მთავარი,სიახლეები

პატიმარების რაოდენობით საქართველო ევროპაში მე-2 ადგილზეა – როგორ ეხმარებიან ყოფილ პატიმრებს 

08.11.2024 •
პატიმარების რაოდენობით საქართველო ევროპაში მე-2 ადგილზეა – როგორ ეხმარებიან ყოფილ პატიმრებს 

„მეც ემიგრაციაში წავიდოდი, პირობითი რომ არ მქონდეს,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი ლევანი [სახელი შეცვლილია]. ყოფილ პატიმარს ვკითხეთ, როგორ დაეხმარა მას სახელმწიფო ციხის დატოვების შემდეგ? რა შესთავაზეს ყოფილ პატიმარს რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის კუთხით?

  • რატომ ფიქრობენ ყოფილი პატიმრებიც ემიგრაციაზე, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ პატიმრების რესოციალიზაციის და მხარდაჭერის ბევრი პროგრამა აქვს? საქართველოში ციხიდან გამოსული ადამიანს დასაქმება უჭირს, ევროპის ქვეყნებში კი, სასჯელის მოხდის პერიოდშიც მუშაობენ?

„ნახეთ სტატისტიკა როგორია: ევროპის ქვეყნებში, სადაც კარგი ცხოვრებაა და ციხეებიც სასტუმროებივითაა მოწყობილი, ნაკლები პატიმარი ჰყავთ, ჩვენ კი, პატიმრების სიმრავლით ლიდერი ვართ ევროპაში,“ – იმაზე გვიყვება ყოფილი პატიმარი, თუ რატომ ვერ დებს სარეაბილიტაციო პროგრამები საქართველოში შედეგს. – „არასაპატიმრო სასჯელების დანიშვნის უფლება ჩვენთან თითქმის წართმეული აქვს მოსამართლეს. ჩვენთან კანონი ისეა, რომ თუ პირობითი გინდა, პროკურორს უნდა გაურიგდე, არადა შესაძლოა ვერ შეთანხმდე პროკურორებთან…

მოსამართლეს უნდა შეეძლოს ადამიანის და მის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება. თავის დროზე სააკაშვილმა წაართვა მოსამართლეს ეს უფლება, ამათ იგივე დატოვეს…

მერე, შესაძლოა ვიღაც მილიონებს შოულობდეს უკანონოდ და არ ისჯებოდეს, შენ კი ერთი ტომარა პურის ფქვილი მოიპარო და 6 წელი მოგისაჯონ. ამისთვის რომ ციხეში მოხვდები, ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობ. ხვდები, რომ სამართალი არ არის და ასეთ ქვეყანაში არც იქნება. ასეთ დროს რომელმა რესოციალიზაციამ და რეაბილიტაციამ უნდა იმუშაოს?

როცა ქვეყანაში გარეთ არ მუშაობს არაფერი ეფექტურად, ციხეში როგორ იმუშავებს კარგად?“ – კითხულობს ყოფილი პატიმარი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლევანი ტაქსის მძღოლად მუშაობს. ის ამჯერად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

ციხეში ყოფნის დროს რა პროგრამებში იყავით ჩართული? რით სცადა სახელმწიფომ თქვენი გაძლიერება? – ვეკითხებით ყოფილ პატიმარს.

„მე არ მისარგებლია არცერთი პროგრამით, მხოლოდ ფსიქოლოგს ვესაუბრებოდი, არა იმიტომ, რომ ამით რაღაც იცვლებოდა, უბრალოდ მასთან საუბარი მომწონდა…

ჩამოივლიდნენ ასე პერიოდულად და შეგვთავაზებდნენ, პროგრამაში მონაწილეობა ვის სურსო, 7 თუ 8 პროგრამა იყო სულ ბათუმის ციხეში. ნდობა უნდა გქონდეს სისტემის მიმართ, რომ ჩაერთო, გინდოდეს… ციხეში მოხვედრილი ადამიანი კი ფიქრობს, თუ რამე შემეძლო და სწავლა მინდოდა, გარეთ უნდა მექნაო. მე ისედაც ორი უმაღლესი განათლება მაქვს. მეუბნებოდა ადმინისტრაცია, უნდა ისწავლო, თუ გინდა, რისკები გადაფასდესო. ვუთხარი, რომ მხოლოდ მაგისტრატურის გავლა მინდოდა. მაგისტრატურის პროგრამები არ გვაქვსო.

რეალური იქნებოდა დასაქმება, როგორც ეს ევროპის ციხეებშია შესაძლებელი, მაგრამ ჩვენთან ციხეში ისეთი პირობებია, ციხიდან რომ კაცი სამუშაოზე გავიდეს, უკან დამბრუნებელი მე, მაგალითად, აღარ ვიქნებოდი…

ჩვენთან არ იყო, მაგრამ სხვა დაწესებულებებში იყო, ციხის ტერიტორიაზე ნაკეთობებს ამზადებდნენ, ყიდდნენ და ფული ერიცხებათო, სარეკლამო მასალებს ვნახულობდი, როგორც თქვენ, მაგრამ ეს არაა დასაქმება, რეკლამაა უფრო. ვიღაცის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყო დამოკიდებული, სისტემა უნდა არსებობდეს…

აჯობებდა პაემნები დაეფინანსებინათ, მაგალითად, პატიმრებისთვის. ეს სამოქალაქო ორგანიზაციებსაც ეხება – იმათ პროექტებშიც ნაკლებად ვერთვებოდით პატიმრები, ან ყოფილი პატიმრები. ვგულისხმობ იმას, რომ პაემნით რომ ისარგებლო, 60 თუ 80 ლარია გადასახდელი. სასტუმროსავითაა მოწყობილი ორი ოთახი და ამისთვის გჭირდება ფული, ან სოცდაუცველი უნდა იყო, იქ რომ შეგიშვან.

ასე რომ, ფული თუ არ გაქვს, არც ციხეში გექნება პაემანი.

თუ ქვეყანა არ შეიცვალა და დემოკრატია არ გაძლიერდა, ციხე ვერ შეიცვლება ცალკე. ნახეთ, ევროპის ქვეყნებში, სადაც ნაკლები პატიმარია, კანონიც არაა მკაცრი. მთავარი სტიმულია, მოტივაცია, რაც ადამიანს უნდა გაუჩნდეს…

ამ სტიმულს კიდევ ციხეში რა გაგიჩენს, სასჯელის მოხდის დროს რომ დაიწყო სწავლა? გარეთ აქვთ მოტივაცია ადამიანებს დაკარგული.

დასაქმება ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩემთვის არ ყოფილა პრობლემა, მაგრამ რა გრჩება 1500, ან 2000 ლარიც რომ გამოგდიოდეს ხელფასი? ევროპაში წასვლა კი საშუალებას გაძლევს, ელემენტარული მაინც გამოიმუშაო, წინ გაიხედო,“ – გვითხრა ლევანმა.

  • „თავად ვნახე, როგორ მიდიოდნენ პატიმრები დილით სამსახურში, საღამოს უკან ბრუნდებოდნენ“ – უფლებადამცველები ევროპულ პრაქტიკაზე

როგორ ეხმარება სახელმწიფო პატიმარს ციხიდან გამოსვლის შემდეგ? – ამ თემაზე საუბრის დროს უფლებადამცველებს, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებში მიღებული საკუთარი შთაბეჭდილება ახსენდებათ: დილით პატიმრები სამსახურში გადიან და საღამოს უკან ბრუნდებიანო.

უფლებადამცველები ხაზს უსვამენ ევროპულ მიდგომას: პატიმრის გაძლიერება ციხიდან იწყება, სადაც პატიმარი ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის გარდა, დასაქმებულია.

„მაგალითად, ჰოლანდიაში იქაური პრობაციის სამსახური აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტებთან, ასევე კერძო სექტორთან, ბიზნესთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სერვისის მიწოდება პატიმრისთვის. პრობაციის სამსახური ეფექტურად ასრულებს შუამავლის როლს,“ – გვიყვება ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული კოორდინატორი. – „ჰოლანდიაშიც სახელმწიფოს არ აქვს ყველა სერვისი, მაგრამ თვალსაჩინოა კოორდინაცია.

რაც მთავარია, ამ საკითხებზე მუშაობა იწყება გათავისუფლებამდე და არა პატიმრის გათავისუფლების შემდეგ,“ – გვითხრა ცირა ჭანტურიამ.

ცირა ჭანტურია

„თავად ვნახე, როგორ მიდიოდნენ პატიმრები დილით სამსახურში, საღამოს – უკან ბრუნდებოდნენ, ეს იყო ჩეხეთში,“ – ამბობს უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ დირექტორი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი. ის განმარტავს, რომ მსჯავრდებულები, რისკების შეფასების შესაბამისად, ელექტრონული სამაჯურებით ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს, მუშაობენ სხვადასხვა ადგილზე და საღამოს უკან ბრუნდებიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური ინტერნეტგვერდის მონაცემებით, საქართველოში დაწესებულების ტერიტორიაზე საქმდებიან მსჯავრდებულები და ხელფასს იღებენ:

„საქმდებიან კი, მაგრამ  ერთეული შემთხვევებია, მთლიანად სისტემაზე ვერ ვიტყვით ამას, რომ რაიმე სურათს ცვლიდეს. თანხა შესაძლოა მსჯავრდებულს ამ დროს არ მისცენ, მაგრამ უგროვდება ხელფასი ანგარიშზე,ა,“ – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ევროპის ქვეყნებში პატიმრებთან მუშაობის სტრატეგია ეყრდნობა ძირითადად თემატურ მიდგომას.

„მაგალითად, რეციდივისტების შემთხვევაზე ცალკე სამუშაოა, სქესობრივ დანაშაულში მსჯავრდებული პირები ცალკე გადიოდნენ პროგრამას, მათთვის ცალკე, უზარმაზარი პროგრამა იყო ჩეხეთში. ევროპის ქვეყნებში კონკრეტულ დანაშაულებზე გათვლილი პროგრამები აქვთ ცალ-ცალკე, ჩვენთან კი ეს სეპარაცია არ მომხდარა,“ – თქვა უჩა ნანუაშვილმა.

  • რას სთავაზობს სახელმწიფო პატიმრებს საქართველოში? 

მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სამმართველო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში არსებობს. რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები 5 მიმართულებადაა დაყოფილი: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, დამოკიდებულებების დაძლევა, პრო-სოციალური პროგრამა, განათლების ხელშეწყობა და დასაქმების ხელშეწყობა.

პრობაციის სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ვიპოვეთ ჩამონათვალიც, თუ რით ეხმარება სახელმწიფო ამ პროგრამით მოსარგებლეებს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) უფასოდ დამზადება, პროგრამის ბენეფიციარებისთვის.
  • უფასო სამგზავრო ბარათი მუნიციპალურ ტრანსპორტში, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარს დაუბრკოლებლივ მიიღოს ცენტრის მიერ შეთავაზებული მომსახურებები.
  • ფსიქო-კონსულტირება – ბენეფიციარის პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე საქმის მართვაში შესაძლებელია ჩაერთოს ფსიქოლოგი, რომელიც ბენეფიციარს უწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს შესაბამის დაწესებულებაში და უწევს თანხლებას.
  • იურიდიული კონსულტაცია – ყოფილ პატიმრებს, მათი  საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხში ცენტრის იურისტი ეხმარება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხდება მათი გადამისამართება სააგენტოს პარტნიორ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში.
  • ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება – ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობაზე ძირითადად სახელმწიფო პროგრამებით ზრუნავენ. სოციალური მუშაკი ეხმარება ყოფილ მსჯავრდებულს როგორც საყოველთაო (ან სხვა ტიპის) დაზღვევით, ასევე რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაში. მოქმედებს, ასევე, რეფერირების ქსელი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სამედიცინო  ჩარევას.
  • პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა – სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებსა და გადამზადების ცენტრებში.
  • არაფორმალური განათლება / თემატური ტრენინგები.
  • უცხო ენისა და სხვადასხვა საგნის შემსწავლელი კურსები.
  • სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პრობაციის სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით ეხმარება მსჯავრდებულებს და ყოფილ პატიმრებს, თუმცა, მაგალითად, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ერთ კონკრეტულ ფაქტს იხსენებს, რაც იმას აჩვენებს, თუ რეალურად რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს პროგრამები:

„როცა სახალხო დამცველი ვიყავი, მახსოვს ერთი ზარი შემოვიდა, ადამიანი გამოვიდა რუსთავის ციხიდან და თბილისში ჩამოსასვლელად გზის ფული არ ჰქონდა…,“ – გვითხრა უჩა ნანუაშვილმა.

„განსაკუთრებით პრობლემურია ქალი ყოფილი პატიმრის შემთხვევა – მათ მიმართ სტიგმა კიდევ უფრო ძლიერია. ზოგჯერ მათ არათუ არავინ ხვდება, როცა ციხიდან გამოდიან, არამედ ოჯახი საერთოდ არ იღებს. ამ დროს ქალს წასასვლელი არსად აქვს, ჩვეულებრივ თავშესაფარში ვერ მიდის, რადგან ნასამართლობა აქვს…“ – კიდევ უფრო რთულ შემთხვევაზე გვიყვება ცირა ჭანტურია ორგანიზაციიდან „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, რომელსაც პატიმრების პრობლემებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

რატომ რჩება დაუცველი ყოფილი პატიმარი? რატომ ვერ ახერხებენ ისინი დასაქმებას და ხშირად ქვეყნის დატოვება უწევთ? რა არის მთავარი ფაქტორები, რის გამოც, მაგალითად, პრობაციის სააგენტოს ოფიციალურ საიტზე ჩამოწერილი პუნქტები რეალობაში ეფექტურად არ მუშაობს? – ექსპერტები „ბათუმელებთან“რამდენიმე გარემოებას გამოყოფენ.

  • „კრიმინალური სუბკულტურის გავლენის მქონე ციხეში სარეაბილიტაციო პროგრამებში პატიმარი ნაკლებად ერთვება“ – ყოფილი ომბუდსმენი   

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროგრამები ქართულ ციხეებში ეფექტურად ვერ მუშაობს, ექსპერტების აზრით, სახელმწიფოსგან წახალისებული კრიმინალური სუბკულტურაა – გარემო, სადაც ადამიანებს რესოციალიზაციის სურვილიც კი უქრებათ.

„რეალურად კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ეს სისტემა იმდენად ჩაიკეტა და დაიხურა, რომ ბოლო პერიოდში სახალხო დამცველსაც კი ჰქონდა თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა შეზღუდული,“ – გვიყვება უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ როცა ხელისუფლება პატიმრების უფლებებს არ იცავს და კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის, ხელისუფლება კრიმინალურ სუბკულტურას წამხალისებლის როლში გამოდის.

უჩა ნანუაშვილის მკაფიო პოზიციაა, რომ სახელმწიფოსთვის ამ დრომდე პატიმარზე ზრუნვა და მისი გაძლიერება, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებები პრიორიტეტი ვერ გახდა:

„როცა დაცულია პატიმრების უფლებები, როცა მათი ყველა საჩივარი განიხილება და გრძნობენ კანონის წინაშე თანასწორობას, მათ არ აქვთ სურვილი, სხვა მეთოდებით მოაგვარონ პრობლემები…

დღეს სახელმწიფოსთვის მთავარია უსაფრთხოება და პატიმრის დასჯა, მისი კონტროლი, ის ამაში ხარჯავს უზარმაზარ რესურსებს, პრევენციისთვის და რესოციალიზაციისთვის კი, რაც კეთდება, ძირითადად, დონორი ორგანიზაციების ხარჯზეა,“ – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ყოფილი ომბუდსმენი შენიშნავს კიდევ ერთ აქცენტს: ციხეში ერთად, ერთ სივრცეში არიან „ქურდული სამყაროს“ მენტალიტეტის მქონე პატიმრები და, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევისთვის მსჯავრდებული პირი.

პირდაპირ ვერ უთქვამთ, თუმცა პატიმრებთან გასაუბრების დროს მინიშნება ყოფილა „ქურდულ სამყაროზე“ – შეხვედრის დეტალებს ცირა ჭანტურია იხსენებს, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონულ დირექტორი.

„2 წლის წინ მონიტორინგის ჯგუფის წევრი ვიყავი და როცა გამოვკითხეთ პატიმრები, გვითხრეს, რომ სისტემის შიგნით არ ისურვებდნენ დასაქმებას, ისე კი გვინდა მუშაობაო. ასეთი იყო პასუხები იმის მიუხედავად, რომ ეს პატიმრები ოჯახებისგან სათანადო დახმარებას ვერ იღებდნენ. რეალურად ამ ადამიანებს ციხეში არსებული კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ წასვლა არ სურთ. ეს არ უთქვამთ პირდაპირ პატიმრებს, მაგრამ, მიგვანიშნეს, ზოგიერთ შემთხვევაში ახსენეს მენტალობა…

ჩემი აზრით, სუბკულტურის მომძლავრება პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს. ვიცით, რომ სუბკულტურა საბჭოთა გადმონაშთია და არის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ძლიერია რუსული გავლენები, ან ცდილობს რუსეთი, რომ ჰქონდეს ეს გავლენა.

ასეა, მაგალითად, მოლდოვაში, მეზობელ სომხეთში. პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში კი, სადაც უსაფრთხოების ევროპული სისტემები დანერგეს, მაგალითად, ესტონეთში, მინიმუმამდეა უკვე სუბკულტურის გავლენა შემცირებული.

იქ, სადაც მძლავრადაა კრიმინალური სუბკულტურა, შიდა არაფორმალური წესების მიხედვით, მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლება სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა,“ – აღნიშნა ცირა ჭანტურიამ „ბათუმელებთან“.

  • საქართველო ლიდერია ევროპაში – პატიმრების სიმრავლით 

„დიდ დაწესებულებებში ისევ გადატვირთულობაა, მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, 10 500-მდე მსჯავრდებული გვყავს,“ – ამბობს ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი. მისი აზრით, პატიმართა სიმრავლე კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც რეაბილიტაციის და რესოციალიზციის პროგრამები ეფექტური არ არის.

„რადგან რესურსები შეზღუდული ყველგან, მაგალითად, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების რაოდენობა, პერსონალის რაოდენობა შეზღუდულია, პატიმართა რაოდენობა – დიდი, ეს თანაფარდობა დარღვეულია,“ – გვიყვება ცირა ჭანტურია.

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც ამახვილებს ამ პრობლემაზე ყურადღებას – პატიმართა სიმრავლის გარდა, იგი ციხის მართვის „საბჭოურ წესებზე“ საუბრობს:

„წლებია ლაპარაკი იმაზე, რომ გადასვლა უნდა მომხდარიყო მცირე ზომის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებზე, იგივე უზარმაზარი დაწესებულებებია 1000 და 2 000-პატიმრიანი, საბჭოთა ციხეებია კვლავ მართვის კუთხითაც….

ამ მოცემულობაში ინდივიდუალური მიდგომები ნაკლებია, სერვისები რაც არის, არასაკმარისია, არის პროფესიონალების პრობლემაც, მაგალითად, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ამ დრომდე პრობლემაა, პირიქით, კადრების გადინება ხდება, არავის უნდა მიზერულ ხელფასზე მუშაობა. შესაძლოა, სტატისტიკაში ჩანს, რომ ბევრს აქვს იგივე რეაბილიტაციის პროგრამებზე წვდომა, მაგრამ მთავარია ხარისხი: რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის სერვისი ინდივიდუალურ საჭიროებებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ უჩა ნანუაშვილმა.

საქართველო ლიდერია პატიმართა სიმრავლით. ევროსაბჭოს კვლევის მიხედვით, საქართველოში 2023 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე 256 პატიმარი მოდის [ჯამურად საქართველოში კვლევის ჩატარების დროს, 2023 წელს, 9 568 პატიმარი იყო].

ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს თურქეთის შემდეგ. თურქეთში ყოველ 100 ათას კაცზე 408 პატიმარი მოდის. პატიმართა სიმრავლით ლიდერი ქვეყნების ჩამონათვალი საქართველოს შემდეგ ასე გრძელდება: აზერბაიჯანი [243], მოლდოვა [241], უნგრეთი [208].

ევროპის საშუალო მაჩვენებელი კი, 100 ათას კაცზე 123 პატიმარია.

ევროსაბჭოს კვლევის ჩამონათვალში 2022 წლამდე რუსეთი ლიდერობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შემდეგ, სიაში რუსეთის მაჩვენებელს ვეღარ ნახავთ. პირველ-მეორე ადგილებს თურქეთი და საქართველო ინაწილებენ.

იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა და ციხეებში მდგომარეობის გამოსწორება იყო, პატიმართა სიმრავლით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის ლიდერობს, სამართლიანობა კი, „ოცნების“ ხელისუფლებაში 12-წლიანი ყოფნის მიუხედავად, არ აღუდგენია. „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ყოფილმა პატიმრებმა სასამართლოს ხელახლა უნდა მისცენ ჩვენება. რამდენიმე ყოფილი პატიმარი გარდაიცვალა კიდეც.

  • „პრობლემურია ყოფილი პატიმრების თავშესაფრის საკითხიც“ – ცირა ჭანტურია 

უფლებადამცველების შეფასებით, პატიმრების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის დღეს არსებული პროგრამები მინიმალურია, ასევე არსებული სერვისების დიდი ნაწილი დონორების მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტების გაგრძელება, ექსპერტების თქმით, „ქართული ოცნების“ პრორუსული კურსის და რუსული კანონის მიღების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„ყოფილ მსჯავრდებულებს თავშესაფრები არ იღებენ ნასამართლობის გამო, განსაკუთრებით პრობლემურია ქალი მსჯავრდებულების შემთხვევა,“ – გვიყვება ცირა ჭანტურია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი, – „არსებობს ორგანიზაცია „ქალი და ბიზნესი“, რომელმაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მოაწყო თავშესაფარი ქალებისთვის. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერანაირად ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სახელმწიფომ აიღოს თავზე ამ თავშესაფრის უზრუნველყოფა, დონორებთან დაფინანსების მოპოვება გართულდა, არადა ამ თავშესაფარს მუდმივად ჰყავს ბინადრები, უცხოელები, მათ შორის, რომლებსაც პრობაცია აქვთ შეფარდებული და საკუთარ ქვეყნებშიც ვერ ბრუნდებიან,“- გვითხრა ცირა ჭანტურიამ.

ევროპის ქვეყნებში დადგენილია სტანდარტი, თუ როგორ შეიძლება დატოვოს ციხე უკვე ყოფილმა მსჯავრდებულმა. მას უნდა ჰქონდეს ფული მინიმალური საჭიროებებისთვის, ასევე სოციალური მუშაკების საკონტაქტო, სადაც შეიძლება ადამიანი მივიდეს და გაიგოს, ვინ რით შეიძლება დაეხმაროს.

„საქართველოში პირიქით: ვინც ციხიდან გამოდის, შეიძლება კიდევ უფრო მეტად აგრესიული იყოს, იმდენად მოუმზადებელი გამოდის გარეთ. რეალურად ციხეში რეაბილიტაციის დროს პატიმრის პოზიტიური ცვლილებები უნდა ხდებოდეს. სახელმწიფო პრაქტიკულად პატიმარს ბევრს არაფერს სთავაზობს. ყოფილი პატიმარი ისევ ოჯახის და ახლობლების ამარა გამოდის გარეთ“, – მიიჩნევს უჩა ნანუაშვილი.

ცირა ჭანტურიას დაკვირვებით კი, ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის შესაბამისად, დასავლეთმა იმ პროექტების ნაწილი შეაჩერა, რაც ამ პატიმრების გაძლიერებისკენ იყო მიმართული:

„წლების წინ ევროკავშირი დაფინანსებული პროექტებით ძალიან გვეხმარებოდნენ სერვისების შექმნაში, როცა თეა წულუკიანი გახდა მინისტრი, მას უკვე ისეთი არაკეთილგანწყობილი რიტორიკა ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ეს აისახა პროექტებზეც.

სამწუხაროდ, ძალიან ჩაიკეტა პენიტენციური სისტემა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. რეაბილიტაციის დეპარტამენტი არსებობს, მაგრამ უკვე ორი წელია ჩვენ აღარ გვქონია პროექტი ამ სისტემაში…

არსებობს რეაბილიტაციის პროგრამები, რაშიც, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, დაახლოებით 2500 მსჯავრდებული იყო ჩართული ამ წლის სექტემბრის მდგომარეობით. ეს კარგი მაჩვენებელია, თუმცა რამდენად ეფექტურია, ეს სხვა საკითხია.

პროგრამები, რაც დანერგა სახელმწიფომ, არის დაფუძნებული ევროპის პოზიტიურ პრაქტიკაზე, ამერიკელი ექსპერტებიც ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული. საგრძნობია პროგრესიც – წლების წინ, როცა ამ აქტივობებს ვიწყებდით, სიტყვა „რეაბილიტაციაც“ კი არ იცოდა ბევრმა, დასავლეთის მხარდაჭერით არსებობს ის, რაც არსებობს დღემდე. ახლა ეს პროგრამები შეჩერებულია მავნებლური კანონების მიღებით და იმ რიტორიკით, რაც ხელისუფლებას აქვს. ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირს რა პროექტებიც ჰქონდა რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის მიმართულებით, ყველა გაჩერებულია,“ – გვითხრა ცირა ჭანტურიამ, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონულმა დირექტორმა.

რამდენად ეფექტურია ის პროგრამები, რაც პრობაციის სააგენტოს აქვს პატიმრების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის მიმართულებით? – ამ თემაზე პრობაციის სააგენტოში არავინ დაგველაპარაკა. ამ საკითხზე სალაპარაკოდ ვერც საქართველოს სახალხო დამცველმა მოიცალა. სახალხო დამცველი წესით ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობასაც უნდა ამოწმებდეს. 

___

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: