მთავარი,სიახლეები

კაპიტანი: PANTELENA-ს თავს დაესხნენ – გემი უსაფრთხოდ დაბრუნდა ტოგოს რესპუბლიკაში

25.08.2018 • 4193
კაპიტანი: PANTELENA-ს თავს დაესხნენ – გემი უსაფრთხოდ დაბრუნდა ტოგოს რესპუბლიკაში

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 17 აგვისტოდან 23 აგვისტომდე იყო გაუჩინარებული და ეკიპაჟთან კონტაქტი ვერ ხერხდებოდა.

“გემის კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს.

ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.

საქართველოს საელჩოებმა სამხრეთ აფრიკაში, საბერძნეთში დიდ ბრიტანეთსა და ეთიოპიაში უზრუნველყვეს 10-მდე ქვეყნის ჩართულობა პროცესში, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზე გავიდა გემთმფლობელ კომპანიასთან, გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე კენიასა და ნიგერიაში მოქმედ სპეციალიზებულ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდებოდა ღონისძიებები მეზღვაურების მოსაძიებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ღონისძიებაში აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე, სატელიტური დაკვირვების სისტემები. კოორდინირებული ქმედებების შედეგად გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა,” – ამ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო სააგენტო ავრცელებს.

ქართველი მეზღვაურების ოჯახებს გუშინ, 24 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი შეხვდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველი მეზღვაურები მალე დაბრუნდებიან საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: