მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რა იცით პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობთ? – სურსათის უვნებლობის გამოწვევები და გადაჭრის გზები

28.02.2025 •
რა იცით პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობთ? – სურსათის უვნებლობის გამოწვევები და გადაჭრის გზები

მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას რამდენად ხშირად კითხულობთ მის ეტიკეტს?

არაეტიკეტირებული ან არაქარხნული პროდუქციის შეძენისას რა განაპირობებს სანდოობას? 

შეგიძლიათ თუ არა ამოიცნოთ გაფუჭებული პროდუქტი და თუ ამოიცნობთ, იცით თუ არა ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს?

ეს ყველაფერი სურსათის ხარისხის და უვნებლობის საკითხებია და კვლევები მიუთითებს, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას სურსათის ხარისხისა და უვნებლობის შესახებ. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის, მირანდა გორგილაძის განმარტებით, ეს კვებითი ინტოქსიკაციების, ქრონიკული დაავადებებისა და ეკონომიკური ზიანის რისკებს ზრდის. 

სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა თანამედროვე საზოგადოებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, რომლის ეფექტიანობა სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მომხმარებელთა განათლებასა და ცნობიერებაზე.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის [CSRDG] მიერ მომზადებულ, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებებისა და ქცევის 2023 წლის კვლევაში წერია, რომ მიუხედავად უკანასკნელ წლებში სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ზოგადად გაუმჯობესებული მდგომარეობისა, მომხმარებლებს კვლავ ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა. 

კვლევა ამბობს, რომ მომხმარებლებს გაცნობიერებული აქვთ, რომ როდესაც საქმე სურსათის უვნებლობას ეხება, მოქმედება აუცილებელია, თუმცა მათ უჭირთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება, „მათ შორის (სურსათის ეროვნული სააგენტოს) ცხელ ხაზზე [15 01] დარეკვა, ვინაიდან საზოგადოებაში ეს ქცევა ჯერ კიდევ სოციალურად მიუღებელია“. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებაში სულ 1357 შეტყობინება შევიდა, აქედან 1274 იყო მოქალაქეთა სატელეფონო შეტყობინება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება საკვებით გამოწვეული დაავადებებით, რაც საგანგაშო ტენდენციაა [WHO, 2023].

ამ პრობლემის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მომხმარებელთა ცნობიერების დაბალი დონე მიიჩნევა, რაც გამოიხატება არასაკმარის ცოდნაში სურსათის ეტიკეტირების, საკვების სწორი შენახვის, მავნე ქიმიური დანამატებისა და მიკრობიოლოგიური რისკების შესახებ.

კვლევაში გამოკითხული რესპონდენტების მიერ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარი ცოდნის შეფასებამ საშუალოდ 3.2 ქულა შეადგინა (5-დან); თუმცა მათი უმრავლესობა – 61% გამოთქვამდა სურვილს, რომ მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით.

„განსაკუთრებით მაღალია დაინტერესება შემდეგი საკითხით: უვნებელი პროდუქციის შერჩევის მეთოდები – 42%“ – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევა: ათიდან ოთხ რესპონდენტს (39%) მიაჩნია, რომ სურსათი უვნებელია იმ შემთხვევაში, თუ შენახვის ვადებია დაცული; ხოლო რესპონდენტთა თანაბარი რაოდენობა თანხმდება იმაზე, რომ სასურსათო პროდუქტის უვნებლობის დაცვისათვის აუცილებელია: პროდუქტი იყოს ნატურალური (31%), დაცული უნდა იყოს პროდუქტის შენახვის პირობები (30%), არ შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს (30%). 
გამოკითხული მოსახლეობის 61%, სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ: „სოფლის კვერცხი უვნებელია“. ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფში უფრო მეტია რესპონდენტთა ოდენობა, რომელიც სოფლის კვერცხს სრულიად უვნებლად მიიჩნევს – 73%. 

კვლევაში გამოკითხული რესპონდენტების პასუხებიდან ასევე გამოიკვეთა:

  • ვადის შემოწმება, სურსათის უვნებლობაზე ზრუნვასთან ასოცირდება, ხოლო ეტიკეტი და შეფუთვა, ვადასთან ერთად, უვნებელ სურსათთან;
  • მომხმარებლისთვის მაღალი ფასის გადახდა საკმარისია „უვნებლის შესაძენად“; 
  • არაეტიკეტირებულ ან არაქარხნულ პროდუქციაზე სანდოობას განაპირობებს პირადი ნაცნობობა ან ნაცნობის რეკომენდაცია.

