მთავარი,სიახლეები

როგორ იქცნენ ყოფილი პატიმრები მეწარმეებად

29.07.2018 • 1590
როგორ იქცნენ ყოფილი პატიმრები მეწარმეებად

ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ გარდა დასაქმების, სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერისა, მცირე ბიზნესის განვითარებაშიც ეხმარება. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და გურიაში.

პროექტის წელიწადზე მეტხნიანი მოქმედების პერიოდში რამდენიმე ათეული ბიზნეს იდეა დაფინანსდა. მცირე ტიპის საცხობები, სუვენირებისა და ავეჯის სახელოსნოები, მეფუტკრეობა, მანქანების სახელოსნოები, ხელსაქმე და ა.შ.

მერაბ მიქელაძეც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია, სახლის სარდაფში მოწყობილ სახელოსნოში ამზადებს ბამბუკისა და ნიჟარებისგან სუვენირებს. ადრე მძღოლი იყო, ახლა ხელსაქმითაა დაკავებული. ნივთების დამზადებასა და შეღებვაში მეუღლე და შვილიც ეხმარება. მერაბმა ბიზნესის მართვის ტრენინგი გაიარა და საოჯახო სასტუმროს გასაძლიერებლად გრანტიც მიიღო. სასტუმროს მოწყობას შინ, ციხისძირში აპირებს, სადაც მუდმივადაა ტურისტების ნაკადი.

39 წლის არჩილ ქაქუთია კი მეფუტკრეა. სამეგრელოს სოფელ ყულეშკარში 20 ოჯახი ფუტკარს უვლის. საპატიმროში 6 წელი გაატარა, ჯანმრთელობის გართულებული პრობლემები გადაიტანა, მაგრამ საქმემ ყველაფერი დააძლევინა. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორმა ორგანიზაციამ, ფონდმა „თანაზიარმა“ მას მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი შეაძენინა. მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის შესანახად მეფუტკრეობას ნორმალურ, შემოსავლიან საქმედ მიიჩნევს.

არჩილ ქაქუთია, მეფუტკრე. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარი

გოგი გელაძე (ყოფილი პატიმრის სურვილისამებრ სახელი და გვარი შეცვლილია) ძირითადად თურქეთში მუშაობდა ზაფხულობით და თხილს კრეფდა. ეს მათი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პირობით მსჯავრი აქვს, ქვეყნის საზღვრებს ვერ ტოვებს. გოგიმ მანქანების სახელოსნო მოაწყო შინ – აჭარის ერთ-ერთ სოფელში, რაშიც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დაეხმარა. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს და იმასაც ამბობს, რომ სხვაგან მუშაობას ისევ ასე შრომა სჯობს.

პატიმრის დედას, 70 წლის ლარისა თორიას სკოლის ბუფეტი აქვს. ორგანიზაცია „თანაზიარის“ მეშვეობით „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების  მხარდაჭერის პროგრამაში“, პროექტების წერა ისწავლა. საქმეში ნათესავი დაიხმარა და ღუმელი, ჭურჭელი, სკოლის ბუფეტისთვის აუცილებელი ინვენტარი შეიძინა, მცირე ბიზნესი გააუმჯობესა. სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს, ისე, რომ სკოლის გარდა სოფლის მოსახლეობისთვის მომსახურებაც შეძლოს.

32 წლის გიორგი უნგიაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა ამერიკული კაკლის, ჩანდლერის ნერგები გაეშენებინა, რაშიც მას ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დაეხმარა. ჩანდლერის ნერგები საკმაოდ ძვირი ღირს და გიორგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარი სახსრებით ამას ვერ შეძლებდა. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ჩანდლერის ბაღის გარდა მამისეული სოფლის სახლის საოჯახო სასტუმროდ გადაკეთებასაც აპირებს, რის შემდეგაც არ იქნება დამოკიდებული არცერთ სამსახურზე და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე იზრუნებს.

გიორგი უნგიაძე. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარი

დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვის მსურველებმა უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში – ფონდ თანაზიარს – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: