„ფარცხალაძის ამბავი ზუსტად ამას აჩვენებს კარგად, რომ ჩვენ მარტო დემოკრატიის ან არაფორმალური მმართველობის პრობლემა კი არ გვაქვს – ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ხალხი სინამდვილეში არათუ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული არ არის, არამედ საქართველოსაც არ გამოხატავს – იგი არის გამომხატველი ოკუპანტის მითითებების,“ – ანა ნაცვლიშვილის დაკვირვებით, ოთარ ფარცხალაძის ამბავი – ყოფილი მთავარი პროკურორი უკრაინის წინააღმდეგ ომში რომ მიდის – აჩვენებს, როგორ მფარველობს „ოცნება“ რუსულ აგენტურას საქართველოში.
„ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ეს არის რუსეთის აგენტებისგან დაკომპლექტებული ძალა, რომელიც აქტიურად მფარველობს ამ აგენტებს, აქტიურად იყენებს სახელმწიფო რესურსს აგენტების მფარველობისთვის და როდესაც მათი მხილება ხდება, მაშინაც კი არ ერიდება სახელმწიფო მექანიზმების ბოროტად გამოყენებას, რომ ეს აგენტები მშვიდობიანად გაუშვას საქართველოდან.
ფაქტების მთელი წყებაა, რაც ადასტურებს, ფარცხალაძის დანაშაულებრივ საქმიანობას სახელმწიფო უწყებები და პოლიტიკური კლასი როგორ მფარველობდა. გასაგებია, რატომ აძლევდნენ მას ამ გარანტიებს – იმიტომ, რომ მას განეხორციელებინა საქართველოში თავისი რუსული საქმე…
ფარცხალაძე გავიდა ქვეყნიდან – ახლა მას შემდგომი როლები აქვს, რომელიც საქართველოს გარეთ უნდა შეასრულოს, მაგრამ ვინ არის ის ხალხი, ვინც მან დატოვა? ვინც მისი მითითებებით მუშაობს საქართველოში და აგრძელებს მოქმედებას?“ – კითხვები აქვს „ოცნების“ მთავრობასთან ანა ნაცვლიშვილს.
„ბათუმელებმა“ ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უფლებადამცველია და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.
- ქალბატონო ანა, ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის. რუსეთის პროსახელისუფლებო სააგენტო „ტასის“ ცნობით, იგი მოხალისეთა დანაყოფს „გეორგიევსკის“ უხელმძღვანელებს. რას ამბობს ეს ამბავი თქვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?
შეიძლება ითქვას, რომ არ გამკვირვებია: ფარცხალაძე საკმაოდ დიდი ხანია მხილებულია რუსეთის მხარეს ყოფნაში. ამერიკული სანქციები, რომელიც ფარცხალაძეს, როგორც ინდივიდს დაეკისრა, იყო სწორედ იმ პირების და ორგანიზაციების მიმართ დაკისრებული სანქციების ჯგუფი, რომელიც ომის კონტექსტში დააწესა ამერიკის ადმინისტრაციამ.
ამიტომაც, დიდი ხანია მხილებულია ფარცხალაძე: ის არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გამტარი და, მათ შორის, ატარებდა ამ ინტერესებს საქართველოში – საქართველოს საზიანოდ. ის ამის გამო დაასანქცირეს.
ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის აგენტებისგან დაკომპლექტებული ძალაა, რომელიც აქტიურად მფარველობს ამ აგენტებს, აქტიურად იყენებს სახელმწიფო რესურსს აგენტების მფარველობისთვის, მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის და როდესაც მათი მხილება ხდება, მაშინაც კი არ ერიდება სახელმწიფო მექანიზმების ბოროტად გამოყენებას, რომ ეს აგენტები მშვიდობიანად გაუშვას საქართველოდან.

ანა ნაცვლიშვილი
ომი არ არის მხოლოდ საბრძოლო მოქმედებები – აქ არის ომის მანქანის ფინანსური მომარაგება, საინფორმაციო უზრუნველყოფა, გავლენების უზრუნველყოფა. ამ ყველაფერში ოთარ ფარცხალაძის ჩართულობის გამო დაასანქცირა იგი შეერთებულმა შტატებმა. დღეს უკვე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაც გაჟღერდა საჯარო პროსახელისუფლებო წყაროთი.
გასაგებია, რომ არსებობს ასეთი ფიგურა, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული და კრიმინალური აწმყო, რომელიც ღიად მოქმედებს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებით, მაგრამ ამ შემთხვევაში რას აკეთებს ქართული სახელმწიფო? აქ არის რამდენიმე ფუნდამენტური კითხვა დასასმელი.
შეკითხვებს დღევანდელ კონტექსტში, რა თქმა უნდა, რიტორიკული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მათ აქვთ ასევე სამართლებრივი დატვირთვა. პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა: ჩვენ გვახსოვს, რომ ეს კაცი იყო საქართველოს მთავარი პროკურორი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელსაც, მათ შორის, აქვს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, აქვს წვდომა ძალიან ფართო მასშტაბის ინფორმაციაზე და მსგავსი წვდომა ძალიან ცოტა პირს აქვს კანონმდებლობით. საიდან მოვიდა ეს ადამიანი საქართველოს სახელმწიფო სისტემაში?
მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი. აი, ახლა საქართველო რომ იყოს სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს უსაფრთხოების სამსახურები, დაკითხვაზე უნდა იჯდეს ერთიც და მეორეც. წულუკიანი უნდა სცემდეს პასუხს კითხვაზე: საიდან მოუვიდა თავში აზრად, რომ ეს ადამიანი წარედგინა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე?
ოთარ ფარცხალაძე პროფესიულ წრეებში არანაირად ცნობილი არ იყო. რა დამსახურებისთვის, რა შემოწმების შედეგად მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, როცა ამ მასშტაბის ნდობა გამოუცხადა პირს, როცა ანდო ამხელა უფლებამოსილება და ამხელა ინფორმაციაზე წვდომა. წულუკიანმა უნდა უპასუხოს შეკითხვას: ვისი რეკომენდაციით, როგორ გაუხსნა გზა ფარცხალაძეს მთავარი პროკურორობისკენ. იგივე შეკითხვას უნდა უპასუხოს ბიძინა ივანიშვილმა. ეს უნდა გახდეს გამოძიების საგანი.
თუ წულუკიანი იტყვის, რომ არ ვიცოდი და არ ვიცნობდიო, ეს მისი პასუხისმგებლობაა: ამხელა თანამდებობაზე წარადგინა პირი ისე, რომ შემოწმებული, გამოკვლეული და შესწავლილი არ ჰყავდა?
- რომელიც აღმოჩნდა, რომ ნასამართლევი იყო „ბოტასების ქურდობის საქმეზე“.
როცა გადააყენეს ფარცხალაძე, მაშინ არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ რესურსი – ალბათ არც სურვილი – საჯაროდ რეპუტაციაშელახული ადამიანი შეენარჩუნებინა, თუმცა ვნახეთ, რომ მას გავლენები დარჩა ივანიშვილის კარზე და პროკურატურის სისტემაშიც.
პროკურატურა არის დახურული უწყება, რომელსაც აქვს წვდომა ძალიან სენსიტიურ ინფორმაციებზე, რომლითაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს, კონკრეტულ პირებს, პოლიტიკურ-დემოკრატიულ პროცესებს. მთავარი პროკურორის თანამდებობა და წვდომა არის აქ მთავარი პრობლემა.
რა თქმა უნდა, შეეცდებიან, ხელები დაიბანონ და თქვან: ფარცხალაძე და ჩვენ ვართ სხვადასხვა, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება აქტიურად მფარველობდა ფარცხალაძეს.
გვახსოვს, რომ მისი სახელი და გვარი გაჟღერდა რამდენიმე დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის, იყო სარდაფში სპორტის მინისტრის ცემის ფაქტი. ასევე, რაც დანამდვილებით მთელმა საქართველომ ნახა და იყო კამერებზე აღბეჭდილი: როგორ სცემა მან გენერალურ აუდიტორს 2017 წელს. სცემა იმიტომ, რომ აუდიტორმა კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციები სწორად განახორციელა – გამოავლინა ფარცხალაძის საქმიანობა. ამაზე ჩვენ არ გვინახავს საქართველოს სახელმწიფო უწყებების ადეკვატური რეაგირება.
- კიდევ რა ადასტურებს ივანიშვილის ფარცხალაძესთან, როგორც რუსეთის აგენტთან მოკავშირეობას და იმას, რომ „ოცნება“ მას მფარველობდა?
როდესაც ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირეს, ეს იყო ყველაზე უფრო საგანგაშო ინფორმაცია: როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინფორმირებული და მაღალი შესაძლებლობების მქონე პარტნიორი სახელმწიფოს – აშშ-ს უსაფრთხოების სამსახური გეუბნება, რომ აი, ასეთი მოცემულობა გაქვს, დიდი მადლობა უნდა გადაუხადო და მაქსიმალურად გააკეთო – გამოიძიო ბოლომდე ეს ამბავი და შენი სახელმწიფო დაიცვა. ამ დროს ჩვენ რა ვნახეთ? – მორიგ ჯერზეც „ოცნება“, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუსი, პარლამენტი გაისუსნენ. მერე რაღაც ორი სიტყვა თქვეს, რაღაცას შევისწავლითო და ამერიკისგან იქით ითხოვდნენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, გეგონება, აგენტის ბილეთი უნდა დაედოთ, რომ ამათ აგენტობა დაეჯერებინათ.
- ეროვნული ბანკიც ჩართო ივანიშვილმა ფარცხალაძის დასაცავად: 2023 წლის სექტემბერში ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა – საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო ფინანსური სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხებათ, თუ მათ მიმართ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იარსებებს.
ეს არის ქრესტომათიული მაგალითი, რომ კონკრეტული ადამიანისთვის, რომელიც უმძიმეს დანაშაულში იქნა მხილებული და სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველ პირად გამოცხადდა პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან – თანაც, საუბარია პარტნიორზე, რომელიც ჰაერზე არ ისვრის სიტყვებს და აქვს ძალიან დიდ ინფორმაციაზე წვდომა მსოფლიო მასშტაბით – ასეთმა სახელმწიფომ თქვა, რომ ეს კაცი საქართველოს სახელმწიფოსთვის საფრთხეა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმის მაგივრად, რომ შეესწავლათ და გამოეძიებინათ – თუნდაც უარეყოთ ეს ამბავი დადასტურებული გამოძიებით – გაისუსნენ.
მისცეს დრო გასულიყო საქართველოდან უსაფრთხოდ და გასულიყო მთელი თავისი ფინანსური რესურსების განკარგვით.
დიახ, მაშინ ეროვნულმა ბანკმა რეგულაცია შეცვალა კონკრეტულად ამ ადამიანისთვის და ეს ყველასთვის გასაგები იყო. მაშინ დაიწყეს კიდეც რაღაც კამპანია, რომ „საქართველოს მოქალაქეს“ იცავდნენ თითქოს.
ასე რომ, აქ ფაქტების მთელი წყებაა, რაც ადასტურებს, ფარცხალაძის დანაშაულებრივ საქმიანობას სახელმწიფო უწყებები და პოლიტიკური კლასი როგორ მფარველობდა. გასაგებია, რატომ აძლევდნენ მას ამ გარანტიებს – იმიტომ რომ მას განეხორციელებინა საქართველოში თავისი რუსული საქმე.
- პირდაპირ ჩანს თქვენთვის განზრახვა, რომ ივანიშვილი და „ოცნება“ რუსეთის აგენტურას უწყობდა ხელს?
ნამდვილად. მათ ხელი შეუწყვეს ფარცხალაძეს მას შემდეგაც კი, როცა მოხდა მისი მხილება – დასანქცირებას ვგულისხმობ. „ოცნებამ“ სახელმწიფო რესურსის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებით, აქტიურად შეუწყო ხელი აგენტ ფარცხალაძეს.
ბოლოს, როგორც ვიცი, ურთიერთობა დაიძაბა თუ გაფუჭდა, ივანიშვილს და ფარცხალაძეს შორის. ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ რაღაცები აირია ივანიშვილის კარზე, მათ შორის, ფარცხალაძესთან მიმართებაშიც. ახლა იმიტომ აძლევს თავს უფლებას ზოგიერთი გაყოყოჩებული ყურშა, რომელიც ივანიშვილის გარეშე ორ სიტყვას ვერ გაბედავს და ვერ იტყვის, რომ ვითომ აკრიტიკებს ფარცხალაძეს.
არ იყო ბევრი ადამიანი, რომელიც ღიად საუბრობდა თავიდანვე ამ ყველაფერზე და ხვდებოდა, საით მიდიოდა ეს პროცესი. მე შემიძლია ვთქვა, რომ უმცირესობაში ვიყავი და ამას ნათლად ვხედავდი: როდესაც სახელმწიფო არ იმართება დაწერილი კანონებით და იმართება სადღაც სიბნელეში დაწერილი სცენარებით, პროცესი აუცილებლად მივა იმ განვითარებამდე, რა განვითარებამდეც მივიდა.
ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნიშანი არაფორმალური მმართველობის „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ აი, კაცი არსაიდან უცებ ამხელა თანამდებობაზე მოვიდა. მერე კი წავიდა, მაგრამ სინამდვილეში თავისი კუდები დატოვა. აქტიურად ვხედავდით მას. სხვადასხვა პროცესში ჟღერდებოდა მისი სახელი და გვარი და არაფერზე რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუციებს არ ჰქონიათ. ეს აჩვენებს იმას, რომ ინფილტრაციის ხარისხი რუსული სპეცსამსახურების და რუსული გავლენებისა ძალიან მაღალია.
გამოდის, რომ ივანიშვილის რუსული კუდი ჯერ კიდევ 2013 წელს გამოჩნდა – რამხელა თანამდებობაზე მიეცა წვდომა რუსეთის გავლენის აგენტს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ახლა კი არ შეიცვალა ბიძინამ ფერი და გადავიდა რუსეთის მხარეს, უბრალოდ, ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გახდა იმდენად ნათელი, რომ ოდნავ სინდისი თუ აქვს ადამიანს და ანალიტიკური უნარები, ძალიან რთულია იმის უარყოფა, რომ ეს ყველაფერი არის რუსული.
- დღეს რამდენად გრძელდება ფარცხალაძესთან „ოცნების“ მოკავშირეობა? ფარცხალაძის საბრძოლო დანაყოფს „გეორგიევსკი“ ჰქვია, ირაკლი კობახიძე ცოტა ხნის წინ პოზიტიურად საუბრობდა „გეორგიევკის ტრაქტატზე“.
ეს შემთხვევითი ვერ იქნება. ეს არის ძალიან თავხედური გზავნილი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ფარცხალაძის როლი აქ არ იწურება და არსებობს სცენარები, რა უნდა გააკეთოს მან, რა როლი უნდა ჰქონდეს მომავალში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიგონებთ მის სახელს. რა თქმა უნდა, ეს სცენარები მოსკოვშია დაწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დღეს ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მასშტაბის დემოკრატიის კრიზისს, უპრეცედენტო მასშტაბის ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის შელახვის ძალიან მძიმე სიტუაციას, მთავარი პრობლემა მე დღეს არ მგონია დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში – ეს არის თანმდევი შედეგი.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს საქართველოს აქვს წართმეული სუვერენიტეტი. შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელიც არის ტირანი, მაგრამ ის თვითონ იღებდეს გადაწყვეტილებებს სუვერენულად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ არის ნაკლები დანაშაული – ძალიან მძიმე დანაშაულია, მაგრამ ეს არის ერთი ტიპის პრობლემა. ჩვენ ვცხოვრობთ პრობლემაში, როდესაც სწორედ იმიტომ დაიწყო ხელისუფლებამ ღია რეპრესიები და სისასტიკეები ადამიანების წინააღმდეგ, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის საოკუპაციო რეჟიმი და ამ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ აიმაღლა ხმა.
ფარცხალაძის ამბავი ამას კარგად აჩვენებს – ჩვენ მარტო დემოკრატიის ან არაფორმალური მმართველობის პრობლემა კი არ გვაქვს – ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ხალხი სინამდვილეში არათუ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული არ არის, არამედ საქართველოსაც არ გამოხატავს. იგი ოკუპანტის მითითებების გამომხატველია.
ერთ დღეში და ერთ ღამეში არ ხდება ასეთი პროცესები – ხდება სწორედ ათწლეულებზე გაწერილი გეგმით: ვინ, როდის, სად,რომელი ფიგურა, სად უნდა გადაადგილდეს საჭადრაკო დაფაზე, რომ საბოლოო შედეგი დადგეს.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ შევინარჩუნოთ სიფხიზლე ამ ტიპის მოვლენების მიმართ და არ მივიღოთ ეს, როგორც ერთი ჩვეულებრივი, ბანალური ისტორია. არ არის ეს ბანალური ისტორია, ეს ისტორია კარგად გამოძიებას საჭიროებს და ეს ისტორია არ უნდა მივცეთ დავიწყებას.
ფარცხალაძეს ჰქონდა გავლენების ქსელი. ქსელი ვერ იქნება ერთი და ორი ადამიანი. ფარცხალაძე გავიდა ქვეყნიდან, ახლა მას შემდგომი როლები აქვს, რომელიც საქართველოს გარეთ უნდა შეასრულოს, მაგრამ ვინ არის ის ხალხი, ვინც მან დატოვა? ვინც მისი მითითებებით მუშაობს საქართველოში და აგრძელებს მოქმედებას?