მირანდა გორგილაძის თქმით, საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს საკმარის ცოდნას სურსათის უვნებლობის საკითხებზე:

„მაგალითად, ევროპაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მომხმარებელთა მხოლოდ 37% ეცნობა პროდუქტზე მითითებულ მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ რისკებს [EFSA, 2021].

ამავეს მოწმობს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცოდნის, დამოკიდებულებები და ქცევის ქართული კვლევა, რომელშიც ვკითხულობთ: „მომხმარებლებისთვის პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობის წაკითხვა რთულია, ისევე როგორც მისი შინაარსის გაგება. სურვილი და მცდელობა ეტიკეტის წაკითხვის სახეზეა, მნიშვნელოვანია პროცესის გამარტივება“.

CSRDG: „ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ეტიკეტის შინაარსი და გამოყენებული ტერმინები. ნაწილი საუბრობს ეტიკეტში გამოყენებულ კოდებზე, რომელთა მითითება მათთვის არაფრის მთქმელია – არც მნიშვნელობა იციან და არც ის თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მითითებულ კოდს იმ კონკრეტული სურსათის უვნებლობაზე. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ სურვილის მიუხედავად, იმდენად წვრილი შრიფტით წერია ეტიკეტზე მონაცემები, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი წაკითხვა“.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO, რომლის წევრიც საქართველო 1995 წელს გახდა, სხვადასხვა ანგარიშებში ხაზგასმით აღნიშნავს სურსათის უვნებლობაში საზოგადოების განათლების მნიშვნელობას; ასევე, ქვეყნების მიერ ინვესტიციების ჩადებას საკვების უვნებლობის შესახებ საზოგადოების განათლებასა და ინფორმირებაში.

მირანდა გორგილაძე განმარტავს, რომ მომხმარებელთა ცნობიერების დაბალი დონე სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში, რომელიც კომპლექსურ და მულტიდისციპლინარულ მიდგომას საჭიროებს.

„განათლების დონის ამაღლება, რეგულაციების გაძლიერება და სამომხმარებლო ქცევის ცვლილება გადამწყვეტი ფაქტორებია სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად“ – ამბობს ის.

საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა შესაძლებელია:

  • სურსათის უსაფრთხოების საკითხების ინტეგრირებით სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში;
  • ონლაინ კურსების, ვებინარებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმაციული პლატფორმების განვითარებით. 

სურსათის ეტიკეტირების გაუმჯობესების გზაა:

  • მარტივად აღსაქმელი და სტანდარტიზებული ეტიკეტირების დანერგვა;
  • QR კოდების გამოყენება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მარტივად შეამოწმონ პროდუქტის წარმომავლობა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია.

სახელმწიფო რეგულაციების გაძლიერება კი შეიძლება მოხდეს:

  • სურსათის უსაფრთხოების კანონმდებლობის გამკაცრებითა და ხარისხის კონტროლის სისტემების გაუმჯობესებით;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნით. 

საზოგადოებრივი კამპანიები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია:

  • სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, რაც ფოკუსირებული იქნება მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე;
  • სოციალური ქსელებისა და მედიის აქტიური ჩართულობა, რათა გაიზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კვლევის შეჯამებაში წერს, რომ უკანასკნელ წლებში, სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, ზოგადად გაუმჯობესებული მდგომარეობის ფონზე, მომხმარებლებს კვლავ ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა, შესაბამისად, ინტერესი საკითხის მიმართ და მათი მონაწილეობა სურსათის უვნებლობის კონტროლის აღსრულების პროცესში უმნიშვნელოა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ცნობადობა დაბალია, შეტყობინების დატოვება სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი უნდა იყოს მარტივი; ასევე უნდა არსებობდეს ცხელი ხაზის ალტერნატივები: მაგალითად მობილური აპლიკაცია.

ამ დროისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, რეკომენდაციების განყოფილებაში რამდენიმე ბროშურა იძებნება, სადაც სადაც შეგიძლიათ ნახოთ:

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ სურსათის უვნებლობა და ხარისხი – დამხმარე სახელმძღვანელო ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის და ინფორმაცია ხორცის შენახვის პირობების შესახებ.

___________________________
სტატია მომზადებული პროექტის „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“. პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი. პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების შინაარსზე პასუხისმგებელია  დემოკრატიის ინსტიტუტი და შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: