მთავარი,სიახლეები

მოსამართლის ჩარევის შედეგად, ექსპერტიზის გამქრალი დასკვნა „მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება

11.05.2018
მოსამართლის ჩარევის შედეგად, ექსპერტიზის გამქრალი დასკვნა „მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება

არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბავშვზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დასტურდება, „გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარას გამოძიება 13 წლის არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს ედავება.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.

მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხულია, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. გამოძიებას არც არასრულწლოვანი დაუკითხავს.

სასამართლოს წინა სხდომაზე მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა, თამაზ აბაშიძემ თქვა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ექსპერტიზას თვითონ მიმართა, დასკვნაც თვითონ წამოიღო ბიუროდან და „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაურთო. გიორგი მიქაუტაძე ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. ამ საქმეში არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კი არ დევს. პოლიციელი ამ ჩვენებით პროკურორს დაუპირისპირდა, რომელმაც მანამდე თქვა და წერილობითაც დაადასტურა, რომ ბავშვისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე.

გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მიიღო. მოსამართლემ ერთთვიანი ვადა მისცა პროკურორ დავით ხარძეიშვილს იმისთვის, რომ მან ექსპერტიზის დასკვნა არასრულწლოვნის მშობლებს გადასცეს.

„პროკურორმა ამჯერადაც უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მან თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნას არავითარი შემხებლობა არ აქვს მოსამართლის სიცოცხლის მუქარის საქმესთან. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამ დასკვნას შემხებლობა აქვს ამ საქმესთან. დასკვნის მიღების შემდეგ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას მისი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით. ამ დასკვნით დასტურდება, რომ ბავშვს კონკრეტულად იმ დღეს მიადგა ფიზიკური დაზიანებები და დედის გაღიზიანებაც მოსამართლის მიმართ ამ ფაქტმა გამოწვია,“ – ამბობს ბრალდებულების ინტერესების დამცველი, სულხან კაპანაძე.

ადვოკატმა სულხან კაპანაძემ უკვე შეიტანა საჩივარი პროკურატურის გენინსპექციაში პროკურორის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე, რაც სახელმწიფო მოხელის მხრიდან საბუთის და მონაცემების გაყალბებაში გამოიხატა.

როგორ დადასტურდება, რომ დაზიანებები არასრულწლოვანს მიაყენა კონკრეტულად გიორგი მიქაუტაძემ? – სულხან კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პროკურატურამ უნდა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისი მოწმეები დაკითხოს და ბავშვის ცემის ფაქტი გამოიძიოს.

„მაგრამ პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს. პროკურორებს ფაქტობრივად ალიანსი აქვთ გიორგი მიქაუტაძესთან და ამის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენ ვეცდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მოწმეების დაკითხვით მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია, რომ ბავშვი მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა,“ – გვითხრა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: