მთავარი,სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 17 ქართველი მეზღვაურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

24.08.2018
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 17 ქართველი მეზღვაურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 14 აგვისტოს გაუჩინარებულ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან დაკავშირებით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 23 აგვისტოს კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის  ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.

ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი  უზრუნველყოფილი იქნას  პირველადი  საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).

შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, 14 აგვისტოს გაუჩინარდა. გემის გამოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა გამოცემამ africanews. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: