„ქართული ოცნება“ დაანონსებული ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას აპირებს, მთელი რიგი ცვლილებები შეეხება უმაღლესი განათლების სისტემასაც.
რა საფრთხეს ხედავენ სკოლის მოსწავლეების მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამ მშობელს ესაუბრა.
მეგი კავთუაშვილი მე-11 კლასის მოსწავლის მშობელია. მან გვითხრა, რომ დაანონსებული ცვლილება მოულოდნელიცაა და სახიფათოც.
მისი თქმით, ამ ცვლილებას რეფორმასაც ვერ დაარქმევს, რადგან ის ბუნდოვანია:
„ბუნდოვანია იმიტომ, რომ არ გაუციათ კითხვებზე პასუხი, თუ რატომ იყო ახლა ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი.
რატომ უნდა გინდოდეს ახალგაზრდობას ჩაუკეტო გზა ყველაზე დიდ და განვითარებულ სამყაროსთან?! არ ვიცი, ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს.
ორი დღეა მართლა ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე, მოვიძიე ბევრი რამ, წავიკითხე უამრავი კვლევა, ვნახე, რატომ არის 12 და 13-წლიანი სწავლა განვითარებულ ქვეყნებში და აღმოვაჩინე, რომ ამას თავისი საფუძველი ჰქონია.

მეგი კავთუაშვილი
ჩემი შვილი ახლა მე-11 კლასშია, მომავალ წელს უნდა ჩააბაროს გამოცდები და გადავიდეს უმაღლესში. ამ წუთას არ მაქვს არავითარი საშუალება, რომ ჩემი შვილი ევროპაში გავუშვა სასწავლებლად, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე 24 საათი ვმუშაობთ.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილი დამოუკიდებლად ვერ იპოვის ამის გზას, როცა სტუდენტი გახდება. არის გაცვლითი პროგრამები, მაგრამ ეს არის ახლა. დღეს არსებული განათლების სისტემა იძლევა ამის შესაძლებლობას და ჩვენ რატომ უნდა ჩავკეტოთ კარი და რატომ უნდა შევიდეთ ჩიხში, საიდანაც ვეღარ გამოვალთ.
მე-12 კლასს თუ არ დაამთავრებინებენ, ეს ნიშნავს, რომ ის ვეღარ დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რასაც ევროპული უნივერსიტეტები ითხოვენ.
ამიტომ, მე, როგორც მშობელი, ამ „რეფორმის“ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ“ – ამბობს მეგი კავთუაშვილი.
მისი თქმით, მშობლები სულ სხვა ცვლილებებს მიესალმებოდნენ და არა ისეთს, რომელიც შესაძლებლობების ფანჯარას უკეტავს მათ შვილებს.
„როგორც მშობელი, მაგალითად, მივესალმები იმას, რომ მე-11-მე-12 კლასში ბავშვები 14 საგანს აღარ სწავლობდნენ, მედლისთვის არ ემზადებოდნენ და ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ. მივესალმები, ვიწრო პროფილურ სწავლებას, სადაც, ვთქვათ, ჰუმანიტარული, ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო მიმართულებით ოთხ-ხუთ საგანს სიღრმისეულად შეისწავლიან, გაივლიან პროფორიენტაციის კურსებს და გაიუმჯობესებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც ძალიან სჭირდებათ უმაღლეს სასწავლებლებში და ზოგადად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
მინდა, რომ განათლების სისტემა იყოს სამართლიანი და თანასწორი ყველასთვის, მათ შორის ისეთი ოჯახებისთვის, როგორიც ჩემია, რომელიც არ არის ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა ნაკლები დანახარჯით მიიღოს კარგი განათლება.
დღეს საზღვარგარეთ წასვლა შეუძლიათ ნიჭიერ ბავშვებსაც, მაგრამ ხვალ ამის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მდიდარი ოჯახის შვილებს.
ამიტომ, ვის სჭირდება ეს ცვლილება, მე რა შემემატება ამით? – მე, როგორც მშობელს, ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. სამაგიეროდ, წაგების თვალსაზრისით უკვე ძალიან ბევრი რამ არის ჩემთვის თვალსაჩინო.
ამიტომ მგონია, რომ ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს. ბოროტება მგონია ეს“ – ამბობს მეგი კავთუაშვილი.
მან გვითხრა, რომ მის შვილს სურს ნეიროფსიქოლოგია შეისწავლოს, თუმცა, თუკი მას არც უნივერსიტეტის არჩევის საშუალება ექნება, ეს უკვე მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა და ამაზე შეგუება დაუშვებელია.
„ეს არის უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, რაც პირდაპირ კონსტიტუციის 27-ე მუხლის დარღვევაა.
ეს საერთოდ უტოპიაა, რაც უნივერსიტეტებთან დაკავშირებით გააჟღერეს. წარმოუდგენელია და ამასთან შეგუება, ჩემი აზრით, შეუძლებელი იქნება.
ვფიქრობ, ეს ცვლილებები ბევრად უფრო საშიში და საზიანო იქნება, ვიდრე სკოლის დონეზე დაგეგმილი ცვლილებები. თუმცა, 11-წლიანი სწავლებაც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ზიანის მომტანია.
უნივერსიტეტებზე რაც ითქვა, ამაზე არც კი ვაპირებ ფიქრს და არც კი ვაწყობ რაიმე გეგმებს, იმდენად არარეალურია. წინააღმდეგობის განწყობა მაქვს ამ ყველაფერთან, ვიდრე შეგუების და გზების მოძიების. 42 წლის ვარ, მე გავიარე ზუსტად ასეთი პერიოდი, ამიტომ ფიქრიც აღარ მინდა, რომ იგივე შეიძლება გაიაროს ახალმა თაობამაც.
არავითარი სურვილი არ მაქვს ფეხი ავუწყო და დავიწყო გეგმების დაწყობა ახალ, უტოპიურ რეალობასთან. არც იმის გზებს დავეძებთ, სად წავიდეთ, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ ძალიან კარგად და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება“- ამბობს მეგი კავთუაშვილი.
თეა ბულია სამი შვილის დედაა.
„მქონდა მოლოდინი, რომ სახელმწიფო აუცილებლად გადადგამდა ისეთ ნაბიჯებს, რაც უზრუნველყოფდა ჩემი შვილების კეთილდღეობას ამ სახელმწიფოში, თუმცა ეს არასდროს მოხდა.
სამწუხაროდ, დაგეგმილ ცვლილებებში საშიშროებას ვხედავ.
უცხოეთში სწავლა პანაცეა არ არის, ცხადია, მაგრამ რომ მოისურვოს სწავლის გაგრძელება ჩემმა შვილმა, რომელიც კარგად ფლობს უცხო ენებს, ხომ უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა? ახლა კი ამ შესაძლებლობას ეს რეფორმა ართმევს. მე ასე ვხედავ, ყოველ შემთხვევაში“ – ამბობს თეა ბულია.
იგი მიიჩნევს, რომ დაანონსებული ცვლილებებით განათლების ხარისხიც ეჭვის ქვეშ დგას და ევროპულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის შანსიც მნიშვნელოვნად იკლებს.
„დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენ ხომ უნდა გვქონდეს არჩევანის უფლება? ჩემთვის ეს არის არჩევანის შეზღუდვა. მე სად წავალ, სად მივიღებ განათლებას, აბსოლუტურად ჩემი ნებაა.
თუ ჩვენი და ევროპული სისტემა არ იქნება თანხვედრაში, კოლეჯშიც რომ გავუშვა ჩემი შვილი, ეს დაჯდება ძალიან ძვირი და ამას ყველა ვერ შესწვდება, თანაც ბევრი ბარიერი იქნება გადასალახი. რატომ უნდა გააკეთო ასე, როცა დღეს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია რიგითი ადამიანებისთვისაც“ – ამბობს თეა ბულია.
თეას სამი შვილიდან უფროსი მე-11 კლასშია, მეორე – მე-9 კლასში, ხოლო უმცროსი მე-4-ში სწავლობს.
„მე-9-კლასელი შვილი ძალიან მონდომებულია, რომ გერმანიაში მიიღოს განათლება და სულ მეუბნებოდა ხოლმე, მე აუცილებლად დავბრუნდები, რომ ჩემი ცოდნა ქვეყანას მოვახმაროო. ამას პატარა ბავშვებიც კი კარგად ხვდებიან, მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ ყველა მხრიდან ჩაუხერგონ ბავშვებს გზა.
უნდა მივყვეთ ამათ დახაზულ რაღაც შაბლონს და იქეთ-აქეთ არ უნდა გავიხედოთ? კომუნისტების დროს რომ იყო, რაღაც ისეთ იერარქიას ქმნიან და ეს მაშფოთებს და მაშინებს კიდევაც“ – ამბობს თეა ბულია.
მისი თქმით, უნდობლობას იწვევს ის კომისია, რომელმაც რეფორმაზე იმუშავა.
„კალაძემ რანაირად უნდა გადამიწყვიტოს, სად უნდა ისწავლოს ჩემმა შვილმა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. მას ხომ ჰყავს შვილები ევროპულ სკოლაში? ჩემს შვილებსაც მინდა ჰქონდეთ არჩევანი. ჩვენ რატომ გვზღუდავენ?!
ფაქტია, რომ უნდათ ქვეყანა მოაქციონ იზოლაციაში. ფაქტია, რომ განათლების სისტემასაც ანგრევენ მიზანმიმართულად და ჩემი აზრით, ეს ცვლილებები ეროვნულ მიზნებს არ ემსახურება. ფიქრიც კი მიჭირს ამაზე, მაგრამ აუცილებელია პროტესტი და ხმამაღლა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება“ – ამბობს თეა ბულია.
ხატია მიმინოშვილს ოთხი შვილი ჰყავს და სხვა მშობლების მსგავსად, ისიც შეშფოთებულია იმ ცვლილებებით, რის დანერგვასაც „ოცნება“ განათლების სისტემაში აპირებს.

ხატია მიმინოშვილი
„უფროსმა სკოლა უკვე დაასრულა და სხვა ეტაპზეა გადასული, მეორე შვილი მე-12 კლასელია, მომდევნო შვილები კი მე-10 და მე-7 კლასში არიან.
ჩემს შვილებსაც აქვთ სურვილი, რომ სწავლა უცხოეთში გააგრძელონ. უფროსმა ბევრი ქვეყანა მოიარა, ბევრი რამ ნახა და ახლაც აქვს სურვილი, რომ საზღვარგარეთ ისწავლოს.
მე-12 კლასელი შვილი ამ ცვლილებების გამო ცოტა დაბნეულია, ვერ ხვდება რა ხდება.
ამ 13 წლის განმავლობაში არაერთი რეფორმის შესახებ გვესმოდა, თუმცა არცერთი არ შედგა. მხოლოდ განათლების მინისტრები იცვლებოდნენ და ახალი მინისტრების მოტანილი „რეფორმები“ თაროზეა შემოდებული.
ყაზახეთში თუ ყირგიზეთში დადიოდნენ ამ ბოლო დროს და ალბათ იქიდან თუ ჩამოგვიტანეს ეს „რეფორმა“. ამ წლების განმავლობაში ბავშვების სასიკეთო არაფერი გაკეთებულა. წლებია სასკოლო კვებას ვითხოვთ, გვპირდებოდნენ და არც ეს შეასრულეს.
ახლა კი უცებ ეს მოიფიქრეს და გადაწყვიტეს ხელ-ფეხი შეგვიკრან. ჩვენ შვილებს რომ მოუნდეთ ევროპაში სწავლა, რა ვქნათ, მთლიანად ოჯახი უნდა გადავბარგდეთ სადღაც საცხოვრებლად?
ერთი სიუჟეტი ვნახე განათლების მინისტრზე მიქანაძეზე, სახლიდან გამოდის და ჭიშკარზე მისი გვარი ქართულის გვერდით რუსულადაც ეწერა. რაზე უნდა ველაპარაკო ასეთ მინისტრს, რუსულად რომ უწერია გვარი ჭიშკარზე.
თუმცა თავიანთი შვილები კი ჰყავთ ევროპულ სკოლებში ან დაიზარდნენ უკვე და აღარ სჭირდებათ 12-წლიანი სკოლა და იციან, ეს პრობლემები მათ არ შეეხებათ“ – ამბობს ხატია მიმინოშვილი.
მისი თქმით, ევროპასთან დამაკავშირებელი კარები ფაქტობრივად მიხურულია და დარჩენილი ჭუჭრუტანის ამოქოლვაც აპირებენ.
„ზოგჯერ ვფიქრობ, სანამ ეს ჭუჭრუტანა მაინც არსებობს, ხომ არ გავაღწიო ქვეყნიდან მეთქი, მაგრამ მეორე მხრივ, იმაზეც ვფიქრობ, რომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე.
ამ თემაზეც ძალიან დიდ ხმაურს ველოდი, მაგრამ ისე დაღალეს საზოგადოება ამ გაუთავებელი აკრძალვებით და მოულოდნელობებით, რომ ხალხს მგრძნობელობა აქვს თითქოს დაბლაგვებული. ყოველ წუთს რაღაც იცვლება, რაღაც იკრძალება და ადამიანი ვეღარ ასწრებ რეაგირებას“ – ამბობს ხატია.
მისი თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, გამოსავალს მაინც ბრძოლაში და წინააღმდეგობაში ხედავს.
„ხმაურში და მოძრაობაშია, რა თქმა უნდა, გამოსავალი, არანაირად – პესიმიზმში.
მე 90-იანების ადამიანი ვარ, ეს რთული პერიოდი მაქვს გამოვლილი და ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი საშუალება გვაქვს იმის, რომ ყველგან ვიხმაუროთ, ყველა პლატფორმაზე.
„ჩვენ ვერაფერს შევცვლით“- ეს სიტყვები საერთოდ ყველამ უნდა დავივიწყოთ. ყველა ვიცით, რომ ყველაფერი არ შეგვიძლია, მაგრამ რაც შეგვიძლია, ყველამ ცოტ-ცოტა გავაკეთოთ. ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს დამაზიანებელი „რეფორმა“ არ იყოს განხორციელებული“ – ამბობს ხატია მიმინოშვილი.






