განათლება,მთავარი,სიახლეები

“წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან” – ლექტორების განცხადება „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

20.10.2025
“წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან” – ლექტორების განცხადება „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

დღეს, 20 ოქტომბერს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

ლექტორ-მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან მათი თანამონაწილეობის გარეშე, ნაჩქარევად შემუშავებული განათლების კონცეფციის განხორცილებას, რომელიც მათი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ვეხმიანებით უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას და მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არც ერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე, რადგან საუნივერსიტეტო რეფორმა არ არის პოლიტიკის რიგითი საკითხი.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ჩვენ გამოვიარეთ არაერთი ნაჩქარევი და ცუდად დაგეგმილი რეფორმა, ამიტომ აღარ გვაქვს ისეთი შეცდომების დაშვების უფლება, რომლებსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება ჩვენი მომავალი თაობებისათვის.

წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპებს.

ეწინააღმდეგება საქართველოში უმაღლესი განათლების კანონით გაცხადებულ მიზნებს, ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობას და თანასწორობას.

არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან. საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიური სივრცის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციასა და მონაწილეობას.

წარმოდგენილი კონცეფცია აგრეთვე ვერ აკმაყოფილებს საჯარო პოლიტიკის ფორმირების მინიმალურ მოთხოვნებს.

საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი მტკიცებულებები, კვლევები და ანალიზი, რომლებსაც ეს კონცეფცია ეყრდნობა. არ არის გაანალიზებული შესაძლო შედეგები, პოტენციური საფრთხეები თუ დაფინანსების წყაროები.

კონცეფცია შემუშავებულია გაუმჭვირვალედ.

არ არის ცნობილი პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლების, პროფესორებისა და სტუდენტების, განათლების ექსპერტების მონაწილეობის დეტალები.

კონცეფციაში უალტერნატივოდ არის წარმოდგენილი გამოწვევების გადაწყვეტის გზები,“- ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, პოლიტიკური კრიზისისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში, დახურულ კარს მიღმა შექმნილი დოკუმენტი ზღუდავს ქმედითი და კონსტრუქციული დისკუსიის შესაძლებლობებს.

იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება.

„მოვუწოდებთ აკადემიურ საზოგადოებას, ამ კრიტიკულ მომენტში ერთობლივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. გავხადოთ დისკუსია ღია და საჯარო მთელი საუნივერსიტეტო სივრცისთვის.

უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი. უნივერსიტეტების გარეშე უნივერსიტეტებზე გადაწყვეტილება არ მიიღება,“- ნათქვამია ლექტორ-მასწავლებლების განცხადებაში, რომელიც აქციაზე ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა რატიანმა წაიკითხა.

დღეს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისში დაგეგმილია სტუდენტების აქცია. სტუდენტები განათლების სამინისტროსთან  საგანმანათლებლო სფეროში დაანონსებულ ცვლილებებს გააპროტესტებენ.

დღესვე, საღამოს 20:00 საათზე, პირველი გიმნაზიის ეზოში, გაიმართება განათლების სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია.

_______________

ამავე თემაზე:

ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს – მანანა რატიანი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: