დაშვებაც.

როდესაც რაღასაც ვნერგავთ ადამიანის ორგანიზმში, ვიცით, რომ იქ არის იმუნური სისტემა, რომელიც იშორებს ყველანაირ უცხოს, ამიტომ ორგანიზმმა რომ არ მოიცილოს ეს უცხო [კონსტრუქცია], უნდა დავუთრგუნოთ ადამიანს იმუნური სისტემა, რაც იწვევს გვერდით მოვლენებს.

ამიტომაც გვაქვს ასეთი ამოცანა ახლა, რომ ისე გავაუმჯობესოთ კონსტრუქცია, რომ აღარ დაგვჭირდეს იმუნური სისტემის დათრგუნვა პაციენტებში და ეს თუ მოვახერხეთ, მაშინ ნებისმიერ პაციენტს გამოადგება, ვისაც ტიპი 1 დიაბეტი აქვს.

  • თქვენ გარდა კიდევ რამდენი ადამიანი მუშაობდა ამ კვლევაზე?

VANGUARD-ის პროექტია და ვიმუშავეთ ნახევარი წელიწადი, კონსორციუმი შედგებოდა 6 პარტნიორისგან და ჩვენ გარდა სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული: იმუნოლოგები, დიაბეტოლოგები, გენური ინჟინერიის სპეციალისტები, ასევე ეთიკის სპეციალისტები, რადგან ესეც მნიშვნელოვანია. საკმაოდ სოლიდური ჯგუფი იყო, ევროპის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები გავერთიანდით ერთი პრობლემის ირგვლივ.

კვლევა მიმდინარეობს ჟენევაში და მას ევროკავშირი აფინანსებს.

  • დიდი ხანია რაც ევროპაში მუშაობთ?

საქართველოში ვმუშაობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ გადავედი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და დღემდე ილიას უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ, ჩამოვდივარ ხოლმე და ლექციებსაც ვკითხულობ.

  • ილიას უნივერსიტეტში რაც ახლა ხდება, „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის ფარგლებში, ამაზე რას ფიქრობთ? უნივერსიტეტის რექტორატისგან გვესმოდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი უხეში ჩარევები დაანგრევს მეცნიერებას და ზოგადად, განათლების სისტემას, თქვენ თუ ეთანხმებით ამ შეფასებას?

ძალიან ნეგატიურად ვუყურებ ამ ყველაფერს, ცხადია, და რაზეც უნივერსიტეტის რექტორი საუბრობდა, ყველაფერზე ვაწერ ხელს და ვეთანხმები იმაში, რომ ილიაუნის ასეთი ნგრევა იქნება ძალიან დიდი დანაკარგი საქართველოსთვის.

ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია კავკასიის რეგიონში. სამეცნიერო პოტენციალი, რაც ამ უნივერსიტეტშია და რასაც რუდუნებით აკოწიწებდნენ ამდენი წლის განმავლობაში, ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ დაანგრიონ და როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს.

ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადზე ცხადი უნდა იყოს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

  • თქვენ თქვით, რომ ევროკავშირმა დააფინანსა თქვენი კვლევა. საქართველოში ძალიან ცოტა ფული იდება ხოლმე მეცნიერებაში და რაც იყო, ისიც უცხოური დონორების დაფინანსებით კეთდებოდა. ახლა, როცა უცხოური დაფინანსება ფაქტობრივად შეზღუდა და აკრძალა „ოცნებამ“, რა დაემართება სამეცნიერო კვლევებს საქართველოში, თუკი დიდხანს გაგრძელდება იზოლაცია ევროპასთან?

ჩამორჩება საქართველო ყველაფერს და არანაირ რადარზე აღარ იქნება. დასანანია უბრალოდ.

საქართველოს ბაქტერიოფაგი და ფაგები, აშშ-ში და ევროპაშიც ძალიან ცნობილია, ქართველ მეცნიერებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ განვითარდნენ და იმის მაგივრად, რომ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება და კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამეცნიერო კვლევები, ვანგრევთ.

  • როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ დარჩენილიყავით, შეძლებდით იმ მიზნის მიღწევას, რასაც ჟენევაში მიაღწიეთ, როგორც მეცნიერმა?

არა მგონია, რადგან ეს პროექტი დაფინანსებული იყო 8 მილიონი ევროთი. საქართველოში ამხელა თანხას არავინ მოგვცემდა კვლევისთვის. ამიტომ ჩვენ კი არ უნდა დავანგრიოთ და გავანადგუროთ ის ინფრასტრუქტურა, რაც ახლა გვაქვს, ამას უნდა დავაშენოთ.

არ შეიძლება გქონდეს ევროპისგან კეთილდღეობა, მაგრამ იზიარებდე რუსულ ღირებულებებსაც. არ გამოდის ასე, არანაირად, შეუთავსებელია ეს ერთმანეთთან.

ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რა გვსურს, საით მივდივართ. თუ გადავწყვეტთ, რომ რუსეთში მივდივართ, ისიც უნდა გავიაზროთ, იქ რა გველოდება, რადგან წარსულში გვქონდა უკვე ამის გამოცდილება.

ძალიან ბევრი კარგი მეცნიერია საქართველოში, რომელიც ვერ ახერხებს დღეს დაფინანსების მიღებას, ამიტომ არის ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი, რომ ეს სიკეთეები ჩვენმა ქვეყანამაც მიიღოს.

20 წელია დიაბეტზე ვმუშაობ და მინდა, რომ ეს დაავადება დავამარცხოთ. თუ ამ დაავადებას დავამარცხებ, მაშინ ვიტყვი, რომ ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო.

_______________

ფოტო: შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი – snf.ch

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: