მთავარი,სიახლეები

როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში

15.07.2020 • 4587
როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში

დღეს, 15 ივლისს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

პარკის დათვალიერება უფასოა და ღია იქნება დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ორშაბათის და ხუთშაბათის გარდა. პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 ჰექტარზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადატანილი ენდემური ჯიშის ხეებია დარგული. კოლექციაში 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი, მათ შორის კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და სხვა. დენდროლოგიურ პარკში გაშენებულია ბამბუკის ტყეც.

იმისთვის, რომ ვიზიტორმა მცენარის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, ყველა ხესთან სპეციალური ბანერებია განთავსებული. პარკში არსებული ზოგიერთი ხის ასაკი 300 წელს აღემატება.

დენდროლოგიური პარკი ფოტო: “ქართული ოცნების” ფეისბუქ გვერდიდან

როგორ აშენდა დენდროლოგიური პარკი

2016 წლის მარტში, ციხისძირში, მე-13 ქუჩის სიახლოვეს სარკინიგზო ლიანდაგთან ახლოს მდგარი ტიტა მიწიანად ამოიღეს, ბარჟაზე დადეს და შეკვეთილში ზღვით წაიღეს. ასე დაიწყეს გიგანტურმა ხეებმა დასავლეთ საქართველოდან მოგზაურობა ზღვით, ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისკენ.

იმ ადგილას, სადაც ტიტას ხე იდგა, ციხისძირში მცხოვრებ ართმელაძეების ოჯახს არენდით აღებულ მიწაზე, პატარა მანდარინის ბაღი და ბაღჩა ჰქონდათ. ხის გადატანის გამო, მათი ბაღი განადგურდა. ხის გადატანიდან სამი წლის შემდეგაც, 2019 წლის აპრილში, ოჯახს კომპენსაცია არ ჰქონდა მიღებული.

ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, დაპირება, რომ მოთხრილი ხეების ადგილს თავდაპირველი იერსახით აღადგენდნენ, არ შეასრულეს. სანახევროდაა გაკეთებული პარკი, რომელიც ტიტას წაღების ნაცვლად გაკეთდა მე-13 ქუჩაზე.

აჭარის რეგიონში მინიმუმ 13 ადგილია, სადაც ხეები ამოიღეს და ზღვით წაიღეს ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. ხეების გადატანის პროცესში მუდმივად ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ ორ წელზე მეტი გავიდა, არცერთი ადგილი, საიდანაც ხეები მოთხარეს, სრულყოფილად აღდგენილი არაა.

წასაღებად გამზადებული ჭადარი სოფელ ქარიატაში. 2020 წლის აპრილი

ერთ-ერთი ბოლო ხე ივანიშვილმა შეკვეთილში სამეგრელოდან წაიღო. ხის გადატანის სამუშაოები 2020 წლის მარტში, იმ დროს სრულდებოდა, როცა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძოდა. სოფელ ქარიატაში ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 6 გიგანტური ჭადარი ამოიღეს მიწიანად. სოფლიდან მდინარე ხობისწყლამდე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე, გზა გაიყვანეს და მდინარის კალაპოტი ჩაჭრეს. ხობისწყალზე მოაწყეს სატვირთო მისადგომი შიდასამდინარო გზით ტვირთის გადასაზიდად. ტვირთი ამ შემთხვევაში ბარჟაზე მდგარი ასწლოვანი ჭადრები იყო.

ჩვეულებრივ კომპანიამ ან ფიზიკურმა პირმა, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები რომ აწარმოოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა მიმართოს. პროცედურულად, ჯერ ტერიტორიის სკრინინგი უნდა მოითხოვოს. სკრინინგის ჩატარების შემდეგ, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა კონკრეტულ სამუშაოებს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

„ბათუმელებმა“ მიმდინარე წლის მაისში გამოითხოვა ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. გვაინტერესებდა, თუ მიმართეს სამინისტროს სკრინინგის გადაწყვეტილების მისაღებად.

„აღნიშნულ საქმიანობაზე სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტროსთვის არ მოუმართავთ,“ – მოგვწერეს ჩვენი კითხვის პასუხად სამინისტროდან. ეს ნიშნავს, რომ მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც ჭადრების გადატანისთვის გასწია ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, უკანონო იყო.

სატვირთო მისადგომი შიდასამდინარო გზით ტვირთის გადასაზიდად მდინარე ხობისწყალზე

იცავდნენ თუ არა კანონს კომპანიები, როდესაც ივანიშვილის ხეები მიჰქონდათ

ცალსახად შეიძლება თქმა, რომ 2015 წლიდან დღემდე, არაერთი კანონი დაირღვა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ.

ხეების გადატანის პროცესი სამართლებრივად თავიდანვე ბუნდოვნად დაიწყო. 2015 წლის 31 დეკემბერს გიგანტური ხეების გადატანის ნებართვას პირველად ხელი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მოაწერა. აჭარის მთავრობამ იმ პერიოდში განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნებართვის გაცემას მოსახლეობის საკეთილდღეოდ დაგეგმილი მასშტაბური პროექტის განხორციელებით ხსნიდა.

2018 წლის იანვარში, ჩაქვში, უმაღლესი საბჭოსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კომპანია „ატუმ“ ცრუ ქაფურის, წაბლისა და ფიჭვის ხეები მოჭრა. ეს ხეები კომპანიას ხელს უშლიდა იმ ქაფურის ხეების გადატანაში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიური პარკისთვის მოეწონა.

6 ძირი ქაფურის ხის მოთხრა გადასატანად 2018 წლის 11 იანვარს უკვე დაწყებული იყო, როცა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობიდან გამოითხოვა დოკუმენტები, თუ რის საფუძველზე ტარდებოდა სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ კომპანია „ატუს“ აჭარის მთავრობამ ნებართვა სხვა ხეების მოჭრა-დასაწყობებაზე მისცა, ხეების მოთხრის და გატანის ნებართვა კი კომპანიას არ ჰქონდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხეების პირდაპირი მიყიდვით გასხვისებაზე ბრძანება 2018 წლის 18 იანვარს გამოსცა, ანუ მას შემდეგ, როცა საკითხით მედია დაინტერესდა, ხეები კი გადასატანად გამზადებული იყო.

2018 წლის მარტში ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს. მიზეზი ის ევკალიპტი გახდა, რომელსაც ამ გზაზე უნდა გაევლო და რომლის გატარებასაც ქარსაცავი ზოლი ხელს უშლიდა.

ასრულებდნენ თუ არა ვალდებულებებს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები

საქართველოში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის თანახმად [ჯამში ხუთი კანონი], კომპანიები, რომლებიც ხეებს ეზიდებოდნენ, ვალდებული იყვნენ, ხეების ამოღების შედეგად გადათხრილი ტერიტორია – წარმოქმნილი ქვაბულები აღედგინათ. ამასთან, ხეების ამოღების შემდეგ ნიადაგის, მიწის ნაყოფიერი ფენა ნადგურდებოდა. ყველაზე თვალსაჩინოდ, ხეების ამოღების შედეგი, ციხისძირის უღელტეხილზე ჩანს, საიდანაც ივანიშვილის დენდრო პარკში რამდენიმე ხე წაიღეს. ტერიტორია დღემდე განადგურებული და გადათხრილია. მხოლოდ გზის მხარეს არის დარგული ოცამდე ნერგი, რომელიც სპეციალური დამბებითაა დამაგრებული.

ნახეთ რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, საიდანაც ივანიშვილმა აჭარიდან ხეები წაიღო.

ხის გადატანა ბათუმიდან ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

რა პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესი

[checklist]

  • 2017 წელს, ქობულეთიდან შეკვეთილში ევკალიპტი წაიღეს. იმის გამო, რომ ევკალიპტს გზაზე გაეტარებინათ, ქობულეთის ცენტრში ახლადმოწყობილი წრიული მოშალეს, მოგვიანებით კი აღადგინეს.
  • 2017 წელს მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს ტიტას ხემდე მისასვლელად, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიურ პარკში უნდოდა წაეღო.
  • ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქარსაცავი ზოლი მხოლოდ იმიტომ გაჩეხეს, რომ ხე, რომელიც ივანიშვილს გადაჰქონდა, ქარსაფარი ზოლის გამო გზაზე ვერ ეტეოდა.
  • 2019 წლის მარტში, ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე ქობულეთში, სოფელ ზენითში, გზაში გაიჭედა. ამის გამო რამდენიმე საათით ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილი იყო, სოფელს კი 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
  • გიგანტური ხეების გადასატანად, სოფლების ალამბარი-ზენითის დამაკავშირებელ გზაზე ათეულობით ხე გაჩეხეს, რადგან პარკში გადასატანი ხეები მოცულობით დიდი იყო და საავტომობილო გზაზე ვერ ეტეოდა.
  • სოფელ ზენითიდან ხეების გადატანის შემდეგ, დაზიანდა ახლადდაგებული ცენტრალური საავტომობილო გზა. გზის დასაგებად აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ხეს ლიანდაგი უნდა გადაეკვეთა, იხსნებოდა სარკინიგზო ხაზები.
  • ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე სოფლიდან ხე მიჰქონდათ, სოფლის მოსახლეობას უწყდებოდა ელექტორენერგიის მიწოდება და ფერხდებოდა საავტომობილო მიმოსვლა.

[/checklist]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: