ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ გოჩა კახიძეს, მეტსახელად „ყურშას“, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეში ბრალდებული 4 პირი, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 სექტემბერს დასრულდა. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულების „საბოლოო სიტყვები“ მოისმინა.
- საუბარია 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, სადაც ერთდროულად 63 პირი დააკავეს. ბრალდებულებს შორისაა გოჩა კახიძე, მეტსახელად „ყურშა“. იგი ამ დრომდე ძებნილია. „მხოლოდ ის, რომ აღიარებს, ან ცნობილია „კანონიერი ქურდის“ სახელით, ეს არ არის საკმარისი,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულის, გოჩა კახიძის, იგივე „ყურშას“ ადვოკატმა, დავით კეკელიძემ წინა პროცესზე.
- ამ საქმეში ფიგურირებს ოჯახებს შორის ფინანსური დავა. პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთმა ოჯახმა, რომელსაც ფული ასაღები ჰქონდა, „ყურშას“ მიმართა. გაიმართა ე.წ. ქურდული გარჩევა. საქმის არსებითი განხილვის დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ლიანა ჯინჭარაძემ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
„უდანაშაულო ვარ,“ „ადვოკატის დასკვნით სიტყვას ვეთანხმები“, „არ მაქვს დანაშაული არაფერი“ – მოკლე და რამდენიმე ფრაზა გაისმა ბრალდებულებისგან, როცა მათ მოსამართლემ მიმართა, საბოლოო სიტყვის თქმა შეგიძლიათო.
საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ აღარ გასულა და თქვა, რომ მზად არის განაჩენი გამოაცხადოს.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 4 ბრალდებული მიიჩნია უდანაშაულოდ: ზვიად ბლადაძე [მას ედავებოდნენ ნარკოდანაშაულსაც, რის გამოც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა], ლევან მსხალაძე [ამ პირს გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებოდა, ანუ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ ყველაზე მძიმე ბრალდებას], ბექა ბოლქვაძე და გიორგი გორგილაძე.
„გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან“, – მოსამართლის ამ ფრაზას ბრალდებულების ახლობლებით გადავსებული დარბაზის ემოცია მოჰყვა.
„არანაირი ემოცია არ არის საჭირო,“ – მოსამართლემ მკაცრი ხმით ხალხის ემოციის შეჩერება სცადა, თუმცა დანარჩენი განაჩენების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება შეძახილების ფონზე მოუწია.
სასამართლომ ბრალდებულების – გიორგი კვანტალიანის [2 წლით თავისუფლების აღკვეთა] და მურმან ციკოლიას [1 წლით თავისუფლების აღკვეთა] საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა. ისინი შედარებით ნაკლები სიმძიმის მუხლებით გასამართლდნენ.
კვალიფიკაცია საქმეს არ შეუცვალეს და იმავე მუხლით გასამართლდნენ, რა მუხლითაც პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება: ამირან გოგოლაძე [3 წლით თავისუფლების აღკვეთა], გიორგი აბშილავა [2 წლით თავისუფლების აღკვეთა], ბესიკ ნიკოლაიშვილი [3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა], გიორგი ხარაზი [4 წლით თავისუფლების აღკვეთა].
___
ამ თემაზე:
„უნდა გამართლდეს“ – კიდევ რა უთხრა „ყურშას“ ადვოკატმა მოსამართლეს დასკვნით სიტყვაში






