მთავარი,სიახლეები

როგორ დაეხმარა „დემოკრატიის ინსტიტუტი” 100 ათასამდე მოქალაქეს 19 წლის განმავლობაში

06.03.2023 • 1071
როგორ დაეხმარა „დემოკრატიის ინსტიტუტი” 100 ათასამდე მოქალაქეს 19 წლის განმავლობაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2004 წლიდან მუშაობს დასავლეთ საქართველოში და 19 წლის განმავლობაში საქართველოს 100 ათასზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა სტარტაპის, ბიზნესის, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სარეაბილიტაციო თუ სხვა მიმართულების პროგრამებით.

უკვე დასრულებულ პროგრამებს შორისაა: ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია, ახალი შესაძლებლობები აჭარაში ახალგაზრდა დედებისთვის, ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის პროექტი, ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს, მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ცენტრის ჩამოყალიბება და სხვა მრავალი.

ე.წ. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც განხილვის პროცესშია, „დემოკრატიის ინსტიტუტიც“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების მსგავსად უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს, რადგან მისი დაფინანსების ძირითადი წყარო დასავლეთია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის, „ოცნებისგან“ ახლახან გამოყოფილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო და მედიასექტორის შეზღუდვაა, რადგან სწორედ ისინი გამოირჩევიან კრიტიკულობითა და აქტიურობით.

„აგენტის იარლიყით სურთ არასამთავრობო სექტორისა და მედიის მარგინალიზება, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის, გვერდით უდგანან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის მისაღწევად.

ხელისუფლებას სურს, არ იყოს მისაღები საზოგადოებისთვის არასამთავრობო სექტორი. სურთ გვაქციონ საზოგადოებისგან მოკვეთილ ნაწილად, უცხოური გავლენის აგენტი სწორედ ამას ნიშნავს. ეს სიტყვა ჯაშუშთან და ქვეყნის მტერთან ასოცირდება.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ გარდა იმისა, რომ ცალკეული ადამიანების და ჯგუფების ინტერესებს იცავს, ახორციელებს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ პროექტებს, რაც სწორედ დასავლეთის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.

მხოლოდ ბოლო პერიოდზე რომ ვისაუბრო, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში ახორციელებდა სოფლის განვითარების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მილიონი ევრო გავეცით ბიზნესინიციატივების მხარდასაჭერად.

ქედის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მცხოვრები გეტყვით, რა კეთდება მათ მხარეში დასავლური დაფინანსებით და როგორ ცვლის მათ ცხოვრებას ეს მხარდაჭერა, როგორ განვითარდა იქ ტურიზმი, ბიზნესი და სოფლის მეურნეობა. ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ცხადია, აქვთ პროტესტი და კრიტიკული დამოკიდებულება კანონპროექტის მიმართ, რომელიც ახლა განიხილება.

კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში მიზანი კრიტიკული, თავისუფალი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩახშობაა,“ – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მუშაობს აჭარაში, თუმცა აფართოებს რიგ პროგრამებს დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. გუნდის საქმიანობა ეფუძნება უმთავრეს ფასეულობებს, თავისუფლებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, თანასწორობას კანონის წინაშე, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

ორგანიზაციის მუშაობის სამი ძირითადი, სტრატეგიული მიმართულებაა: სხვადასხვა მარგინალური და უფლებადარღვეული სამიზნე ჯგუფების იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა, კარგი მმართველობის განვითარების მხარდაჭერა და სხვადასხვა ჯგუფის სამოქალაქო ინტერესების დაცვა.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეხმარება ადამიანებს კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაციაში, იცავს სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის ინტერესებს, იკვლევს და ხელს უწყობს კარგი მმართველობის პრაქტიკას საჯარო დაწესებულებებში.

ორგანიზაცია ლობირებს დემოკრატიული მმართველობის გაღრმავებაზე მიმართულ საკითხებს წარმომადგენლობით, მმართველობის ორგანოებში.

განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, რომლის ფარგლებშიც:

  • ამოქმედდა სოციალური საწარმოები და დასაქმდნენ ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები
  • დაფინანსდა ბენეფიციარების სტაჟირება
  • დასაქმდნენ ბენეფიციარები მცირე ბიზნესის ჩამოყალიბება-გაძლიერების გზით
  • ამუშავდა ყოფილ პატიმართა განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები
  • გაუმჯობესდა ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • იურიდიული დახმარება გაეწია ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახებსა და პრობაციონერებს.

პანდემიის დროს ორგანიზაციამ სტარტაპერები დააფინანსა. მარი ხინკილაძემ, მაგალითად, იზოლაციისა და ჩაკეტილობის პერიოდში დაიწყო აქსესუარების დამზადება და ქალის ტანსაცმლის საყელოების კერვა. მერე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ გვერდზე სოციალურ ქსელში განცხადებას წააწყდა სტარტაპების დაფინანსების შესახებ. გაგზავნა ბიზნესიდეა, გაიარა გასაუბრება სტარტაპის საბჭოსთან და კონკურსში გაიმარჯვა – 10 000-მდე ლარი მიიღო და დანადგარები იყიდა, რაც საქმეს უმარტივებს.

მარი ხინკილაძე

მარის მიაჩნია, რომ უცხოეთის გავლენის აგენტებს შესახებ კანონის განხილვა მიუღებელია:

„რაც კი მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში, ყველაფერი დასავლური დაფინანსებითაა შექმნილი. ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები გვეხმარებიან ჩვენივე რესურსების განვითარებაში და ამ ფორმით გვაძლიერებენ.

ამ ყველაფრის აკრძალვა და საარსებო წყაროს გადაკეტვა ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის, ამორალურია, ამ კანონის განხილვაც კი ამორალურია. მუშაობის, მენეჯმენტის, ფინანსური განვითარების კულტურა – ყველაფერი დასავლეთიდან შემოდის, მათგან ვსწავლობთ ტექნოლოგიურ პროგრესსა თუ სხვა სიახლეებს. ამ ყველაფრის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ გვეუბნებიან – არ უნდა განვვითარდეთ,“ – ამბობს სტარტაპერი.

მარი ხინკილაძის ნამუშევრები

გია ცეცხლაძემ ქვევრის ღვინის წარმოება გააფართოვა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ გამოყოფილი გრანტის საშუალებით. კონკურსში 17 000 ლარი მოიგო, ექვსტონიანი ქვევრები იყიდა და მარანი მოაწესრიგა:

„არასამთავრობო სექტორის მიერ გაცემულ დაფინანსებებს დიდი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში, საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებაში.

მარანი ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში მაქვს, ეს დაფინანსება ჩემს შემოსავალს გააორმაგებს. 3-4 თვეში დავიწყებ ღვინის რეალიზაციას, რომელიც ჯერ ქვევრში მაქვს. ყურძენი ჩვენთან არ მოდის, ვყიდულობ და ასე ვაყენებ ქვევრში.

გია ცეცხლაძის ღვინის მარანი ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში

ამ კანონპროექტის განხილვით რისი თქმა სურს ხელისუფლებას, ვერ ვიგებ. გაუგებარია ჩემთვის, აგენტები რატომ უნდა დაერქვათ ადამიანებს, ფონდებს, ორგანიზაციებს, მედიებს, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან,“ – ამბობს გია ცეცხლაძე.

მეღვინე გია ცეცხლაძე

ზეინაბ თურმანიძემ აჭარის მაღალმთიან სოფელში, მერისში გახსნა სილამაზის სალონი. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ჯერ სალონის საქმე ისწავლა და მერე დაფინანსებაც მოიპოვა – 5000 ლარი. ზეინაბი შშმ პირია, ამ ნიშნით სახელმწიფო მას ყოველთვიური პენსიის სახით მხოლოდ 162 ლარს უხდის:

„სალონმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და საარსებო წყარო გამიჩნდა. აღარ ვარ ჩემს ძმებზე დამოკიდებული, თან ერთი ადამიანი დავასაქმე, ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა ცხოვრება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მეშვეობით, ჩემი თანასოფლელების ცხოვრებაც შეიცვალა – მათ აღარ უწევთ თმის შესაკრეჭად და ფრჩხილების მოსაწესრიგებლად მერისიდან ქალაქში სიარული.

თუ ამ კანონს მიიღებენ და აგენტებად შერაცხავენ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, ადამიანთა ჯგუფებს, ცალკეულ პირებს, ეს შშმ პირებზეც ძალიან ცუდად აისახება, ჩემნაირ ადამიანებზე.

ჩვენი წინსვლა, სწავლა-განათლების საქმე, ჩვენი უფლებრივი მდგომარეობა – ყველაფერი უკან წავა. მოვუწოდებ, არ გააკეთონ ეს, არ მიიღონ ეს საშინელი კანონი“ – ამბობს ზეინაბი.

ზეინაბ თურმანიძე

„დემოკრატიის ინსტიტუტს“ თორმეტამდე დონორი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროექტს აფინანსებდნენ და დღემდე აფინანსებენ.

მათ შორისაა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, გაეროს ბავშვთა ფონდი, ღია საზოგადოება – საქართველო და სხვები.

ორგანიზაციის პარტნიორები არიან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი და სხვები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: